ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას მსოფლიოს არაერთი წამყვანი ქვეყნის ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ მიიღებს. მათ შორის არის აშშ-იც, სადაც მოსალოდნელია, რომ ფედერალური სარეზერვო სამსახური საპროცენტო განაკვეთს უცვლელად – 0.0%-0.25% ნიშნულზე დატოვებს. ამის შემდეგ პრესკონფერენციას სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელიც გააკეთებს. პაუელის განცხადებები ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ინფლაციის ცვლილება და საპროცენტო განაკვეთების შესახებ გადაწყვეტილება მათზეც აისახება.

საპროცენტო განაკვეთის გარდა, მიმდინარე კვირას აშშ-ში სახაზინო დეპარტამენტი რიტეილ-გაყიდვების თებერვლის მაჩვენებელსაც გამოაქვეყნებს. წინასწარი პროგნოზებით, ქვეყანაში რიტეილ-გაყიდვები იანვართან შედარებით  0.6%-ით შემცირდა, იანვარში კი 5.3%-იანი ზრდა იყო. როგორც წესი, რიტეილ-გაყიდვების ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს, მაშინ როდესაც გაყიდვების კლება ეკონომიკის კლებას გულისხმობს, ვინაიდან აშშ-ის ეკონომიკური ზრდის 70%  სწორედ სამომხმარებლო დანახარჯებზე მოდის.

მიმდინარე კვირას, ასევე, 2020 წლის ბოლო კვარტალის შემოსავლების შესახებ ისეთი კომპანიები გამოაქვეყნებენ ინფორმაციას, როგორიცაა FedEx-ი, Nike-ი, Dollar General-ი, PagerDuty, Coupa Software, Crowdstrike-ი და Sundial Growers-ი.

დიდ ბრიტანეთში კი საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შესახებ Bank of England-ის მმართველი ენდრიუ ბეილი გააკეთებს განცხადებას. მონეტარული პოლიტიკის ცვლილების შესახებ განცხადებებია მოსალოდნელი იაპონიასა და რუსეთშიც.

გარდა ამისა, ჩინეთსა და რუსეთში მიმდინარე კვირას ელოდებიან თებერვლის რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებლისა და უმუშევრობის დონის განახლებული მონაცემის გამოქვეყნებას. ინდოეთი კი თებერვლის სავაჭრო ბალანსს გაასაჯაროებს. ექსპორტ-იმპორტის თებერვლის მონაცემებს იაპონია და შვეიცარიაც გამოაქვეყნებენ. ხოლო ევროკავშირში იანვრის  სავაჭრო ბალანსი გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *