რუმინეთის ხელისუფლების განცხადებით, ინფლუენსერსა და ყოფილ კიკბოქსერ ენდრიუ ტეიტს გაუპატიურების, ადამიანით ვაჭრობისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით კრიმინალური ჯგუფების შექმნის ბრალდებით გაასამართლებენ.
ტეიტსა და მის ძმას, ტრისტანს, ორ სხვა ეჭვმიტანილთან ერთად დეკემბერში შინაპატიმრობა შეეფარდათ. ეჭვმიტანილები მარტში გაათავისუფლეს. ოთხივე მათგანი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. რუმინეთის ორგანიზაციული დანაშაულის სააგენტოს, DIICOT-ის განცხადებით, სასამართლოს წინაშე წარდგენა რუმინეთის ორ, და ამერიკისა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორ პირს მოუწევს. სწორედ ტეიტი და მისი ძმა ფლობენ ამერიკისა და ბრიტანეთის ორმაგ მოქალაქეობას.
მართალია, თავად რუმინეთის ხელისუფლებას ბრალდებულთა სახელები არ გაუსაჯაროებია, ენდრიუ და ტრისტან ტეიტების ბრალდება მათმა პირადმა წარმომადგენელმა დაადასტურა. მატეა პეტრესკუს განცხადებით, საბრალდებო დასკვნა მათ გუნდს საშუალებას აძლევს, დროთა განმავლობაში შეგროვებული და მომზადებული მტკიცებულებები წარადგინონ, რაც ძმების უდანაშაულობას უდავოდ დაასაბუთებს. სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ არ დანიშნულა.
დანაშაულებრივი სააგენტოს ინფორმაციით, ოთხ ბრალდებულს პროკურატურა 2021 წლის დასაწყისში კრიმინალური დაჯგუფების შექმნას ედავება. დაჯგუფება რუმინეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ადამიანებით ვაჭრობდა. სააგენტოს განცხადებით, ეჭვმიტანილები შვიდ მსხვერპლზე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ.