ამერიკელი ხელოვანის, ენდი უორჰოლის მიერ შესრულებულ მერილინ მონროს პორტრეტს, სახელწოდებით „Shot Sage Blue Marilyn“ აუქციონზე $200 მილიონად გაიტანენ. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს ყველაზე მაღალი საწყისი ფასია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გატანილი ხელოვნების ნიმუშისთვის დაუდვიათ. როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობის პორტრეტს Christie’s-ის სააუქციონო სახლი ნიუ-იორკში, მაისში გაყიდის.
„Shot Sage Blue Marilyn“ 1964 წელსაა შესრულებული. ხელოვანმა პორტრეტის შესაქმნელად მერილინ მონროსთვის გადაღებული ფოტო გამოიყენა 1953 წლის ფილმიდან „ნიაგარა“. „Shot Sage Blue Marilyn“ უორჰოლის ნამუშევრების სერიაში „Shot Marilyns“ შედის.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თუ პორტრეტი $200 მილიონად გაიყიდება, ეს ენდი უორჰოლის ხელოვნების ნიმუშებისთვის რეკორდული მაჩვენებელი იქნება. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ხელოვანის ნამუშევარი, სახელწოდებით „Silver Car Crash (Double Disaster)“ 2013 წელს 105.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. მოცემული დროისთვის უორჰოლის ნამუშევრებს შორის რეკორდი სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „Shot Sage Blue Marilyn“ მე-20 საუკუნის ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუში იქნება, რომელიც აუქციონზე გაიყიდება. ზოგადად კი, აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშის სტატუსი ამჟამად ლეონარდო და ვინჩის ფერწერულ ტილოს – „Salvator Mundi“-ს ეკუთვნის. ის 2017 წელს 450 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.