მიმდინარე კვირას ევროკომისია ევროზონის კვარტალურ ეკონომიკურ პროგნოზს გამოაქვეყნებს. მანამდე კი დაგეგმილია ევროზონის მშპ-ის განახლებული მონაცემების გამოქვეყნებაც. ხოლო ოთხშაბათს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი ბანკის წლიურ ანგარიშს სტრასბურგში, ევროპარლამენტში წარადგენს.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მიმდინარე კვირას დაგეგმილია ინფლაციისა და დასაქმების განახლებული მონაცემების გასაჯაროება. აღნიშნული მონაცემები ინგლისის ცენტრალურ ბანკს მარტში საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოქვეყნებას ელოდებიან. ასევე იგეგმება იანვრის რიტეილ-გაყიდვების და უმუშევრობის შესახებ განაცხადების შესახებ ბოლო მონაცემების გამოქვეყნებაც. პარალელურად, ამერიკული მსხვილი კომპანიები აგრძელებენ გასული წლის შემოსავლების გამოქვეყნებას, მათ შორის იქნება Coca-Cola და Deere-ი. აღსანიშნავია, რომ S&P 500-ის კომპანიების ნახევარზე მეტმა უკვე გაასაჯაროვა შემოსავლები.
იაპონიაშიც მნიშვნელოვანი კვირა იქნება. სამშაბათს ქვეყნის მთავრობა ოფიციალურად დაასახელებს იაპონიის ცენტრალური ბანკის მმართველის ახალ კანდიდატურას. აღსანიშნავია, რომ მოქმედ მმართველს ჰარუჰიკო კუროდას ვადა მალე ეწურება. საუბარია 71 წლის კაზუო უედას კანდიდატურაზე, რომელიც იაპონიის ბანკის საბჭოს ყოფილი წევრია.
რაც შეეხება საქართველოს, საქსტატი კვირის დასაწყისშივე საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებს (2023 წლის იანვარი) გამოაქვეყნებს, ასევე, მიმდინარე კვირასვე გამოქვეყნდება უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2022 წლის წლიური, 2022 წლის IV კვარტალი), ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2022 წლის დეკემბერი) და საარსებო მინიმუმი (2023 წლის იანვარი). კვირის მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია მეცხოველეობის მაჩვენებლების, სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგების (2022 წლის IV კვარტალი), სასაკლაოების გამოკვლევის შედეგების (2022 წლის IV კვარტალი), ელევატორების გამოკვლევის შედეგების (2022 წლის IV კვარტალი) და მატერიალური ნაკადების ანგარიშის გამოქვეყნება.