Credit Suisse-მა 2022 წელი $8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა

Credit Suisse-მა 2022 წელი $8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა

წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა გასული წელი რეკორდული $8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია, უშუალოდ IV კვარტალი კი $1.5 მილიარდის ზარალით დაიხურა.

უაღრესად არასახარბიელო ფინანსური შედეგები “რესტრუქტურიზაციის რადიკალური” სტრატეგიითა და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ბანკის უმსხვილესი კლიენტები ანგარიშებს ხურავენ და Credit Suisse-იდან აქტივების გატანას უჩვეულოდ მაღალი ტემპით ცდილობენ.

მოგეხსენებათ, Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია, რომელიც 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და სამ მილიონამდე კლიენტს ემსახურება. ბანკს უდიდესი მნიშვნელობა აქვს შვეიცარიის ეკონომიკისთვის, რადგან ის ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციაა, UBS-ის შემდეგ.

ხუთწლიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ღირებულება 80%-ითაა შემცირებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად $13 მილიარდს შეადგენს, ნაცვლად 2007 წელს დაფიქსირებული $87 მილიარდისა.