ეკონომიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია რობერტ ჰოლსა და მაიკლ ვუდფორდს მიენიჭათ

ეკონომიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია რობერტ ჰოლსა და მაიკლ ვუდფორდს მიენიჭათ

ფოტო: REUTERS/Tom Little

ეკონომიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ამერიკელი ეკონომისტები, რობერტ ჰოლი და მაიკლ ვუდფორდი, გახდნენ. მათ ჯილდო ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების მოდელების შემუშავებისთვის მიიღეს. ეს მოდელები დღეს მსოფლიოს ცენტრალური ბანკებისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ ეკონომიკური შოკების შესარბილებლად გამოიყენება.

„მათი ნაშრომების წყალობით, უკეთ ვართ აღჭურვილი ეკონომიკურ შოკებთან გასამკლავებლად, იქნება ეს ენერგეტიკული კრიზისები თუ შინამეურნეობების მოხმარების მოცულობის მოულოდნელი ცვლილებები“, – განაცხადა ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარემ, იონ ჰასლერმა.

ჰოლისა და ვუდფორდის კვლევების ერთ-ერთი მთავარი დასკვნაა, რომ ეკონომიკის სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მილიონობით ოჯახის და ბიზნესის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მათი მიდგომა განსხვავდება ეკონომიკის მართვის ტრადიციული, ზემოდან ქვემოთ მოდელებისგან, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას უთმობს იმას, თუ როგორ რეაგირებენ ეკონომიკური პროცესების მონაწილეები პოლიტიკის ცვლილებებზე.

70 წლის მაიკლ ვუდფორდმა, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობს, პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკური სტაბილიზაცია არ უნდა განიხილოს როგორც პროცესი, რომლის დროსაც გადაწყვეტილების მიმღებები ეკონომიკას ცალკეული ბერკეტებით მართავენ ისე, რომ არ ითვალისწინებენ, თუ რას ელიან და როგორ იქცევიან თავად ეკონომიკური პროცესების მონაწილეები.

ლაურეატების ნაშრომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკისთვის – იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებითაც ცენტრალური ბანკები ინფლაციასა და ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენას ახდენენ.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი