Deadpool & Wolverine-ი ზედიზედ უკვე მესამე კვირაა მსოფლიო კინოგაქირავების ლიდერია. Inside Out 2-ის შემდეგ, Marvel-ის კინოსურათი მიმდინარე წლის მეორე ფილმი გახდა, რომლის შემოსავალმაც სალაროებში $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა.
Variety-ის მონაცემებით, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში Deadpool-მა მესამე კვირაში $54.2 მილიონი გამოიმუშავა. ხოლო გლობალურ სალაროებში კინოსურათის შემოსავალმა $1.029 მილიარდს მიაღწია. გარდა ამისა, Deadpool & Wolverine-ი ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ მეოთხე ფილმია, რომლის შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა. გასულ წელს მსგავსი მაჩვენებელი Barbie-იმ, პრემიერიდან პირველ 17 დღეში და The Super Mario Bros. Movie-იმ 26 დღეში დააფიქსირა. შეგახსენებთ, Deadpool-ის მესამე ნაწილის პრემიერა 25 ივლისს შედგა.
Deadpool & Wolverine-ს ეკუთვნის მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერის ტიტულიც. დებიუტის დღეს, ფილმმა, ბილეთების გაყიდვით გლობალურად $438 მილიონი შეაგროვა. უნდა აღინიშნოს, რომ რაიან რეინოლდსის მონაწილეობით გადაღებულ რიგით მესამე ფილმის დებიუტი მის წინამორბედებთან შედარებით ყველაზე შემოსავლიანიცაა: Deadpool-ი ($132.4 მილიონი) და Deadpool 2 ($125.5 მილიონი).
დებიუტით, Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს ისტორიაში Deadpool-ის მესამე ნაწილი Avengers: Endgame-ის შემდეგ ყველაზე შემოსავლიანი პრემიერაც გახდა.
ბოლო კვირის მონაცემებით, აშშ-ის სალაროებში მეორე ადგილზე $50-მილიონიანი შემოსავლით It Ends With Us-ია, რომელსაც მოჰყვება Twisters-ი და Borderlands-ი შესაბამისად, $15.4 მილიონითა და $8.8 მილიონით.