რევაზ ნიკოლაიშვილის ჩეხური თავგადასავალი | ინტერვიუ Amazon-ის ჩეხეთის ოფისის ოპერაციების მენეჯერთან

რევაზ ნიკოლაიშვილის ჩეხური თავგადასავალი | ინტერვიუ Amazon-ის ჩეხეთის ოფისის ოპერაციების მენეჯერთან

15 წლის წინ, როცა საქართველო განვითარებას თითქმის ყველა სფეროში თავიდან იწყებდა, გადაწყვიტა, სწავლა პრაღის „ნიუ-იორკის უნივერსიტეტში“ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გაეგრძელებინა და საფუძვლიანად შეესწავლა ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა.

33 წლის რევაზ ნიკოლაიშვილი დღეს მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მოგებიანი კომპანია Amazon-ის პრაღის ოფისის ოპერაციების მენეჯერია და  დაახლოებით 1000 თანამშრომლისგან შემდგარ გუნდს მართავს. სექტემბრიდან კი ახალ პოზიციაზე – ოპერაციების უფროს მენეჯერად გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 4000-იან გუნდს უხელმძღვანელებს, აღებული პასუხისმგებლობა და განვითარების შესაძლებლობა კი იმაზე მეტი ექნება, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა.

სკოლაში ყველაზე მეტად ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით კი მათემატიკა უყვარდა, რომელიც დღეს მისი საქმის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ გიგანტ კომპანიაში მაღალი პოზიცია უკავია, სწავლას არასოდეს წყვეტს. ჩეხურ ენაზე თავისუფლად საუბრობს და მალე ფრანგულსაც სრულყოფილად დაეუფლება.

ცოტა ხნის წინ Amazon-ის ჩეხეთის ოფისის ოპერაციების მენეჯერი, რევაზ ნიკოლაიშვილი საქართველოში იმყოფებოდა, აღნიშნული შესაძლებლობა Forbes Georgia-მ გამოიყენა და მასთან ინტერვიუც ჩაწერა.

Amazon-ში ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობთ. გვიამბეთ, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს და თავდაპირველად როგორ შედგა თქვენი და კომპანიის ურთიერთთანამშრომლობა?

Amazon-ის ლოგისტიკაში არის ორი – შემომავალი და გამავალი – პროდუქციის განყოფილება. მე შემომავალი პროდუქციის მიმართულებით ვარ ოპერაციების მენეჯერი და ჩვენს დეპარტამენტს  მიღება, დაფასოება და გაგზავნა ეხება. ჩვენ  ქვეყნიდან გაგზავნილი ყველა პროდუქტის კურირება და ორგანიზება გვევალება.

Amazon-ის კონკრეტულად ჩვენი ოფისი 13 სტადიონის ზომის სივრცეს აერთიანებს, სადაც 25 მილიონი პროდუქტი თავსდება. ძირითადად ვემსახურებით გერმანიას, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შრომატევადია, დიდ სიამოვნებას ვიღებ.

რაც შეეხება Amazon-ში მოხვედრის ისტორიას, ცოტა უცნაურია, მაგრამ თავად მიპოვეს და ზუსტად მეც არ ვიცი, როგორ. ვფიქრობ, Linkedin-ზე აღმომაჩინეს. 2015 წლის ერთ დღეს  ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ Amazon-დან იყვნენ,  მაშინ ჩეხეთში ფილიალი ჯერ არ ჰქონდათ გახსნილი, თუმცა გეგმავდნენ და თუ მათთან მუშაობის სურვილი მექნებოდა, გასაუბრებას ჩამიტარებდნენ.

ზუსტად შვიდი გასაუბრება გავიარე, სამი სატელეფონო, დანარჩენი პირისპირ შეხვედრით ერთ ოთახში, ოთხ ადამიანთან. ერთთან საუბარს რომ  დავასრულებდი, მეორე შემოდიოდა. ცოტა ხანში დამირეკეს და მათი თანამშრომელი გავხდი. მე ვარ ჩეხეთის პირველი ოფისის პირველი ნაკადის თანამშრომელი. თავდაპირველად სხვა პოზიციაზე ვმუშაობდი, შემდეგ ოპერაციების  მენეჯერი გავხდი. კომპანიის მოთხოვნებს რაც შეეხება, იყო საუნივერსიტეტო განათლება, სამუშაო გამოცდილება დიდი გუნდის მენეჯმენტის კუთხით, ლოგისტიკის მიმართულებით მიღებული ცოდნა და სასურველი იყო აღნიშნული მიმართულებით წარსულში გამოცდილების ქონა.

როცა Amazon-დან დამირეკეს, მაშინ ჩეხეთში საქართველოს საელჩოში სტაჟირებას გავდიოდი და ელჩს, ზაალ გოგსაძეს დავყვებოდი შეხვედრებზე, ვაკეთებდი ქვეყანაში მიმდინარე იმ პოლიტიკური პროცესების ანალიზს, რომლებიც შეიძლებოდა საქართველოსთან დაკავშირებული ყოფილიყო. თუმცა მაინც ვფიქრობდი, რომ პოლიტიკა არ იყო ის, რაც საბოლოოდ მაინტერესებდა და ისევ ბიზნესის სასარგებლოდ მივიღე გადაწყვეტილება.

როგორც აღნიშნეთ, სექტემბერში Amazon-ის ჩეხეთის ოფისში ახალ პოზიციაზე გადადიხართ. რამ განაპირობა თქვენი დაწინაურება და როგორ ხვდებით ახალ გამოწვევებს?

ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე უკვე ოთხი წელია, ვმუშაობ. უფროსი ოპერაციების მენეჯერის პოზიცია კი Amazon-ის ჩეხეთის ოფისში მეორე უმაღლესი თანამდებობაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლოა.

რაც შეეხება Amazon-ის მიერ ჩემ შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, კომპანია ჩეხეთში მეორე ოფისს ხსნის, რომლის მმართველობაშიც ჩემი უშუალო ხელმძღვანელი გადავა, მის პოზიციას კი ძველ ოფისში მე დავიკავებ.

რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ თუ გამოწვევების შეგეშინდება, მაშინ ვერ განვითარდები. როცა პირველად ოთხი წლის წინ დამაწინაურეს და ოპერაციების მენეჯერად დამნიშნეს, გამოგიტყდებით, ცოტა მეშინოდა. ახლაც მეტ პასუხისმგებლობას ვიღებ და არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ოფისებთან მექნება მჭიდრო კავშირი და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჩემგან მოითხოვენ პასუხებს.

რა დაგეხმარათ ჯერ ჩეხეთში, შემდეგ კი Amazon-ში თავის დამკვიდრებაში?

პრაღაში წასვლამდე აშშ-ში ვცხოვრობდი, სადაც სკოლის პერიოდში Flex-ის პროგრამით წავედი. იქ High school-ი დავამთავრე და, შესაბამისად, უცხოეთის შესახებ ბევრი რამ უკვე ვიცოდი. რაც შეეხება ჩეხეთს, ქვეყანაში დამკვიდრება გამიადვილა იმან, რომ უნივერსიტეტში ქართველი მეგობრები მყავდა, თუმცა საჭირო იყო ადგილობრივებთან კავშირების დამყარება, გარემოსთან ადაპტაცია, რის გამოც ჩეხური ენის კურსებზე შევედი და მისი შესწავლა დავიწყე, რამაც ყველაფერი უაღრესად გამიადვილა. როცა თავიანთ ენაზე ესაუბრები, ხალხი უფრო მეტად გიღებს. უხაროდათ, 2-3 წელია აქ ხარ და უკვე ჩეხურ ენაზე საუბრობო. Amazon-ის ოფისში თანამშრომელთა 95-97% ჩეხი ან სლოვაკია, შესაბამისად, მხოლოდ ჩეხურ ენაზე ვსაუბრობთ, რაც თავისთავად, ბარიერებს ხსნის. გამონაკლისია მხოლოდ მენეჯმენტის საერთო შეხვედრები, სადაც სამუშაო ენა ინგლისურია.

ერთი, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ თუ პროფესიონალი ხარ, ეროვნებას და წარმომავლობას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემი ერთ-ერთი ხელმძღვანელის დევიზი იყო – „არ შეგეშინდეს მარცხის“, რადგან მართლაც, თუ არ დამარცხდი, ვერაფერს ვერ მიაღწევ და კომპანიაში არსებულმა ამ მიდგომამ განვითარება ძალიან გამიადვილა. Amazon-ი ორიენტირებულია განვითარებასა და ინოვაციებზე, მნიშვნელობა არა აქვს, ეს ტექნიკური მიმართულებით იქნება თუ მენეჯმენტის. აქ აფასებენ ინოვაციურობას და გაძლევენ თავისუფლებას, მეტი იფიქრო სიახლეების დანერგვაზე. კომპანიაში ფასდება მუშაობა, როცა ხედავენ, რომ ცდილობ, რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო და, რეალურად, თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას მუდმივი ცდითა და ინოვაციების შემოტანით ახერხებენ. გარდა ამისა, რითაც Amazon-ს თუნდაც ადგილობრივი ჩეხური კომპანიებისგან გამოვარჩევდი, ეს არის მათი მიდგომა  უსაფრთხოების მიმართ. შეხვედრების დროს დიდ ყურადღებას სწორედ ამ საკითხზე საუბარს უთმობენ, ხოლო თუ სამუშაო ადგილზე ვინმე დაშავდა, მიზეზებს დეტალურად განიხილავენ და შემდეგ ნაბიჯებს ამის მიხედვით დგამენ.

რაც შეეხება კარგ მენეჯმენტს, მისი საწინდარი არის ფსიქოლოგიის კარგად ცოდნა – მე ასე ვფიქრობ. არც ერთი ადამიანი არ არის სხვების მსგავსი, ყველას განსხვავებული მიდგომა სჭირდება და ვფიქრობ, ამ კუთხით ფსიქოლოგია ძალიან დამეხმარა, რადგან უნივერსიტეტში სწავლისას ორგანიზაციული კულტურის ფსიქოლოგიის მიმართულებით კურსებს გავდიოდი. თითქოს ბანალურია, მაგრამ ასეა –  ადამიანის ქცევების, განწყობების, ხასიათის შესახებ მიღებული ცოდნა მენეჯმენტში ძალიან გამომადგა.

საინტერესოა ასევე, რა მიდგომა აქვს Amazon-ს თანამშრომლების როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების კუთხით?

Amazon-ი ევროპის სხვადასხვა ქალაქში მუდმივად ატარებდა ტრენინგებს, თუმცა COVID-19-ის გამო ახლა, ამ მხრივ, შეზღუდულები ვართ. მაგალითად, ერთ-ერთი ტრენინგი ეხებოდა თვითრეალიზაციას, რომელშიც სხვადასხვა აქტივობა შედიოდა და ბოლოს გეუბნებოდნენ, როგორი პიროვნული თვისებები გქონდა. როგორც მე მითხრეს, ძალიან ორიენტირებული ვიყავი შედეგებსა და რიცხვებზე.

აღნიშნული ტრენინგები მიზნად ისახავს საკუთარი თავის, მენეჯერული შესაძლებლობების ამოცნობას, იმაში გათვითცნობიერებას, რა უნდა შეცვალო საკუთარ თავში და როგორ უნდა ჩაატარო უკეთესი ინტერვიუები. რომ დაუკვირდე, ეს ყველაფერი მართლაც ფსიქოლოგიასთანაა კავშირში.

გარდა ამისა, განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მომცა 2020 წელს Amazon-ის საფრანგეთის ფილიალში ექვსთვიანმა მუშაობამ, სადაც ახალი ოფისის გახსნა მქონდა დავალებული. ვიტყოდი, რომ ჩემი საქმე რუტინა ნამდვილად არ არის, ამის გარკვეულ ელემენტებს მოიცავს, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო და დინამიკურია, რადგან სულ რაღაც იცვლება და სწრაფად ვითარდები.

Amazon-ის ოფისი უკვე ექვსი წელია, ოთხდღიან სამუშაო კვირაზეა გადასული, რაც დასვენების, რეაბილიტაციის, ჰობით დაკავების და, ზოგადად, სხვა ინტერესების გამონახვის საშუალებასაც გაძლევს. ახლა ჩეხეთში არსებობს მოსაზრება, რომ კომპანიებისთვის ამგვარ გრაფიკზე გადასვლა სავალდებულო გახდეს. ოთხი დღის განმავლობაში შეიძლება საათ-ნახევრით-ორი საათით მეტი დროის განმავლობაში მუშაობა მომიწიოს, მაგრამ სამაგიეროდ, დანარჩენი სამი დღის განმავლობაში შემიძლია, ჩეხეთის სხვადასხვა ადგილი მოვინახულო, დავკავდე კალათბურთით, ცურვით, ვნახო მეგობრები, მეტი წავიკითხო და სხვა.

გქონიათ თუ არა პირდაპირი კომუნიკაცია Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან?

ჯეფ ბეზოსთან, რომელიც ახლა Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის, პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა ჩვენს ოფისში სტუმრობდა დეივ კლარკი, რომელიც ახლა მომხმარებელთა მომსახურების მსოფლიო სერვისის CEO-ს პოზიციას იკავებს. მისი ჩამოსვლა ჩეხეთში Amazon-ის პირველი ფილიალის გახსნას უკავშირდებოდა. თავდაპირველად ამგვარ ღონისძიებებზე ჯეფ ბეზოსიც დადიოდა, თუმცა შემდეგ ალბათ ამის დროს ვეღარ პოულობდა.

აღნიშნეთ, რომ Amazon-ი დიდი გუნდის მართვის გამოცდილებას ითხოვდა. საინტერესოა, მანამდე როგორ მიიღეთ აღნიშნული გამოცდილება? თქვენი საუნივერსიტეტო განათლების შესახებაც ცოტა უფრო მეტი გვიამბეთ…

თავდაპირველად დავიწყებ იმით, რომ სკოლა საქართველოში დავამთავრე. ჯერ თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში, შემდეგ კი ამერიკულ აკადემიაში ვსწავლობდი, რომლის დასრულების შემდეგ, 18 წლის ასაკში, წავედი ჩეხეთში და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა გავიარე ჯერ „ნიუ-იორკის უნივერსიტეტში“, შემდეგ  Empire State Collage-ში. ასევე, ვისწავლე პოლიტიკის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Metropolitan University Prague).

ჩეხეთში წასვლის მიზეზი იყო საქართველოსთან სიახლოვე, თანაც მინდოდა, ინგლისურ ენაზე მესწავლა და ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც უკვე პრაღაში იყვნენ, სწორედ „ნიუ-იორკის უნივერსიტეტს“ გაუწიეს რეკომენდაცია.  საბოლოო ჯამში, ყველა პროგრამამ პროფესიულად და პიროვნულად ძალიან გამზარდა და მასწავლა დისციპლინა, რადგან სწავლის პროცესი მარტივი ნამდვილად არ იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა უკვე მუშაობის დაწყების საშუალება მომეცა, დეტალურად ვიყავი გარკვეული იმაში, ზუსტად როგორია ორგანიზაციული კულტურის აღქმა და ა.შ.

რაც შეეხება ჩემს სამუშაო გამოცდილებას, დიდი ხნის განმავლობაში ოპერაციების მიმართულებით ვიყავი Air France-ის შვილობილი კომპანია BlueLink International CZ-ის თანამშრომელი, სადაც უდიდესი გამოცდილება მივიღეб  რაც ჩემს მომავალ საქმიანობაში ძალიან დამეხმარა. და როგორც უკვე აღვნიშნე, საშუალება მქონდა, გამოცდილება მიმეღო ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოშიც.

როგორ ფიქრობთ, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო და საერთაშორისო მასშტაბის კომპანიები შენით დაინტერესდნენ, არის თუ არა საჭირო, სასკოლო განათლების დასრულების შემდეგ, საზღვარგარეთ მიიღო განათლება?

ჩემი აზრით, ეს აუცილებლობა არ არის, მაგალითად, ბილ გეიტსს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას დიდი გავლენა აქვს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მიეჩვიო იმ დისციპლინას, რაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს აქვთ, განახორციელო პროექტები, ისწავლო მათი პრაქტიკაში დანერგვა.

ის პრაქტიკული ნაწილი, რაც მე უნივერსიტეტმა მომცა, იყო გონების ვარჯიში და ამას ფიზიკისა და ქიმიის შესწავლას შევადარებდი, რომლებიც სკოლაში ძალიან მიყვარდა. ეს პროცესი ავითარებს გონებას, უფრო სხარტს ხდის მას და შემდეგ ადამიანი უკეთეს შედეგებზე გადის. როცა გონება ორიენტირებულია ანალიტიკაზე და არა რაიმეს დაზეპირებაზე, ეს ადამიანს მუშაობის პროცესს უმარტივებს.

რამდენად შეგიძლიათ თქვათ, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ დასახულ მიზნებს მიაღწიეთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

საქართველოს დატოვებისას ვფიქრობდი, რომ ოთხ წელიწადში უკან დავბრუნდებოდი, თუმცა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

ვფიქრობ, რომ დღეს უფრო თავდაჯერებული ვარ, ვიდრე ადრე. მაგალითად, Amazon-ამდე Air France-ის შვილობილ კომპანიაში მუშაობისას ხშირად ჩემს ქმედებებში დარწმუნებული არ ვიყავი, ვყოყმანობდი, ახლა კი უფრო თავდაჯერებული გავხდი, რისი თქმის საშუალებასაც აღებული პასუხისმგებლობაც მაძლევს – რადგან ეს საქმე მომანდეს, ალბათ ცუდად არ ვასრულებ.

ვფიქრობ, ახალ პოზიციაზე დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში მაინც ვიმუშავებ. ჯერჯერობით არა, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოში დაბრუნებაზე ვფიქრობ, რადგან რამდენად კარგადაც არ უნდა ვგრძნობდე თავს ჩეხეთში, მაინც სხვა გრძნობაა, როცა შენს ქვეყანაში ჩამოდიხარ და ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხვდები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *