მიმდინარე კვირას ამერიკის ფედერალური სარეზერვო სამსახური საპროცენტო განაკვეთის კიდევ 50 ბაზისური პუნქტით გაზრდას აპირებს. ივნისში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე ივლისიდან აისახება. მოსალოდნელია, რომ მსგავსი მატება სექტემბერშიც იქნება. თუმცა ამაზე დაზუსტებით ჯერ ვერავინ საუბრობს. ინვესტორები შიშობენ, რომ საპროცენტო განაკვეთების აგრესიული ზრდა ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს.
მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება მიმდინარე კვირას დიდ ბრიტანეთშიც იგეგმება. როგორც ელოდებიან, ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთს კიდევ 25 ბაზისური პუნქტით გაზრდის. გარდა ამისა, ბრიტანეთი აპრილის სავაჭრო ბალანსის და ასევე მშპ-ის მაჩვენებლებსაც გამოაქვეყნებს. მიმდინარე კვირასვე, ბრიტანეთი უმუშევრობის განახლებულ დონეს გაასაჯაროებს.
ევროკავშირში აპრილის სავაჭრო ბალანსის მაჩვენებლები გახდება ცნობილი. რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ მონაცემს უნდა ველოდოთ ევროზონისგანაც. კერძოდ, იგეგმება პირველი კვარტალის ხელფასების სტატისტიკის გამოქვეყნება, ასევე შრომის ღირებულების ინდექსის გასაჯაროება. გაიმართება ევროჯგუფის შეხვედრებიც.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იტალიაში უმუშევრობის კვარტალური მაჩვენებელი გახდება ცნობილი. იაპონია მაისის სავაჭრო ბალანსს გამოაქვეყნებს, რუსეთში კი პირველი კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელი გახდება ცნობილი.
მიმდინარე კვირას დატვირთული ეკონომიკური კალენდარია ჩინეთშიც. ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების განახლებული მაჩვენებლების გამოქვეყნება იგეგმება. საინტერესოა ბოლო პერიოდში მსოფლიოს სიდიდით რიგით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში რა ტენდენციები იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ არაერთ მსხვილ ქალაქში კვლავ კოვიდრეგულაციები წესდება. საინტერესო იქნება მაისის რიტეილ-გაყიდვები და უმუშევრობის დონეც, რომელიც ასევე მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდება.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირაში საქსტატი 2022 წლის მაისის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებს გამოაქვეყნებს, ასევე ცნობილი გახდება პირველი კვარტალის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა. მნიშვნელოვანი მონაცემი იქნება 2022 წლის მაისის საარსებო მინიმუმი, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდება. გარდა ამისა, მიმდინარე კვირას იგეგმება მუზეუმებისა და თეატრების 2021 წლის სტატისტიკური გამოკვლევის გამოქვეყნება. ასევე, სამაცივრე, სასაკლაო მეურნეობებისა და ელევატორების გამოკვლევის შედეგების (2021 წელი) და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის (2022 წლის I კვარტალი) გასაჯაროებაც.