დასავლური სანქციები რუსული კომპანიების 86%-ზე მეტს შეეხო

დასავლური სანქციები რუსული კომპანიების 86%-ზე მეტს შეეხო

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო ქვეყნისთვის დაწესებული სანქციები რუსული კომპანიების 86%-ს ფუნქციონირებაში ხელს უშლის, – ამ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“, ქვეყნის ბიზნესომბუდსმენის, ბორის ტიტოვის ანგარიშის საფუძველზე ავრცელებს.

„გამოკითხულ მეწარმეთა 86.8% აცხადებს, რომ სანქციებმა მათ საქმიანობაზე იმოქმედა, გამოკითხულთა 77.4% კი მიიჩნევს, რომ სანქციებთან ადაპტირება შეძლო ან ფიქრობს, რომ მომავალში შეძლებს, ხოლო 11.7% – სანქციების ფონზე ბიზნესსაქმიანობას დროებით აჩერებს ან სამუდამოდ წყვეტს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც ბორის ტიტოვის ანგარიშიდან ირკვევა, დასავლური სანქციები რუსეთის ბიზნესსუბიექტების საკმაოდ დიდ ნაწილს შეეხო: გამოკითხულთა 67.1% ეკონომიკური დაღმავლობის ნიშნებს გრძნობს – მათ თითქმის მესამედს შემოსავალი შეუმცირდა, ხოლო 7.1% საფუძვლიან კრიზისში აღმოჩნდა. გამოკითხულთა მხოლოდ 10.4% მიიჩნევს, რომ მათი ბიზნესი სტაბილურია ან იზრდება.

ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ სანქციებით გამოწვეული წნეხის შესამცირებლად რუსეთის მთავრობა არასაკმარის ნაბიჯებს დგამს. საერთო ჯამში, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ შემუშავებულ კვლევაში მონაწილეობა რუსეთის 85 რეგიონში რეგისტრირებულმა 6003-მა კომპანიამ მიიღო.

„კრიზისი დადგა და ის ვითარდება. მონიტორინგი ცალსახად ცხადყოფს, რომ მთავრობის რეაქციას მიმდინარე მოვლენებზე ბიზნესების უმრავლესობა არასაკმარისად მიიჩნევს. ამ პრობლემების გადალახვა მხოლოდ კარდინალური რეფორმებითა და ქვეყნის განვითარების მოდელის შეცვლით შეიძლება“, – აღნიშნავს რუსეთის ფედერაციის ბიზნესომბუდსმენი, ბორის ტიტოვი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *