აშშ და ევროპა პანდემიას ებრძვიან, ჩინეთი კი...

აშშ და ევროპა პანდემიას ებრძვიან, ჩინეთი კი...

მაშინ როდესაც აშშ და ევროპა პანდემიის მეორე ტალღას ებრძვიან და ვირუსის მასშტაბური გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავებას ცდილობენ, ჩინეთმა, საიდანაც დაიწყო კოვიდ- 19- ის გავრცელება, არა მხოლოდ ვირუსთან ბრძოლაში გამარჯვება შეძლო, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც მიაღწია. წლის მესამე მეოთხედის მონაცემების მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. მართალია, პირველ კვარტალში 6.8%-იანი ვარდნის გათვალისწინებით, სასურველ მაჩვენებლამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ არც ძალიან. მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისა და ექსპერტების შეფასებით, ჩინეთი იქნება დიდი ოცეულის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც შეძლებს 2020 წლის ეკონომიკური ზრდით დასრულებას. ჩინეთის ეროვნული ბანკის პროგნოზებით, ზრდის მაჩვენებელი 1,9%-ს შეადგენს. შეიძლება ეს არ არის ძალიან ბევრი, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკის 4.4%-ით ვარდნის პროგნოზის, აშშ- ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის კიდევ უფრო არასახარბიელო მაჩვენებლების ფონზე ნამდვილად დიდი წარმატებაა. ჩინეთი ქვეყნის მასშტაბით დაუბრუნდა ნორმალური ცხოვრების რიტმს: რესტორნები, მაღაზიები და საცალო ვაჭრობის სხვა ობიექტები უკვე სრული დატვირთვით მუშაობენ, რაც აისახება კიდეც მათ შემოსავლებზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. აშკარაა, რომ ჩინელმა მომხმარებელმა ფულის ხარჯვა დაიწყო. ამის კიდევ ერთ ნათელ დადასტურებას წარმოადგენს კულტურისა და ტურიზმის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოქტომბრის პირველ კვირეულში, ოფიციალური დასვენების დღეების განმავლობაში ქვეყნის შიგნით 637 მილიონმა!!! ჩინელმა იმოგზაურა და 69 მილიარდი დოლარი დახარჯა!!! (ალბათ გასაგებია, რატომ უწოდებენ ამ არდადეგებს “ოქროს კვირეულს“). თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მაინც მცირედით შემცირებულია, მაგრამ მხოლოდ მცირედით. როგორც გითხარით, საცალო ვაჭრობამ მოიმატა და 3.3% შეადგინა, ხოლო ავტომობილების რეალიზება 12.8%-ით გაიზარდა. ცოტა ხნის წინ ჩინეთის პრეზიდენტი თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ხალხს დაჰპირდა, რომ მოქალაქეები საშუალო კეთილდღეობის დონეს, არც მეტი, არც ნაკლები, მიმდინარე წელს მიაღწევენ. კიდევ ერთი ფაქტიც და ციფრებით თავს აღარ შეგაწყენთ: პანდემიის პირობებში, ჩინეთის 257 მილიარდერი 1.5 ტრილიონი დოლარით!!! გამდიდრდა და ჩინელი მილიარდერების საერთო კაპიტალი 4 ტრილიონამდე გაზარდა (მავანი აუცილებლად იტყვის, აი, სად არის ძაღლის თავი დამარხულიო).

ზუსტად მაშინ, როდესაც აშშ-ის საპრეზიდენტო დებატებში დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამომრჩევლების დარწმუნებაში, თუ ვინ უფრო წარმატებით გაუმკლავდება ჩინეთის მზარდ ამბიციებს და ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან მომავალ საფრთხეებს, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით მიმართავდა პეკინის გრანდიოზულ სასახლეში შეკრებილ სამხედროებსა და კომუნისტური პარტიის ელიტას. ღონისძიება ჩინეთის მიერ ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო გამარჯვების 70 წლისთავს ეძღვნებოდა. სი ძინპინმა მისთვის დამახასიათებელი კორექტულობით ისაუბრა ერთპოლუსიანობის, ერთი ქვეყნის ინტერესებზე დანარჩენი მსოფლიოს მორგების და მისი ეგოს დაკმაყოფილების დაუშვებლობაზე. ცხადია, ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობდა, მაგრამ, განსხვავებით ამერიკელი კოლეგისგან, ის პირდაპირ არასდროს ესხმის თავს მთავარ კონკურენტ ქვეყანას. უბრალოდ, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძლიერი ლიდერი საუბრობს მისი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე და ერთი ქვეყნის ჰეგემონიის მიუღებლობაზე. მისი თქმით, “შანტაჟი, ბლოკირება და უკიდურესი ზეწოლა მსოფლიოს მხოლოდ ჩიხში შეიყვანს“. აგრეთვე, სი ძინპინის აზრით, ჩინელი ხალხი ყოველთვის უნდა ელაპარაკოს დამპყრობლებს იმ ენაზე, რომელიც მათ ესმით.

ამასობაში, აშშ- ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში პანდემიის გავრცელების მეორე ტალღამ აიძულა ეს ქვეყნები, კვლავ წასულიყვნენ ზომების გამკაცრებაზე, რამაც ეკონომიკის შეფერხებაც გამოიწვია და მოქალაქეთა უკმაყოფილებაც. სხვათა შორის, ჩინეთის ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფად ზრდის შემაფერხებელ ფაქტორებად სწორედ დანარჩენი სამყაროს რთული ეკონომიკური მდგომარეობა და აშშ- ის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვები სახელდება. მართლაც, თუ ქვეყნის შიგნით საცალო ვაჭრობის მხრივ მზარდი მაჩვენებელები ფიქსირდება, ექსპორტის მონაცემები ჯერ კიდევ არცთუ ისე სახარბიელოა, რაც, ცხადია, ჩინური წარმოების ზრდის ტემპებზეც პირდაპირ აისახება. ამ თვალსაზრისით ძალიან ნიშანდობლივია ჩინეთის ლიდერის მიერ გაზაფხულზე გახმიანებული კიდევ ერთი გზავნილი, რომ ახლო მომავალში ჩინეთმა უნდა შეამციროს დამოკიდებულება საერთაშორისო ბაზრებზე და უფრო დიდი აქცენტი შიდა მიწოდება/მოხმარებაზე უნდა გადაიტანოს.

რაც შეეხება საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ასპექტებს, აქაც ჩინეთის კომუნისტური პარტია უდრეკად განაგრძობს ჰონკონგში საკუთარი პოზიციების განმტკიცებას და ამის პარალელურად შენჟენის შესახებ, როგორც ჰონკონგის ალტერნატივაზე, საუბარს, სინძიანში უიღური მუსლიმი უმცირესობისთვის საკონცენტრაციო ბანაკებში “აღმზრდელობითი სამუშაოების“ ჩატარებას და ტაივანის მისამართით საფრთხის შემცველი განცხადებების კეთებას. გარდა ამისა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაშიც იზრდება მისი სამხედრო ყოფნა და გრძელდება ჩინური კუნძულების მშენებლობა/მოწყობა/აღჭურვა. ამ ყველაფერს ჩინეთისთვის არ შეუშლია ხელი, რომ რუსეთთან ერთად ის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი გამხდარიყო.

ვინაიდან რუსეთიც ვახსენეთ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებიც, რომელთა თანახმად აშშ და მასთან ერთად ევროპაც, სანქციებისა და რუსეთთან მიმართებით ზეწოლის პოლიტიკის განხორცილების პირობებში თავად უბიძგებენ რუსეთს ჩინეთთან უფრო მჭიდრო კავშირისკენ. შესაძლოა, ეს რუსეთს მაინცდამაინც არ ახარებდეს, მაგრამ შექმნილი რეალობა მას აიძულებს, გააღრმაოს თანამშრომლობა ცისქვეშეთის კანცელარიასთან. აქვე ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ აშშ- სა და ევროპას შორის ურთიერთობებში ისედაც არ არის საუკეთესო პერიოდი და ეს ჩინეთთან მიმართებითაც მკაფიოდ იკვეთება. თუ აშშ-სთვის ჩინეთი ნომერ პირველ საფრთხეს წარმოადგენს, ევროკავშირი მას ოდენ “სისტემურ მოწინააღმდეგეს“ უწოდებს და ჯერ კიდევ ეძებს ჩინეთთან ურთიერთსასარგებლო სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზებს.

რომ შევაჯამოთ: რა გამოდის? ჩინეთის უჰანის პროვინციიდან გავრცელდა კოვიდ- 19; ჩინეთმა, უმკაცრესი კონტროლის ხარჯზე და პირველ კვარტალში მძიმე ეკონომიკური ზიანის ფასად პირველმა დაამარცხა პანდემია, პრაქტიკულად სრულად აღიდგინა ეკონომიკა და სერიოზული გამოწვევის წინაშე დატოვა დანარჩენი მსოფლიო. კონსპირაციებში არ შევდივართ და არ ვამტკიცებთ, რომ ჩინეთმა ამ ვირუსის გავრცელებას შეგნებულად შეუწყო ხელი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მან არაფერი იღონა (საკმაო ხანს არ შეწყვიტა ფრენები ევროპისა და ამერიკის მიმართულებით, დამალა ინფორმაციები გავრცელების მასშტაბებთან დაკავშირებით და ა.შ.) ვირუსის შესაკავებლად, რამაც მსოფლიოს კიდევ ერთი, ძალიან სერიოზული და მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, თავად კი უკვე ეკონომიკურ ზრდასა და საერთო-საქვეყნო კეთილდღეობის წლის ბოლომდე მიღწევის შესაძლებლობაზე საუბრობს.

ასეა თუ ისე, ცხადია, ჩინეთი შექმნილ ვითარებას ძალიან ეფექტიანად გამოიყენებს მისი გაცხადებული მიზნის – 2050 წელს მსოფლიოს ნომერ 1 სახელმწიფოს სტატუსის მისაღწევად. შეძლებენ თუ არა ტრადიციული მოკავშირეები – აშშ და ევროპა ურთიერთობებში არსებული სირთულეების გადალახვას და ჩინეთის ამბიციური გეგმების განხორციელების წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანებას, ამას უახლოესი წლები გვიჩვენებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *