Twitter-ი პლატფორმაზე სხვა სოციალური მედიის პოპულარიზაციას კრძალავს

Twitter-ი პლატფორმაზე სხვა სოციალური მედიის პოპულარიზაციას კრძალავს

რამდენიმე ჟურნალისტის ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ, Twitter-ზე, ახალი პოლიტიკით, სხვა სოციალური მედიის პლატფორმების უფასო რეკლამირება აიკრძალა. ილონ მასკის მფლობელობაში არსებულ სოციალურ ქსელში მომხმარებლებს სხვა სოციალური მედიის ანგარიშების გავრცელების უფლება აღარ ექნებათ.

„ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ბევრი მომხმარებელი სხვა სოციალურ მედიაშიც აქტიურია, თუმცა აღარ დავუშვებთ გარკვეული სოციალური მედიის პლატფორმების უფასო პოპულარიზაციას Twitter-ზე“, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ილონ მასკის მიერ სოციალური ქსელის შეძენის შემდეგ, ბევრი მომხმარებელი Twitter-ზე სხვა სოციალური მედიის ანგარიშებს აზიარებს.

ამიერიდან, ისეთი შინაარსის პოსტების გამოქვეყნება, როგორიცაა „გამომყევი Instagram-ზე,  Facebook-ზე ან Truth Social-ზე, პოლიტიკის დარღვევად განიხილება. Twitter-ის აკრძალვა შეეხება ბმულის აგრეგატორებს, როგორიცაა linktr.ee და lnk.bio-საც. Twitter-ი იმ პოსტებსაც წაშლის, რომელშიც მომხმარებლები გარკვეული ხერხებით შეეცდებიან წესებს გვერდი აუარონ და ქსელში სხვა სოციალური მედიის პოპულარიზაციის შემცველი კონტენტი გამოაქვეყნონ.

ახალი პოლიტიკის დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებს მოეთხოვებათ „აკრძალული ტვიტების“ წაშლა, ამასთან ერთად კი, მათი ანგარიშები სოციალურ ქსელში შესაძლოა დროებით დაიბლოკოს კიდეც.

ამჟამად, იურიდიული ექსპერტებისა და ჟურნალისტების ნაწილი მუშაობს რათა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება Twitter-ის ახალი პოლიტიკა ფედერალური სავაჭრო კომისიის ანტიმონოპოლიურ რეგულაციებს და ევროკავშირის წესებს, რომელიც კომპანიებს უსაფუძვლოდ კონკურენციის ჩახშობას უკრძალავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *