დუბაიში, შენობის თავზე, 274 მეტრის სიმაღლის მთვარის რეპლიკა აშენდება

დუბაიში, შენობის თავზე, 274 მეტრის სიმაღლის მთვარის რეპლიკა აშენდება

დუბაიში, სადაც მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი „ბურჯ ხალიფა“ და არაერთი სხვა არქიტექტურული საოცრება მდებარეობს, ამჟამად 274 მეტრის სიმაღლის მთვარის რეპლიკის აშენება იგეგმება. უძრავი ქონების $5-მილიარდიანი პროექტი, რომელიც 30-მეტრიანი შენობის თავზე განთავსდება, კანადელ ანტრეპრენიორ მაიკლ ჰენდერსონს ეკუთვნის.

ჰენდერსონის მთვარის რეპლიკა, სახელწოდებით – MOON, დუბაის უძრავი ქონების ბაზრისთვის წამგებიანი პროექტი არ უნდა აღმოჩნდეს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, დუბაის ძვირად ღირებული უძრავი ქონება დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთის მოქალაქეებში და ასევე სხვა ქვეყნის  მდიდრებში, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებისას, მათ ქვეყნებში დაწესებულ შეზღუდვებს სწორედ არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქში გამოექცნენ.

ჰენდერსონის მიერ შემოთავაზებული პროექტი სფერული სტრუქტურის შიგნით დასასვენებელი და გასართობი სივრცის მოწყობას გულისხმობს. აქ წარმოდგენილი იქნება 4,000-ნომრიანი სასტუმრო; მოედანი, რომელიც 10,000-მდე ადამიანს დაიტევს და, რაც პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, „მთვარის კოლონია“, რომელიც სტუმრებს მთვარეზე „გასეირნების“  გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემს. ჰენდერსონმა მისი პროექტი დუბაიში, Arabian Travel Market-ზე უკვე წარადგინა.

მთვარის რეპლიკის პროექტში სივრცის ნაწილი განკუთვნილია კაზინოს განთავსებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აზარტული თამაშები კვლავ არალეგალურია, ქალაქში უკვე არსებობს ისეთი მსხვილი ბრენდები, როგორიცაა Caesar’s Palace-ი და რამდენიმე პროექტი სამომავლოდაც იგეგმება. მაგალითად, Wynn Resorts-ი 2027 წლისთვის დუბაის ჩრდილოეთით $3.9-მილიარდიანი კურორტის აშენებას გეგმავს, სადაც აზარტული თამაშების სივრცეც იქნება წარმოდგენილი. ეს ყველაფერი კი ეჭვს ბადებს, რომ სამომავლოდ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *