აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისისა და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიები გამორჩეული იმითაც არის, რომ, გარდა პოლიტიკური საკითხებისა, მხარეები ერთმანეთს კამპანიების დასაფინანსებელი თანხების მოზიდვაში ეჯიბრებიან. კანდიდატებს შორის ბოლო დებატებიდან 24 საათში კამალა ჰარისმა დამატებით $47 მილიონი მოიზიდა და ამით რესპუბლიკელებთან ფინანსურ რბოლაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში დემოკრატებმა შემომწირველებისგან $361 მილიონი მიიღეს, რაც თითქმის სამჯერ აღემატება რესპუბლიკელების მიერ მოზიდულ ფინანსებს. ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთლიანობაში 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის 31 ივლისამდე ბაიდენ-ჰარისის კამპანიამ $516.8 მილიონი, ტრამპმა კი $268.5 მილიონი მიიღო.
საგულისხმოა, რომ დემოკრატების მიერ მიღებული შემოწირულებები საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო რბოლას ბაიდენის ნაცვლად კამალა ჰარისი შეუერთდა. შედარებისათვის, ტრამპთან ბაიდენის მეტოქეობისას, მათ მიერ მოზიდული ფინანსები შესაბამისად შემდეგნაირად გამოიყურებოდა: $217 მლნ – $284 მლნ. თუმცა ივლისში კამპანიაში ჰარისის ჩართვის შემდეგ ის $204.5 მილიონით დააფინანსეს. ტრამპის კამპანიის შემოწირულებამ კი ივლისში მხოლოდ $47.5 მილიონი შეადგინა.
ჰარისის კამპანიის დაფინანსების ტემპი მის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენამაც გაზარდა. ტიმ ვოლზის კანდიდატურის წარდგენიდან 24 საათში მათმა კამპანიამ დამატებით $36 მილიონი მიიღო.
საინტერესოა, რომ მაისში ტრამპისათვის 34 ბრალდების მოხსნის შემდეგ, მან 24 საათში $52.8 მილიონი მოიზიდა. თუმცა აღნიშნული რეკორდი ჰარისის წარდგენიდან 24 საათში მოიხსნა, როდესაც დემოკრატების კამპანიამ $81 მილიონი მიიღო. საერთო ჯამში, ბაიდენის კანდიდატურის ჩახსნის შემდეგ დემოკრატებმა შემოწირულების სახით $615 მილიონი მიიღეს.