თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ქალაქ იზმირში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „არჩევნები მომავალი წლის ივნისში გაიმართება და ვაცხადებ, რომ „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი მე ვიქნები“, – თქვა ერდოღანმა.
საინტერესოა, რომ საკუთარი კანდიდატურის გამოცხადების შემდეგ ერდოღანმა მთავარი ოპოზიციური ძალის, „ეროვნული ალიანსის“ ლიდერს, ქემალ კილიჩდაროღლუს მიმართა და მოუწოდა, მისი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იმ დღესვე დაესახელებინა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს თურქეთს არაერთი პრობლემა დაატყდა თავს, მათ შორის ბოლო რეკორდულად მაღალი ინფლაცია და თურქული ლირის გაუფასურება – ეს და სხვა პრობლემები ერდოღანის „სახალხო ალიანსის“ პოპულარობაზე ნეგატიურად აისახება.