დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო მყიდველებს შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ

დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო მყიდველებს შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ

საბროკერო სააგენტო Betterhomes-ის მონაცემებით, გასულ წელს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო მყიდველებს შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობდნენ. როგორც ჩანს, გაურკვეველი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, რუსებისთვის დუბაი უსაფრთხო თავშესაფრად იქცა.

რუსეთის მოქალაქეების მხრიდან დუბაიში უძრავი ქონების შესყიდვის შემთხვევებმა სწორედ უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების შემდეგ იმატა. შედეგად, დუბაიში უძრავი ქონების გაყიდვების რაოდენობა და ღირებულება რეკორდულ დონემდე გაიზარდა. რუსეთის მოქალაქეების გარდა, დუბაის უძრავი ქონების ტოპ-შემსყიდველებში ბრიტანეთის, ინდოეთისა და იტალიის მოქალაქეებიც მოხვდნენ.

Betterhomes-ის მონაცემებით, გასულ წელს დუბაიში საცხოვრებელი ფართის გაყიდვის 86,000 ტრანზაქცია აღირიცხა, რაც 6,000-ით მეტია 2009 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელზე. შედეგად, 2022 წელს დუბაიში დაახლოებით $56.6 მილიარდის ღირებულების უძრავი ქონება გაიყიდა, დაახლოებით 80%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს. ფასების ზრდა კი 2021 წლის 21%-დან შემცირდა და 2022 წლისთვის მხოლოდ 11% შეადგინა.

Betterhomes-ის მონაცემებით, არარეზიდენტ მყიდველებს შორის, 2022 წელს დუბაიში ტრანზაქციების 15% რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა, მეორე ადგილზე კი ბრიტანელები არიან 12%-ით. დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო მყიდველების ხუთეულს ინდოეთის, იტალიისა და საფრანგეთის მოქალაქეები ასრულებენ, შესაბამისად 11%-ით, 7%-ითა და 4%-ით.

უძრავი ქონების სექტორი დუბაის ეკონომიკის დაახლოებით მესამედს შეადგენს. როგორც კიდევ ერთი მოხსენებიდან ირკვევა, უძრავი ქონების კონსულტანტ ნაიტ ფრენკის ინფორმაციით, გასულ წელს დუბაიში რეკორდული რაოდენობის, სულ მცირე $10 მილიონის ღირებულების, 219 საცხოვრებელი პრემიუმ-რეზიდენციაც გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელთან შედარებით, მსგავსი შესყიდვების რაოდენობა დუბაიში თითქმის გაორმაგებულია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *