ელექტრონული კომერციის ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზრები მსოფლიოში

ელექტრონული კომერციის ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზრები მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში გაყიდვების მთლიანი ინდუსტრია შემცირდა, ელექტრონულმა კომერციამ გაყიდვების უპრეცედენტო ზრდას მიაღწია. 2020 წელს ელექტრონული კომერციის საცალო გაყიდვები 27.6%-ით გაიზარდა და მსოფლიო მასშტაბით 4.28 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარი ელექტრონული კომერციის კუთხით სხვადასხვაგვარად გაიზარდა.

2020 წელს ყველაზე სწრაფად მზარდი ელექტრონული კომერციის ბაზარი ლათინური ამერიკის რეგიონი გახლდათ. წლიდან წლამდე მისმა ზრდამ 36.7% შეადგინა და 2010 წლის შემდეგ პირველად გადაასწრო აზია-წყნარი ოკეანის ბაზარს.

აღნიშნულ ზრდაში გადამწყვეტი როლი პანდემიამ ითამაშა. რეგიონის ორ მთავარ ეკონომიკურ ჰაბს, ბუენოს-აირესსა და სან-პაულუს, კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელების გამო მძიმე და მკაცრი შემზღუდველი პოლიტიკის გატარება მოუხდა. ამან კი მნიშვნელოვნად გაზარდა ელექტრონული კომერციის ბაზარი. თუკი მონაცემებს სახელმწიფოების დონეზე შევადარებთ ერთმანეთს, ყველაზე მზარდი ელკომერციის ბაზარი სწორედ არგენტინას ჰქონდა და ზრდამ წინა წელთან შედარებით 79% შეადგინა.

მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი სინგაპურს აღმოაჩნდა. ქვეყანაში ელექტრონული კომერციის ბაზრის ზრდის ტემპი 71.1% იყო. სახელმწიფომ ციფრული ინდუსტრიის წასახალისებლად სხვადასხვა ღონისძიება გაატარა. აღნიშნული მაჩვენებლით მესამე ადგილზე ესპანეთი იმყოფება. მისი ელკომერციის ბაზრის ზრდა 36%-ს შეადგენდა. ტენდენციით აშკარა ხდება, რომ ეს მონაცემები განსაკუთრებით დიდი იმ სახელმწიფოებშია, სადაც კოვიდის გავრცელების მაჩვენებლები მაღალი იყო და მთავრობებმა მძიმე შეზღუდვები დააწესეს.

კატეგორიების მიხედვით ყველაზე დიდი ზრდა საკვების სექტორმა განიცადა. მოგზაურობის ინდუსტრიისაგან განსხვავებით, რომლის ვარდნაც 50%-ს უდრიდა, კვების ინდუსტრიამ ელექტრონულ კომერციაში 44.8%-იანი ზრდა აჩვენა.

Visual Capitalist / LOGIQ
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *