დიანა ფონ ფურსტენბერგის მეტამორფოზა

დიანა ფონ ფურსტენბერგის მეტამორფოზა

ახალ მემუარებში “ქალი, რომელიც მინდოდა, გავმხდარიყავი” დიანა ფონ ფურსტენბერგი დაწვრილებით აღწერს თავის გასაოცარ ცხოვრებას – პრინცზე ზღაპრული ქორწინებით დაწყებული და მისი საკულტო კაბით დამთავრებული.

მიუხედავად ძალზე წარმატებული კარიერისა, 67 წლის დიანა ფონ ფურსტენბერგი თავის მემუარებში მხოლოდ მოდის შესახებ როდი საუბრობს. წიგნში უხვად არის როგორც ბიზნესის სფეროს, ასევე ცხოვრებისეული რჩევები. მისი მემუარები არის ნიუ-იორკის, სიყვარულისა და ოჯახისადმი მიძღვნილი ოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გახდეთ ისეთი ქალი, როგორიც გსურთ, იყოთ. დიანა ფონ ფურსტენბერგის აზრით, ასეთი ქალი არის დამოუკიდებელი, ძლიერი და ალბათ ცოტათი ჯიუტიც. ეს არის ქალი, რომელიც ყოველთვის წინ იხედება, ადვილად ერგება ცვლილებებს და ამავდროულად სიყვარულითა და ვნებით არის აღსავსე. ბუნებრივია, რომ მისი ცხოვრების დევიზი ასე ჟღერს: “ცხოვრება არის სიყვარული არის ცხოვრება”.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დიანას უამრავი სასიყვარულო თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, – მის გარდაცვლილ პირველ ქმართან, პრინც ედვარდ ეგონ ფონ ფურსტენბერგთან, დიდი ხნის საყვარელ და ამჟამად უკვე ქმარ ბარი დილერთან და ასევე რიჩარდ გირთან (თუმცა ეს ხანმოკლე რომანი იყო) – წიგნის ყველაზე გულის ამაჩუყებელი ნაწილი ეძღვნება დიანას გარდაცვლილ დედას – ლილის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა და თავის ქალიშვილს ბევრი რამ ასწავლა ცხოვრების შესახებ.

“ღმერთმა სიკვდილს გადამარჩინა, რომ შენთვის სიცოცხლე მეჩუქებინა”, – მის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები ყოველდღე ჩამესმის ყურში, – წერს დიანა ფონ ფურსტენბერგი დედისადმი მიძღვნილ თავში. – ვგრძნობ, რომ ჩემი მოვალეობაა დედის მიერ გამოვლილი ტანჯვის კომპენსირება, სავსე ცხოვრებით ცხოვრება და თავისუფლებით ტკბობა. ჩემი დაბადება მისი ტრიუმფი იყო. დედა არ უნდა გადარჩენილიყო და მეც არ უნდა დავბადებულიყავი. ჩვენ მათ დავუმტკიცეთ, რომ ისინი ცდებოდნენ. დედამ და მე გავიმარჯვეთ იმ დღეს, როდესაც მე ამ ქვეყანას მოვევლინე”.

და იმ დღიდან მოყოლებული დიანა ფონ ფურსტენბერგი მუდამ იმარჯვებს. დიანა ბელგიაში დაიბადა და საკმაოდ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა. მისი ბავშვობა სავსე იყო ეგზოტიკური მოგზაურობებით. დიანამ განათლება ევროპის საუკეთესო სკოლა-პანსიონებში მიიღო. იგი ხშირად დადიოდა გლამურულ წვეულებებზე თავის სკოლის მეგობრებთან ერთად და სწორედ ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, შეხვდა ეგონს. მათ ძალიან მალე თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. დიანა თავის მემუარებში იხსენებს, რომ ეს ამბავიც არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა.

1969 წელს დიანა თავის უკვე მეუღლესთან – ეგონთან ერთად საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. 24 წლის ასაკში მათ შეეძინათ ვაჟი – ალექსანდერი, ხოლო 14 თვეში ქალიშვილი – ტატიანა. მაგრამ დიანა ფონ ფურსტენბერგი, ან DVF, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, სულაც არ აპირებდა მეხუთე ავენიუზე მდებარე ფეშენებელურ სახლში უსაქმოდ ჯდომას. მან დაიწყო კაბების დიზაინის შექმნა და ნიმუშები ნიუ-იორკის ცნობილ რედაქტორებსა და პოტენციურ მყიდველებს აჩვენა.

მას შემდეგ, რაც 1972 წელს დიანა და მისი მეუღლე ერთმანეთს დაშორდნენ (როგორც ჩანს, მეგობრულად), დიანას კარიერამ აღმასვლა იწყო. როდესაც ჟურნალ VOGUE-ის ავად ხსენებული რედაქტორი დიანა ვრილანდი მოიხიბლა DVF-ის შექმნილი ჯერსის კაბით, დიანამ გადაწყვიტა, იტალიელი ტექსტილის მწარმოებელი – ანჯელო ფერეტი, რომელთანაც იგი ამერიკაში გამგზავრებამდე სტაჟიორად მუშაობდა, რამენაირად დაეთანხმებინა მისი დიზაინით შექმნილი ტანისამოსის წარმოებაზე.

1974 წელს DVF-მა შექმნა თავისი ყველაზე ცნობილი “გადასადები” (wrap) კაბა და შემდეგ ძალიან მალე ეს მოდელი მრავალმილიონიან ბრენდად აქცია. მან ძალზე საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა – მოგზაურობდა ყველაზე ფეშენებელურ ადგილებში, ხშირად სტუმრობდა ნიუ-იორკში მდებარე ცნობილ კლუბ “სტუდიო 54”-ში, 1976 წელს მისი ფოტო NewsWeek-ის ყდას ამშვენებდა, მან შეიძინა თავისი ოცნების სახლი დასავლეთ კონექტიკუტში, კერძოდ ქლაუდუოკში. 28 წლის ასაკში დიანამ ნიუ-იორკში თავის სახლში გამართულ წვეულებაზე გაიცნო ბარი დილერი, რომელიც იმ დროს Paramount Pictures-ის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.

“მე წაკითხული მქონდა სტატიები ბარი დილერის შესახებ, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ შორის ასეთი ვნება გაჩნდებოდა, – წერს იგი. შეხვედრის შემდეგ მათ უიკენდი ბარი დილერის ლოს­-ანჯელესში მდებარე სახლში გაატარეს. – მას შემდეგ ბარიმ სამუდამოდ დაიკავა ადგილი ჩემს ცხოვრებაში. მას ვუყვარდი უპირობოდ. ბარის ყოველთვის შეეძლო ჩემი სურვილებისა და საჭიროებების უთქმელად გამოცნობა… ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მისი ჩემდამი მტკიცე ნდობა”.

საბოლოოდ, არასწორმა ბიზნესგადაწყვეტილებებმა და მოდის სამყაროსაგან რამდენიმე წლით ჩამოშორებამ დიანას იმპერიას ზიანი მიაყენა (მის წიგნში არაერთხელ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ დიანას არცთუ კარგად ეხერხება წინასწარ დაგეგმვა. იგი ჯერ დაუფიქრებლად გადაეშვება ახალ წამოწყებაში, შედეგებთან გამკლავებას კი მოგვიანებით იწყებს). დიანა ფონ ფურსტენბერგმა მიატოვა ბარი დილერი, ამერიკა და თავისი ვნება.

მიუხედავად იმისა რომ ეს “დაკარგული პერიოდი” ბევრს დიანას მარცხად მიაჩნდა, თავად დიანა კვლავ დაუცხრომელ ოპტიმისტად რჩებოდა. თავისი ცხოვრების თითოეულ ეტაპს დიანა მიიჩნევდა გარკვეულ ტრამპლინად, რაც საბოლოოდ აქცევდა მას იმ ქალად, რომელიც მას სურდა გამხდარიყო.

