კურტ კობეინის დამტვრეული გიტარა აუქციონზე $600,000-ად გაიყიდა

კურტ კობეინის დამტვრეული გიტარა აუქციონზე $600,000-ად გაიყიდა

Nirvana-ს ფრონტმენის, კურტ კობეინის მიერ დამტვრეული Fender-ის წარმოების კიდევ ერთი გიტარა Julien’s Auctions-ზე $600,0000-ად გაიყიდა. გაყიდულ ინსტრუმენტზე პოპულარობის ზენიტში მყოფი ჯგუფის სამივე წევრის ხელმოწერაა დატანილი.

Fender Stratocaster-ის შავი მოდელი ვიზუალურად კვლავ მთლიანია, თუმცა მასზე დაკვრა უკვე შეუძლებელია. როგორც ცნობილია, გარდაცვლილმა მომღერალმა გიტარა 1990-იან წლებში, საკულტო ალბომ Nevermind-ზე მუშაობის პროცესში დაამტვრია. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში, მათ შორის სცენაზე, Fender Stratocasters-ის არაერთი ინსტრუმენტი გაუნადგურებია. აღსანიშნავია, რომ კობეინის მიერ 1993 წელს ლეგენდარული MTV Unplugged-ის პერფორმანსისთვის გამოყენებული აკუსტიკური გიტარა ორი წლის წინ $6 მილიონად გაიყიდა.

„ჰარდ-როკ კაფეში“ გამართულ აუქციონზე Fender Stratocaster-ის საწყისი ღირებულება $60,000-დან $80,000-მდე მერყეობდა, თუმცა თითქმის ათმაგმა, 596,900$-იანმა შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. Julien’s Auctions-ის ინფორმაციით, კობეინმა გიტარა ჩრდილოეთ ამერიკაში 1992 წელს გამართული Nevermind-ის ტურნეს დროს, ლენეგანს აჩუქა. აუქციონის გამარჯვებულის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია, თუმცა თავად აუქციონერები ინსტრუმენტის წინა მფლობელად ტონი პალმერს ასახელებენ.

ნიუ-იორკში, Julien’s-ის სამდღიან აუქციონზე კურტ კობეინის გიტარის გარდა, მუსიკალური ინდუსტრიისთვის საინტერესო არაერთი ნივთიც ვიხილეთ, რომლებიც ისეთ ლეგენდებს ეკუთვნოდათ, როგორებიც ელვის პრესლი, ფრედი მერკური, ჯანეტ ჯექსონი და დოლი პარტონი არიან.