მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ორ საჯარო გამოსვლას გეგმავს, რომლებსაც ინვესტორები აქტიურად მიადევნებენ თვალს, ვინაიდან მისი მესიჯები 15 დეკემბრის მონეტარული პოლიტიკის მორიგ სხდომამდე საყურადღებო იქნება. ევროზონის ინფლაცია ნოემბერში შესუსტდა, თუმცა ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ბანკი საპროცენტო განაკვეთების 50 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს. ცნობისთვის, მიმდინარე წელს ECB-მ მონეტარული პოლიტიკა რეკორდულად გაამკაცრა. ელოდებიან, რომ განაკვეთების ზრდის ტენდენცია მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ავსტრალიისა და კანადის ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავენ. აქაც ზრდას ელოდებიან, განსაკუთრებით – კანადაში, სადაც ანალიტიკოსების მოსაზრებები ორადაა გაყოფილი, ნაწილი მიიჩნევს, რომ ზრდა მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტი იქნება, ნაწილი კი 50-პუნქტიან საბაზისო მატებას ელოდება.
რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, 5 დეკემბრის კვირაში ევროკავშირი ოქტომბრის რიტეილ-გაყიდვების მონაცემს გამოაქვეყნებს, აშშ და კანადა კი ოქტომბრის სავაჭრო ბალანსს, იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლებს. ხოლო ჩინეთში ნოემბრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები გახდება ცნობილი. ამასთან, ევროკავშირი გეგმავს მესამე კვარტალის დასაქმების მონაცემების, ასევე მშპ-ის მაჩვენებლების გამოქვეყნებას. მესამე კვარტალის მშპ-ს გამოაქვეყნებს იაპონიაც.
რაც შეეხება საქართველოს, საქსტატი მიმდინარე კვირის დასაწყისში 2022 წლის III კვარტალის საწარმოთა საქმიანობის შედეგებს (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა) გამოაქვეყნებს. ასევე იგეგმება ნოემბრის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსისა და მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლების (2022 წლის III კვარტალი) გასაჯაროება. კვირის ბოლოს კი მესამე კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარ მონაცემებს შევიტყობთ.