“შეუძლებელია, მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე უდრეკ პიროვნებად დარჩე, – წერს დიანა. – ჩვენ ბევრად უფრო რთული არსებები ვართ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული საჭიროებები და სურვილები გვიჩნდება”.

DVF-ის კომპანიამ წარმატება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც დიანამ აღადგინა თავისი ბრენდი, გახსნა ახალი ბუტიკი ნიუ-იორკის Meatpack­ing District-ში (აღსანიშნავია, რომ დიანა ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი იყო ჰაი-ლაინ-პარკის შექმნისა, რომელიც მისი ბუტიკის გასწვრივ მდებარეობს). დიანას ვაჟი – ალექსანდერი – სათავეში ჩაუდგა კომპანიის რეორგანიზაციას და დღემდე რჩება კომპანიის პარტნიორად. ორმოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიანამ შექმნა თავისი საკულტო კაბა, რითაც ყველაფერი დაიწყო და დღეს იგი კვლავ წარმატების ზენიტშია.

ახლა კი, გარდა თავისი მემუარებისა, დიანა ფონ ფურსტენბერგმა თავისი საკულტო კაბის 40 წლისთავის აღსანიშნავად გამოუშვა ე.წ. “ვიზუალური ოდისეა” – წიგნი სახელწოდებით “კაბის მოგზაურობა”, რომელიც ჟურნალის მაგიდის მშვენება გახდა, და ასევე საკუთარი რეალიტი-შოუ “DVF-ის სახლი”.

თავის რეალიტი-შოუში დიანა ფონ ფურსტენბერგი საუბრობს ყველაფერზე – დედისაგან მიღებული ცხოვრებისეული სიბრძნით დაწყებული, იმ შემოქმედებითი მემკვიდრეობით დამთავრებული, რომლის დატოვებასაც იგი იმედოვნებს.

დედისაგან მიღებული გაკვეთილებიდან რამ იქონია ყველაზე დიდი ზეგავლენა თქვენს ცხოვრებაზე?

მისმა ურყევმა ოპტიმიზმმა და სიძლიერემ. დედამ მასწავლა, რომ შიში არ არის ალტერნატივა და მე ეს რჩევა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მეხმარება. მე არ მეშინია რისკზე წასვლის, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია.

თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ “მამაკაცის ცხოვრება გაიარეთ ქალის სხეულში”. წლების განმავლობაში ქალები ზოგადად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდნენ, ხომ არ შეცვალა ამ საყოველთაო ტენდენციამ თქვენი შეფასებაც? ახლაც ასევე აფასებთ თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებას?

დიახ, საბედნიეროდ, ეს მართლაც შეიცვალა. ახლა ამას აღარ აფასებენ როგორც მამაკაცის ხვედრს, არამედ უყურებენ როგორც თავდაჯერებული ქალის არჩევანს. მე ყოველთვის მსურდა, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი ქალი, მქონოდა საკუთარი კარიერა და საკუთარი შემოსავალი.

როგორ შეიცვალა მოდის ინდუსტრია მას შემდეგ, რაც თქვენ იქ დაიწყეთ მოღვაწეობა და რაში გამოიხატება ეს ცვლილება მთლიანობაში?

მე ვფიქრობ, რომ მოდის ინდუსტრია უფრო დემოკრატიული გახდა. ახლა უფრო ადვილია იდეების გაზიარება და დიალოგის წარმოება. როდესაც მე ამ სფეროში დავიწყე მოღვაწეობა, დილის 5 საათზე უნდა გამეღვიძა, რათა ტეხასში გავფრენილიყავი ჩემს კლიენტებთან შესახვედრად. ახლა კი შემიძლია Instagram-ისა და Tweet-ის მეშვეობით დაპოსტვა და დაუყოვნებლივ პასუხის მიღება. ჩემთვის დიალოგი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არის. ასე რომ, ამ მხრივ, ეს ცვლილება ფანტასტიკურია.

ბარი დილერთან ქორწინებამდე თქვენ მასთან დიდი ხნის ურთიერთობა გქონდათ, რა შეიცვალა ქორწინების შემდეგ?

