ეგვიპტემ ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა

ეგვიპტემ ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა

ეგვიპტემ ხმელთაშუა ზღვაში, კერძოდ, ნარგისის ბლოკში, ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა. პარლამენტის კომიტეტთან გამართულ ბრიფინგზე ეგვიპტის ნავთობის მინისტრ ტარეკ ელ მოლას განცხადებით, საბადოს მოცულობის დასადგენი კვლევა კვლავ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ნარგისი ოთხი ოფშორული საძიებო ბლოკიდან ერთ-ერთია, რომლის ოპერაციულ ინტერესებზე უფლებებსაც ამერიკული ენერგეტიკული კორპორაცია Chevron-ი ეგვიპტის Tharwa Petroleum Co-სთან ინაწილებს. აღმოჩენილი რეზერვის მოცულობის დასადგენი კვლევა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ როგორც „ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური კვლევა“ იტყობინება, ახალი საბადოს მოცულობა დაახლოებით 3.5 ტრილიონ კუბურ ფუტ ბუნებრივ აირს უტოლდება.

ეგვიპტის მიზანი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ენერგეტიკულ ჰაბად პოზიციონირებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2015 წელს იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Eni-მ Zohr-ის ბუნებრივი აირის გიგანტური საბადო აღმოაჩინა. ნარგისის საბადოს აღმოჩენამ შესაძლოა, ეგვიპტეს ენერგეტიკული მიზნების მიღწევაში შეუწყოს ხელი.

BP-ის 2022 წლის „ენერგეტიკის სტატისტიკური ანგარიშის“ თანახმად, ეგვიპტე ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირის შემდეგ, ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე უმსხვილესი მწარმოებელია და მსოფლიოს დადასტურებული მარაგების დაახლოებით 1.7%-ს მოიცავს.

ეგვიპტის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა როგორც კორონავირუსის პანდემიამ, ასევე უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა. გასულ წელს ეგვიპტემ დაახლოებით 67.8 მილიარდი კუბური მეტრი (მკმ) ბუნებრივი აირი აწარმოვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *