მიმდინარე კვირის მსოფლიო ეკონომიკური კალენდარი საკმაოდ დატვირთულია. დავიწყოთ ევროპით, სადაც ხუთშაბათს ევროპის ცენტრალური ბანკის შეხვედრა გაიმართება, რა დროსაც მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება. ცნობისთვის, ევროზონაში ინფლაციამ 10-წლიან რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 3%-ს გადააჭარბა. როგორც ევროპის ცენტრალურ ბანკში ამბობენ, ინფლაციის ზრდა დროებითი ტენდენციაა, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი სულაც არ ფიქრობს ასე.
აშშ-ში კი მიმდინარე კვირას ფედერალური სარეზერვო სამსახურის პრეზიდენტები ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, მინეაპოლისსა და დალასში ეკონომიკურ პროგნოზებზე ისაუბრებენ. ეკონომისტების ყურადღებაც მათი გამოსვლებისკენ იქნება მიპყრობილი.
კანადაში აგვისტოს სავაჭრო (ექსპორტი/იმპორტი) მაჩვენებლები გამოქვეყნდება. ევროკავშირი მეორე კვარტალის უმუშევრობის მაჩვენებლებს გაასაჯაროებს, გარდა ამისა, იგეგმება მეორე კვარტალის მშპ-ის მონაცემების გამოქვეყნებაც. მშპ-ს მიმდინარე კვირას იაპონია და დიდი ბრიტანეთიც გამოაქვეყნებენ. გარდა ამისა, იტალიაში ივლისის რიტეილ-გაყიდვები გახდება ცნობილი. საფრანგეთი და გერმანია ივლისის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ.
რუსეთში კი საპროცენტო განაკვეთების შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გარდა ამისა, რუსეთში ივლისის სავაჭრო ბალანსისა და მეორე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებლები გამოქვეყნდება. რაც შეეხება ჩინეთს, მიმდინარე კვირას აგვისტოს ვაჭრობის მონაცემებს, შემდეგ კი ინფლაციის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ. ცნობისთვის, გასულ თვეს ჩინეთში მომსახურების სექტორის მუშაობა შეფერხდა. მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთში აგვისტოში პირველად ბოლო თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში საწარმოო აქტივობა შემცირდა.
საქართველოში მიმდინარე კვირას შემდეგი ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებას უნდა ველოდოთ: 08 სექტემბერს მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრისა და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის II კვარტალი) გამოქვეყნდება. ასევე ამავე დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2021 წლის II კვარტალი, წინასწარი) გასაჯაროვდება.