Twitter-ის ჩიტის ლოგოს ქანდაკება აუქციონზე $100,000-ად გაიყიდა

Twitter-ის ჩიტის ლოგოს ქანდაკება აუქციონზე $100,000-ად გაიყიდა

Twitter-ის ლოგოს, ჩიტის მასიური ქანდაკება აუქციონზე $100,000-ად გაიყიდა. თითქმის ოთხი ფუტის სიმაღლის ქანდაკებაზე ტენდერი, რომელსაც კორპორაციული აქტივების მართვის ფირმა Heritage Global Partners-ი ხელმძღვანელობდა ოთხშაბათს დაიხურა. აუქციონზე, ჩიტის სკულპტურის გარდა, Twitter-ის ასობით სხვა ნივთიც იყო წარმოდგენილი.

Twitter-ის სან-ფრანცისკოს ოფისიდან აუქციონზე სოციალური მედიაკომპანიის ასობით ნივთის გამოჩენა ორგანიზაციის პოლიტიკის ცვლილებებთან ერთად, Twitter-ის ფინანსურ პრობლემებსაც უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში, მილიარდერ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ, კომპანია რესტრუქტურიზაციას აგრძელებს და პარალელურად მას შემოსავლების მკვეთრ შემცირებასთანაც უწევს გამკლავება.

აუქციონზე გაყიდულ სხვა ნივთებს შორის იყო ნეონის განათების ჩიტის ლოგო, რომელშიც $17,000-ზე მეტი გადაიხადეს, მასთან ერთად კი სხვადასხვა საოფისე და სამზარეულო აღჭურვილობა, მათ შორის ლუდის შესანახი სამი კეგერატორი, საკვები დეჰიდრატორი და პიცის ღუმელი – თითოეული მათგანი $10,000-ზე მეტად გაიყიდა.

შეგახსენებთ, მასკმა Twitter-ი გასული წლის ოქტომბერში შეიძინა და შესყიდვიდან მალევე, კომპანიის თანამშრომლების ნახევარზე მეტი გაათავისუფლა. Twitter-ის შეძენის შემდეგ, მასკის ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს აქციების ფასის 65%-ით დავარდა, რაც მასკს ქონების დიდი ნაწილისა და პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსის დაკარგვად დაუჯდა.

„გინესის მსოფლიო რეკორდების“ მონაცემებით, ილონ მასკმა ისტორიაში ქონების ყველაზე დიდი პერსონალური დანაკარგით, რეკორდი დაამყარა. 2021 წლის ნოემბრიდან, მასკმა დაახლოებით $182 მილიარდი დაკარგა და, Forbes-ის მონაცემებით, ამჟამად მისი ქონება $150 მილიარდს უტოლდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *