ამბიციური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის თანამშრომლების შერჩევა მუდმივი გამოწვევაა. Airbnb-მ თავისი მიდგომით ქაოსი დაამარცხა.
2005 წელს კოლეჯის დამთავრების შემდეგ, გრაფიკულმა დიზაინერმა ჯო გებიამ სამსახურის ძიებაში აშშ-ის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო შემოიარა. აშკარა ნიჭიერების მიუხედავად, მისი აყვანა არავის სურდა.
ამჟამად 34 წლის გებია Airbnb-ის თანადამფუძნებლობით ცნობილი მილიარდერია. “გაზიარების ეკონომიკის” სიმბოლოდ ქცეული Airbnb-ი, რომლის შეფასებაც გასაოცარ $20 მილიარდს აღწევს, მალე ახალ ინვესტიციებს მოიზიდავს. თავად გებია კი უკვე რამდენიმე წელია, საკუთარ კომპანიაში თანამშრომლების აყვანის მიდგომებზე მუშაობს.
წინა კვარტალში Airbnb-მ 300 სამუშაო ადგილზე 500,000 განაცხადი მიიღო. როდესაც ბიზნესი ასეთი ტემპით ფართოვდება, რთულია, შეინარჩუნო მისი მცირე კოლექტივის ეფექტიანობა. (საიტ Glassdoor.com-ზე, სადაც ადამიანები სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას აღწერენ, შეიძლება იპოვოთ Airbnb-ში დასაქმების უკმაყოფილო მსურველის ჩანაწერი: ის იხსენებს “არაორგანიზებული” Skype-ინტერვიუების სერიას, რომლის დროსაც “არავის ერთხელაც არ შეუხედავს ჩემი რეზიუმესთვის”). კომპანიის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის გადასაფარად მაღალი ხელფასები და ხელგაშლილი პრემიები ხდება საჭირო.
გებიამ Airbnb-ის HR-ის სუსტ მხარეებზე წუხილი ჯერ კიდევ 2011-ში დაიწყო, როდესაც Airbnb-ის თანამშრომლების რიცხვი 50-დან 500-ზე ავარდა. გასაუბრებები ვერ ტარდებოდა დაგეგმილ დროს. და როდესაც ბოლოს და ბოლოს ტარდებოდა, ძლიერი კანდიდატები კვირების განმავლობაში გაურკვევლობაში რჩებოდნენ. კანდიდატები იმდენად გაღიზიანებულები იყვნენ, რომ როდესაც Airbnb-ი სამსახურის შეთავაზების ეტაპამდე მივიდა, მხოლოდ 50-60%-მა თქვა “კი”. (კომპანიების უმეტესობას გათვლა მინიმუმ 75%-ზე აქვს).
მდგომარეობის საპასუხოდ, გებიამ დროულობის, სიცხადისა და თავაზიანობის “ძველმოდური” ფასეულობების დამკვიდრება დაიწყო. “ყველაფერი, რაც Airbnb-ში ხდება, მეგობრის სახლში სტუმრობას ჰგავს, – ამბობს ჯო. – ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეგრძნებებს უტოვებს ადამიანებს ჩვენთან თანამშრომლობის თითოეული ეტაპი”.
შეიარეთ Airbnb-ის დიდი, ღია სამუშაო სივრცის დასაქმების კუთხეში და პირველი, რასაც ნახავთ, სამმეტრიანი დაფაა, დასაქმების ათი საკვანძო ეტაპის აღმწერი ილუსტრაციებით. (Airbnb-ის დამფუძნებელთაგან ორმა როდ-აილენდის დიზაინის სკოლა დაამთავრა, ასე რომ უოლტ დისნეის სტილში დასურათებას აქ ისეთივე მონდომებით ეკიდებიან, როგორითაც მენეჯმენტის კონსულტანტები — PowerPoint პრეზენტაციებს). ყოველი ეტაპის ილუსტრაციაზე ასახულია ძირითადი მოქმედებები და მიწერილია რამდენიმე სიტყვა კანდიდატის სასურველი განწყობის შესახებ. ჭარბობს ისეთი ცნებები, როგორიცაა “მზადყოფნა” და “სიყვარულის გრძნობა”.
Airbnb-ის ინტერვიუერებს აღარ შეუძლიათ ინტერვიუს შემდეგ კანდიდატის განხილვის რამდენიმე კვირით გადადება. მოთხოვნა ორ-სამ დღეში კარგად გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაა. საქმეში გამამხნევებელი დამოკიდებულებაც ერთვება. Airbnb-ი ამჟამად ყოველ კანდიდატს დასაქმების კოორდინატორს უჩენს: კარგი ანაზღაურების მქონე, მეგობრული თანამშრომელი უზრუნველყოფს ყველა წვრილმანის, თუნდაც მანქანის გაჩერების ინსტრუქციების, სასურველი ფორმით შეტყობინებას.
ტურიზმის მენეჯერი მეთ ზისკი ერთ-ერთია, ვინც Airbnb-ის ყურადღებიანი მიდგომით მოიხიბლა. ზისკის კარგად დაამახსოვრდა, როგორ შესთავაზეს ჭიქა წყალი საკვანძო ინტერვიუს წინ. ის კომპანიაში რამდენიმე თვის წინ დასაქმდა. თუმცა ყველა ჟესტს შედეგი არ მოაქვს. დასაქმების მენეჯერი ლორა თერჰეიდენი იხსენებს, როგორ გაუგზავნა ერთვარსკვლავიან ინჟინერს Airbnb-ის სპეციალური დიზაინით შექმნილი კომბინეზონი მისი ჩვილისთვის. “საპასუხოდ მივიღე საყვარელი მადლობის წერილი, მაგრამ მან სხვაგან მუშაობა არჩია”, — ნაღვლიანად იხსენებს თერჰეიდენი.
Airbnb-ის დასაქმების უფროსის, ჯილ რიოპელეს თქმით, ილუსტრაციები დაფაზე ხაზს უსვამს ცოცხლად მოქმედების მნიშვნელობას. Airbnb-ის სამსახურის შეთავაზებების მიღების მაჩვენებელი 80%-მდე ავიდა, რაც კომპანიას Twitter-ისა და Uber-ის დონის კონკურენტებთან “ჭიდაობის” საშუალებას აძლევს.