დავით კვიციანი Forbes-ის 30Under30-ის ევროპის სიაში მოხვდა

დავით კვიციანი Forbes-ის 30Under30-ის ევროპის სიაში მოხვდა

ქართველი ანტრეპრენიორი, CNICK-ის თანადამფუძნებელი, დავით კვიციანი Forbes-ის 30Under30-ის ევროპის 2025 წლის სიაში მოხვდა. გამოცემამ ის ხელოვნებისა და კულტურის კატეგორიის გამარჯვებულებს შორის დაასახელა.

„დავით კვიციანმა ანტრეპრენიორული მოგზაურობა უნივერსიტეტში დაიწყო, როდესაც 3D ბეჭდვის სერვისი შექმნა. ამ გამოცდილებამ შთააგონა ჭკვიანი ბეჭდის იდეა, რომლის განვითარებაც თანაკურსელებთან ერთად სტარტაპად, სახელად CNICK დაიწყო. გარე დაფინანსების გარეშე, კვიციანმა და სტარტაპის თანადამფუძნებელმა შეძლეს CNICK-ის მოგებიან კომპანიად ქცევა, რომელიც წლიურად 3.3 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს იღებს და მსოფლიო მასშტაბით 80,000 აქტიურ მომხმარებელს ემსახურება“, – ვკითხულობთ ამერიკული Forbes-ის ვებგვერდზე.

CNICK-ის ბეჭდები სერტიფიცირებულია Visa-სა და Mastercard-ის მიერ და მომხმარებელს უკონტაქტო გადახდების შესაძლებლობას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ის არ საჭიროებს დატენას. კომპანია პირველი იყო ბაზარზე, რომელმაც წარადგინა ჭკვიანი ბეჭედი ავტომობილის გასაღების ფუნქციით — ეს ფუნქცია ავტომობილზე უსაფრთხო წვდომას უზრუნველყოფს და, ამავდროულად, გადახდების განხორციელების საშუალებასაც იძლევა.

აღსანიშნავია, რომ CNICK-ი 2025 წელს 5.5 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს პროგნოზირებს.

შეგახსენებთ, CNICK-ის თანადამფუძნებელი, დავით კვიციანი 2018 წელს Forbes Georgia-ს პროექტ 30Under30-ის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში ანტრეპრენიორები და მეწარმეები.

აქვე გეტყვით, რომ Forbes Georgia-ს პროექტი „30-წლამდელთა სია 2025“ დაიწყო. შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს – გახდით გამორჩეული საზოგადოების წევრი.