Dunkin'-ის მფლობელმა $9 მილიარდად Subway შეიძინა

Dunkin'-ის მფლობელმა $9 მილიარდად Subway შეიძინა

სენდვიჩების ქსელ Subway-ისა და Dunkin’-ის მფლობელ კერძო საინვესტიციო ფირმას შორის შეთანხმება მიღწეულია. Reuters-ის ცნობით, ამერიკული Roark Capital-ი, რომელიც ამავდროულად ნაყინების მწარმოებელი Baskin-Robbins-ის მესაკუთრეცაა, $9 მილიარდად Subway-ის შეიძენს.

შეთანხმების შესახებ თავად რესტორნების ქსელმა განაცხადა. კომპანიას, გარიგების დამატებითი დეტალების, მათ შორის ღირებულების შესახებ, ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია. შესყიდვა Roark Capital-ს სარესტორნო ბიზნესში ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ აქცევს. კომპანია უკვე აკონტროლებს ამერიკული რესტორნების გიგანტს Inspire Brands-ს, რომელიც თავის მხრივ ფლობს Jimmy John’s-ის, Arby’s-ის, Baskin-Robbins-ისა და Buffalo Wild Wings-ს.

„აღნიშნული ტრანზაქცია Subway-ის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივებზე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენი ბრენდისა და ფრენჩაიზების ღირებულების მნიშვნელობაზე მიუთითებს“ – განაცხადა Subway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ჩიდსიმ. ცნობისთვის, Subway ბოლო წლებში სწრაფი ზრდის ტემპით ფართოვდება, თუმცა რესტორნების ქსელისთვის მთავარ პრობლემად გაზრდილი ხარჯები და კონკურენცია რჩება.

სენდვიჩების ქსელი 1965 წელს, ბრიჯპორტში, 17 წლის ფრედ დელუკასა და მისი ოჯახის მეგობარ, პიტერ ბაკის მიერ დაარსდა. სახელწოდება „Subway“ კომპანიას 1972 წლიდან აქვს. ამჟამად რესტორნების ქსელი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 37,000-ზე მეტ ლოკაციას ფლობს. ივლისში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, Subway-ის გაყიდვები 9.8%-ით გაიზარდა.