ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

გამომდინარე იქიდან, რომ წლის მეორე კვარტალი მიიწურა, ინვესტორების ყურადღება მიმდინარე კვირას აპრილ-ივნისის პერიოდის ეკონომიკური და ფინანსური შედეგებისკენ იქნება მიპყრობილი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების დიდმა ნაწილმა 2021 წელი აღდგენით დაიწყო, ანალიტიკოსების დაკვირვებით მოგზაურობისა და დასვენების სფეროების აღდგენის ტემპი მაინც ძალიან ნელია,  გამომდინარე იქიდან, რომ მოგზაურობა ვერც ერთ ქვეყანაში თამამად ჯერ კიდევ ვერ აღდგა.  ამის მიზეზი კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელებაა. ამასთან, იმის გამო, რომ ზაფხულის აქტიური სეზონი იწყება, მიმდინარე კვირას ეკონომისტები და ინვესტორებიც სწორედ ტურიზმის სექტორის აღდგენას დააკვირდებიან.

ამასთან, მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შესახებ დისკუსიებს. როგორც ცნობილია, ბანკს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის შეცვლა უნდა, რაც ამჟამად 2%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, 5 ივლისის კვირას ჩინეთი სამომხმარებლო ფასების ინდექსსა და მწარმოებელთა ფასების ინფლაციის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ფასები მზარდია, რაც ქმნის საშიშროებას, რომ გლობალურ ეკონომიკურ აღდგენას საფრთხე დაემუქრება, თუ სასაქონლო ფასები ზრდას განაგრძობს.

ამასთან, მიმდინარე კვირას საფრანგეთში მაისის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ, კანადასა და შვეიცარიაში – ივნისის უმუშევრობის მაჩვენებელს, რუსეთში დოლარში ცენტრალური ბანკის რეზერვების მოცულობა გახდება ცნობილი. დაბოლოს, ევროკავშირი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს განაახლებს.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას, კერძოდ კი 5 ივლისს ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია იწყება. ჩინური ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში გასულ კვირას ჩამოვიდა, თუმცა გასულ უქმეებზე მოსახლეობის დიდ ნაწილს რეგისტრაციის პრობლემები შეექმნა.

გარდა ამისა, 5 ივლისს ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის აპრილი) გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *