ენდი უორჰოლის ნამუშევარი Sotheby’s-ის აუქციონზე $85.4 მილიონად გაიყიდა

ენდი უორჰოლის ნამუშევარი Sotheby’s-ის აუქციონზე $85.4 მილიონად გაიყიდა

ამერიკელი ხელოვანის, ენდი უორჰოლის ნამუშევარი, სახელწოდებით „White Disaster (White Car Crash 19 Times)“ Sotheby’s-ის აუქციონზე 85.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ეს ფასი დაახლოებით 131-ჯერ აღემატება თანხას, რომელიც ამავე ხელოვნების ნიმუშში თითქმის ოთხი ათეული წლის წინ გადაიხადეს.

საკომისიოს გამოკლებით, ნამუშევარში გადახდილმა თანხამ 74 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ნამუშევარი აქამდე ბოლოს აუქციონზე 1987 წელს გამოჩნდა და მისი გაყიდვით მიღებულმა თანხამ მხოლოდ $650,000 შეადგინა. მაშინ ხელოვნების ნიმუშის გაყიდვა Christie’s-ის სააუქციონო სახლმა ითავა. ამის შემდეგ „White Disaster (White Car Crash 19 Times)“ აუქციონებზე აღარ გამოჩენილა, თუმცა, როგორც ცნობილია, ის აუქციონის გარეშე გაიყიდა.

აღნიშნული ნამუშევარი ენდი უორჰოლმა 1963 წელს შექმნა. მასზე, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, 19 კადრში ავტოსაგზაო შემთხვევაა ასახული. Sotheby’s-ის წარმომადგენლების განცხადებით, ხელოვნების ნიმუშის წინასააუქციონო შეფასება 80 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ უორჰოლის ნამუშევრებს შორის, მოცემული დროისთვის, რეკორდი მერილინ მონროს პორტრეტს „Shot Sage Blue Marilyn“ ეკუთვნის, რომელიც $195 მილიონად გაიყიდა. ის მიმდინარე წლის მაისში მეგადილერმა ლარი გაგოსიანმა შეიძინა. ამ დრომდე უცნობია, იყიდა თუ არა გაგოსიანმა ნამუშევარი მისი ერთ-ერთი მილიარდერი კლიენტისთვის.

“White Disaster (White Car Crash 19 Times)” / Sotheby’s