ფოტო: Associated Press
აშშ-ის ზარაფხანამ ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი $1-იანი მონეტები გაყიდვაში ჩაუშვა. ეს კოლექციონერებს საშუალებას მისცემს, მონეტები პირდაპრ მთავრობისგან შეიძინონ და ასევე აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის გამოსახულება მონეტაზეა დატანილი.
ზარაფხანამ ტრამპის $1-იანი მონეტების კოლექციონერებისთვის გაყიდვა ოთხშაბათს, აღმოსავლეთის დროით შუადღის 12 საათზე დაიწყო. მონეტები 25- ან 100-ცალიან შეფუთვებად იყიდება, რომელთა ფასიც, შესაბამისად, $61 და $154.50-ია. 25-ცალიან შეკვრაში ტრამპის გამოსახულებიანი ერთი მონეტის ფასი $2.44 გამოდის, ხოლო 100-ცალიან ტომარაში — დაახლოებით $1.55.
მონეტის ნომინალური ღირებულება $1-ია და ის ლეგალურ გადახდის საშუალებად ითვლება, თუმცა ზარაფხანა რულონებსა და ტომრებს საკოლექციო პროდუქტების სახით ყიდის. ტრამპის $1-იანი მონეტა 2026 წლის Semiquincentennial Coin Program-ის ნაწილია და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება.
მონეტის ერთ მხარეს დონალდ ტრამპის პორტრეტია დატანილი, ასევე წარწერები Liberty, In God We Trust და 1776-2026. მეორე მხარეს კი აშშ-ის პრეზიდენტის ბეჭედი და რიცხვი „250“ არის გამოსახული. მონეტა ოქროსფერია, თუმცა მასში ოქრო გამოყენებული არაა. მონეტაში ძირითადად სპილენძია, 6% – თუთია, 3.5% – მანგანუმი და 2% – ნიკელი.
ცნობისთვის, კონგრესმა Semiquincentennial Coin Program-ი 2020 წელს მიღებული Circulating Collectible Coin Redesign Act-ის საფუძველზე დაამტკიცა. კანონი აშშ-ის ზარაფხანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიმოქცევაში არსებული მონეტების დიზაინის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს.
აღნიშნულ კანონს ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მოაწერა ხელი. ტრამპის ადმინისტრაცია კი სწორედ ამ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე ამტკიცებს, რომ მონეტის გამოშვება კანონიერია, მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური კანონმდებლობა ცოცხალი ადამიანის აშშ-ის ვალუტაზე გამოსახვას კრძალავს.
აშშ-ის ხაზინადარმა, სკოტ ბესენტმა, მონეტის დიზაინი ივლისში წარადგინა. დიზაინის პრეზენტაციისას, ბესენტმა განაცხადა, რომ მონეტა „თავისუფლების მტკიცე მემკვიდრეობასა და პატრიოტიზმის მუდმივ სიმბოლოს“ უნდა განასახიერებდეს.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომლის გამოსახულებაც მონეტაზე დაიტანეს კალვინ კულიჯი იყო. მისი პორტრეტი მონეტაზე 1926 წელს, აშშ-ის დამოუკიდებლობის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საკოლექციო ნახევარდოლარიან მონეტაზე განთავსდა.













