ექვსი მიგნება მსოფლიო ბანკის ანგარიშიდან „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“

ექვსი მიგნება მსოფლიო ბანკის ანგარიშიდან „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“

რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველომუფრო მწვანე და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგ განვითარებაზე გადასვლა შეძლოს? ამ შეკითხვას მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი სვამს და Forbes Georgia-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ თავის მოსაზრებაშივე პასუხობს. როგორც მოლინეუსი წერს, გარდა იმისა, რომ ამისათვის საჭიროა გარკვეული დამოკიდებულებების შეცვლა და სწორი პირადი არჩევანის გაკეთება, ეს საკითხი უშუალო კავშირშია ეკონომიკასთან. ის ამ კუთხით მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელ ანგარიშს „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“ განიხილავს, რომელშიც სწორედ მწვანე ეკონომიკის მიმართულება და ამ კუთხით არსებული შესაძლებლობებია მიმოხილული.

„ანგარიში ახდენს გარემოს დეგრადაციის შეფასებას და განსაზღვრავს სატყეო სექტორში ბუნებრივი დოვლათის მატების შესაძლებლობებს.  იგი გვთავაზობს გზას რესურსების პრიორიტეტული განაწილებისთვის, რათა COVID-19-ის პანდემიის შემდგომ წლებში ქვეყანამ უფრო მწვანედ აღადგინოს ეკონომიკა და განვითარება უფრო მდგრადი გახადოს“, – აღნიშნავს სებასტიან მოლინეუსი და მკითხველს მსოფლიო ბანკის ანგარიშის ექვს ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებას უზიარებს:

„პირველი – ჩვენ გამოვავლინეთ, რომ კლიმატის ცვლილების შედეგები საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, არაპროპორციულ გავლენას ახდენს ღარიბ მოსახლეობაზე, რომლის დიდი ნაწილი მიწის დამუშავებით საზრდოობს. ტემპერატურის მატება და ატმოსფერული ნალექის შემცირება უარყოფით გავლენას იქონიებს სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყალმომარაგების დარგებზე.

მეორე – უმოქმედობის შემთხვევაში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების ეკონომიკური ღირებულება შესაძლოა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტზე მეტი აღმოჩნდეს! საგულისხმოა, რომ კლიმატის ცვლილება იმგვარი პრობლემა არ არის, რომელიც მხოლოდ სასოფლო დასახლებებს შეეხება და არა ქალაქს.  ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ქალაქები, მათ შორის თბილისი, სულ უფრო მეტად ზარალდება ძლიერი უამინდობით, რომელსაც შედეგად მოჰყვება წყალდიდობა, დატბორვა, მეწყერი, რასაც თავის მხრივ, სხვა ზარალთან ერთად შედეგად მოაქვს კომუნალური მომსახურების ინფრასტრუქტურის დაზიანება.

მესამე – თუ გადავხედავთ საქართველოს დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროს, იქაც დავინახავთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედების ბევრ მაგალითს. მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი ანგარიშის თანახმად, გარემოს დეგრადაციის ეკონომიკური ღირებულება სანაპირო ზოლში მდებარე საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტის  მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 4-5 პროცენტი აღმოჩნდა, რაც განაპირობა 2018 წელს წყალდიდობებმა, ეროზიამ, ნარჩენებმა,  სასოფლო-სამეურნეო ნიადაგებისა და ტყისთვის მიყენებულმა ზიანმა.

მეოთხე – საქართველოს შთამბეჭდავი წარმატება ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება გონივრული პოლიტიკით, დაუღალავი შრომით და საერთაშორისო თანამშრომლობით. და მაინც, ეს ზრდა გარკვეულ ფასად დაუჯდა ქვეყანას. ჰაერის დაბინძურება საქართველოსთვის მზარდი ეკოლოგიური გამოწვევაა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სავარაუდო ეკონომიკური ღირებულება ყოველწლიურად 500 მლნ აშშ დოლარზე მეტია. ცხადია, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ამ სფეროში გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი.

მეხუთე – როდესაც საქმე ეხება როგორც ჰაერის ხარისხს, ისე ეკონომიკურ განვითარებას, ტყე წარმოადგენს ძირითად ეროვნულ სიმდიდრეს. საქართველომ გააძლიერა სატყეო სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო ტყის მდგრადი მართვის ყოვლისმომცველი ეროვნული სისტემის დანერგვით და ტყის ახალი კოდექსის მიღებით, რომელიც  ამ რესურსის გაუმჯობესებული მართვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

დაბოლოს, აღსანიშნავია კერძო სექტორის მზარდი როლი მწვანე განვითარებაში. მწვანე პრინციპებზე გადაწყობილი კომპანიები გაბედულად მიდიან ინოვაციებზე და ქმნიან უსაფრთხო, ჯანსაღ და გაცილებით პროდუქტიულ სამუშაო ადგილებს. ეს ტენდენცია უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონული ინტეგრაციისთვის  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში“, – წერს მოლინეუსი.