საქართველომ ყველაზე მეტი ქულა სასამართლოს ეფექტიანობის კრიტერიუმში დაკარგა.
Heritage Foundation-ის “2019 Index of Economic Freedom” მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში საქართველომ ეკონომიკური თავისუფლებით მე-16 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის. საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა.
საქართველოს სარეიტინგო ქულა 75.9-ა, რაც 0.3 ქულით გაუარესებული მაჩვენებელია.
ანგარიშში ქვეყნები ოთხი ძირითადი კრიტერიუმით ფასდება. ესენია: კანონის უზენაესობა, მთავრობის სიდიდე, რეგულაციური ეფექტიანობისა და თავისუფალი ბაზრები.
კანონის უზენაესობის კრიტერიუმი შემდეგ ცვლადებს აერთიანებს: საკუთრების უფლების დაცვა, მთავრობის ინტეგრაცია, სასამართლოს ეფექტიანობა. სწორედ ამ კრიტერიუმში გაუარესებულ მაჩვენებლებს უკავშირდება საქართველოს სარეიტინგო ქულის შემცირება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ზეწოლა კვლავ ემუქრება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ამასთან, საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, თუმცა მაღალი რანგის საჯარო მოხელეების მხრიდან კორუფციის ფაქტები კვლავ პრობლემად რჩება.
“მთავრობის ზომის“ ყველა ქვეკრიტერიუმში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა. ქვეკრიტერიუმები მოიცავს სამთავრობო ხარჯებს, ფისკალურ სიჯანსაღესა და საგადასახადო ტვირთს.
რაც შეეხება რეგულაციების ეფექტურობის კრიტერიუმს, ამ შემთხვევაში საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუარესდა, როგორც სამუშაო ძალისა და მონეტარული თავისუფლების ქვეკრიტერიუმებში, ასევე ბიზნესის თავისუფლების ქვეკრიტერიუმში.
Heritage Foundation აღნიშნავს, რომ საქართველოში ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკაა და ქვეყანაში ბიზნესის დასაწყებად მხოლოდ ორი დღე და ორი პროცედურაა საჭირო, ამასთან არაა მოთხოვნა მინიმალურ კაპიტალზე. თუმცა სამუშაო ბაზარს აკლია დინამიზმი.
თავისუფალი ბაზრების ქვეკრიტერიუმში ინვესტირებისა თავისუფლების კუთხით საქართველოს პოზიციები უცვლელი დარჩა. გაუმჯობესდა ფინანსური თავისუფლების სარეიტინგო ქულა და 70 შეადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ გარკვეული შეზღუდვები დააწესა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მიწების შეძენასთან დაკავშირებით. საბანკო სექტორი ქვეყნაში ვითარდება, თუმცა კვლავ სუსტია საფონდო ბირჟა და კაპიტალის ბაზარი.
ჯამში საქართველოს სარეიტინგო ქულა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე (60.8) მაღალია, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში 2019 წლის რეიტინგში საქართველოს ყველაზე ცუდი პოზიცია აქვს. კერძოდ, თუკი წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 75.9-ა, 2018 წელს ის 76.2-ს, ხოლო 2017 წელს კი 76-ს შეადგენდა.
წლევანდელ რეიტინგში ყველაზე მეტად სასამართლო ეფექტურობის სარეიტინგო ქულა შემცირდა და მან 54.6 შეადგინა (-9.6 ქულა). ყველაზე დიდი გაუმჯობესება კი ქვეყანამ ფინანსური თავისუფლების კრიტერიუმში აჩვენა, +10 ქულა და ჯამში 70 ქულა.
რეგიონის ქვეყნებს შორის, რომელიც ჯამში 44 ქვეყანას აერთიანებს, საქართველოს მერვე ადგილი უკავია.
მიმდინარე წელს რეიტინგში პირველი ადგილი ჰონგ კონგმა დაიკავა. მას მოსდევს სინგაპური და ახალი ზელანდია.