EBRD-მა თიბისი ბანკში საკუთარი წილი 5%-მდე შეამცირა

EBRD-მა თიბისი ბანკში საკუთარი წილი 5%-მდე შეამცირა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკში საკუთარი წილი 5%-მდე შეამცირა. EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 4 დეკემბერს მათ ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის 1.65 მილიონი აქცია გაყიდეს, რაც თიბისის მთლიანი აქციების 3%-ს შეადგენდა.

განცხადებაში EBRD მიუთითებს, რომ ისინი განაგრძობენ საქართველოს უმსხვილესი ბანკის მხარდაჭერას და მასში 5%-იან წილს შეინარჩუნებენ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თიბისი ბანკის 8%-იანი წილის მფლობელი 2009 წელს გახდა, რაც მაშინ EBRD-ის მიერ თიბისის დახმარებისთვის გამოყოფილ ფინანსურ პაკეტს უკავშირდებოდა.

EBRD-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრანსის მალიჟი ამბობს, რომ თიბისი ბანკი წარმოადგენს წარმატების ერთ-ერთ საუკეთესო ისტორიას EBRD-ისთვის. ამასთანავე, მალიჟი აცხადებს, რომ EBRD მომავალშიც დარჩება თიბისის განვითარების მჭიდრო პარტნიორი.

წილის ნასყიდობის შემდეგ თიბისის უმსხვილეს აქციონერთა სია ასეთია (აქციონერები, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს):

● მამუკა ხაზარაძე 8,63%
● ბადრი ჯაფარიძე 5,99%
● Dunross & Co. 7,39%
● European Bank for Reconstruction and Development 5,03%.

ამჟამად ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის ერთი აქციის ღირებულება 12.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. თიბისი PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ჯამური ღირებულება) 689 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.