ბარი აღმოჩნდა ყველაზე სტაბილური, საიმედო მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში. მან გაიმარჯვა.

რა იყო ის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა საკუთარი თავის შესახებ, რომელიც თქვენ ე.წ. “დაკარგული პერიოდის” დროს გააკეთეთ?

მე მივხვდი, რომ მოდა ჩემთვის არის საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება და მის გარეშე ძალიან მიჭირს კომუნიკაცია. მოდა არის ჩემი ნაწილი. მე მუდამ ვსაუბრობ თავდაჯერებულობაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მაქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როდესაც თავს დაუცველად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც არის მომენტები, როდესაც გარკვეული ეჭვები მიჩნდება და თავს დაუცველად ვგრძნობ. სწორედ ასეთი განწყობა მქონდა იმ “დაკარგული პერიოდის” დროს. მაგრამ მე ვისწავლე, რომ მნიშვნელოვანია, სწორად რეაგირებდე ასეთ მომენტებზე, შეგეძლოს ისევ ფეხზე წამოდგომა, სწორი შეფასებების გაკეთება და საკუთარ თავთან მართალი ყოფნა. თქვენი წარუმატებლობა საუკეთესო ცხოვრებისეული გაკვეთილია.

როგორ ფიქრობთ, რა კვალს დატოვებს მოდის ისტორიაში თქვენი საკულტო კაბა?

“გადასადები” კაბა მთლიანად ეძღვნება ქალს. ეს კაბა არის თავისუფლების, ძალისა და თავდაჯერებულობის გამოხატულება. ეს კაბა გაძლევს საშუალებას, დიდი ძალისხმევის გარეშე იყო სექსუალური და ამავდროულად სერიოზული. იგი ემსახურება ქალების თვითრეალიზაციის ხელშეწყობას. მე ვიმედოვნებ, რომ სწორედ ეს იქნება ჩემი დანატოვარი. მოდის, მეცენატობისა და რჩევების გზით, მე ყოველთვის ვცდილობდი, წვლილი შემეტანა ქალთა გაძლიერებაში. მე ყოველთვის ვცდილობდი, დავხმარებოდი ქალებს გამხდარიყვნენ ის, ვინც მათ უნდოდათ რომ ყოფილიყვნენ.

თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა რა ისწავლეს თქვენგან?

სიყვარული … თავდაუზოგავი შრომა … პატიოსნება.

როდის გახდით ის ქალი, რომელზეც ოცნებობდით, რომ გამხდარიყავით? ოდესმე თუ შეწყვეტთ ამის მიღწევის მცდელობას?

მე ეს ვიგრძენი, როდესაც ჩემი “გადასადები” კაბა პოპულარული გახდა და მთელ ამერიკაში წარმატებით იყიდებოდა. ჩემი სურათი Newsweek- ის ყდაზე დაიბეჭდა და ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო. მე ამერიკულ ოცნებაში ვცხოვრობდი. ამას მოჰყვა არცთუ სასიამოვნო პერიოდი და შემდეგ იყო ჩემი დაბრუნების ხანა, როდესაც კომპანია აღორძინდა და ყველაფერი კვლავ კარგად იყო. გამოფენამ დამანახა ამ პატარა კაბის ძალა. მე თანდათან გავაცნობიერე, თუ როგორ დამეხმარა ეს კაბა იმაში, რომ გავმხდარიყავი სწორედ ის ქალი, რომელზეც ვოცნებობდი.

კიდევ რის გაკეთებას აპირებთ?

ამჟამად ვმუშაობ ახალ წიგნზე. მალე იქნება დოკუმენტური სერიალის – “DVF-ის სახლის” პრემიერა. ჩვენ ახლახან გავხსენით ჩვენი პირველი მაღაზია სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ გლენდეილში. მაღაზიის სახელწოდებაა “Wrap Shop”-ი. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე მაღაზიის გახსნას სანტა-მონიკასა და გროუვში … ასე რომ, ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ძალზე საინტერესო და ამაღელვებელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *