Duolingo Inc–ის განცხადებით, ისინი ზრდიან IPO- ს (პირველადი საჯარო შეთავაზება) ფასების დიაპაზონს აშშ–ში, რადგანაც ინვესტორების მხრიდან ენის შემსწავლელი პროგრამის აქციებზე ინტერესი მუდმივად მზარდია.
კომპანიის განცხადებით, IPO– ს ფარგლებში დაახლოებით 5.1 მილიონი აქცია გაიყიდება, რომელთა ფასი $95–100 დიაპაზონში იქნება, საინტერესოა, რომ მანამდე თითო აქციის ფასი დაახლოებით $85–$95 იყო. ვარაუდობენ, რომ Duolingo IPO–ს საშუალებით $511 მილიონის მოზიდვას მოახერხებს, შესაბამისად, კომპანიის ღირებულება $4.6 მილიარდს გადააჭარბებს.
აქციონერების მიერ დაახლოებით 1.4 მილიონი აქცია გაიყიდება, თუმცა მიღებული თანხა კომპანიას არ გადაეცემა.
უნდა აღინიშნოს, რომ 500 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვით, Duolingo–ს აპლიკაცია განათლების კატეგორიაში ყველაზე მასშტაბურია როგორც Google Play-ს სისტემაში, ასევე Apple-ის App Store-ის სისტემებში.
პიტსბურგში დაფუძნებულ კომპანიას ყოველთვიურად დაახლოებით 40 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც 40 სხვადასხვა ენას სწავლობენ, მათ შორის ისეთ ენებსაც, როგორიცაა ირლანდიური და ჰავაიური. საინტერესოა, რომ კომპანიის მონაცემებით ამ ენებზე უფრო მეტი ონლაინშემსწავლელია, ვიდრე ამ ენაზე მოსაუბრე.
Goldman Sachs & Co და Allen & Company IPO–ს წამყვანი ანდერრაიტერები არიან. ცნობისთვის, Duolingo Nasdaq-ზე დაფიქსირებას DUOL აბრევიატურით გეგმავს.