გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი მილიარდერი გახდა

გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი მილიარდერი გახდა

გოლფის ამერიკელი მოთამაშე ტაიგერ ვუდსი მილიარდერი გახდა – ის ისტორიაში მესამე სპორტსმენია, ვინც ამერიკული Forbes-ის მიერ შექმნილ პრესტიჟულ სიაში მოხვდა. ტაიგერ ვუდსის გარდა, მილიარდერი სპორტსმენების სიაში ამერიკელი კალათბურთელები, ლებრონ ჯეიმსი და მაიკლ ჯორდანი არიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტაიგერ ვუდსის სიმდიდრის მთავარი წყარო სპორტი სულაც არ არის – პროფესიული კარიერით, გოლფის მოთამაშემ თავისი კაპიტალის მხოლოდ 10% გამოიმუშავა. ტაიგერ ვუდსის მიერ დაგროვილი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის Gatorade-თან, Monster Energy-სთან, TayrolMade-თან, Rolex-თან და Nike-თან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მოდის – ეს უკანასკნელი, მაგალითად, უკვე 26 წელია, რაც გოლფის მოთამაშეს ასპონსორებს.

ამ ყველაფერთან ერთად, ტაიგერ ვუდსი წარმატებული საქმოსანიცაა – მის სახელს უკავშირდება გოლფის მოედნების კეთილმოწყობის კომპანია TGR Design-ი, ღონისძიებების მენეჯმენტის კომპანია TGR Live-ი და რესტორანი, The Woods-ი.  გარდა ამისა, ტაიგერ ვუდსი წილებს ფლობს გოლფის სასწავლო დანადგარების მწარმოებელ Full Swing-ში, სასტუმროებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ Heard-სა და მინი-გოლფის რამდენიმე მოედნის ოპერატორ PopStroke-ში.

ტაიგერ ვუდსის სახელს უკავშირდება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული კომპანია NEXUS Luxury Collection-იც, რომლის მეწილეები მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი, გოლფის მოთამაშე ერნი ელსი და ბრიტანელი მილიარდერი, ჯო ლუისი არიან.

საინტერესოა, რომ მილიარდერად გახდომაში ტაიგერ ვუდსს ხელი არც საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის მიერ ჩატარებულ შეჯიბრში, LIV Golf-ში უარის თქმამ შეუშალა. თავის დროზე იწერებოდა, რომ ამ ტურნირში მონაწილეობისთვის, საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი გოლფის ამერიკელ მოთამაშეს ცხრანიშნა ანაზღაურებას სთავაზობდა. აქვე უნდა ითქვას, რომ გასულ წელს ტაიგერ ვუდსმა $68 მილიონი გამოიმუშავა და 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი  სპორტსმენების სიაში მე-14 ადგილი დაიკავა – ყველაფერი ეს იმის ფონზე, რომ ვუდსი მინდორზე არ გამოჩენილა, რადგან მძიმე ავარიის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ თავის დროზე, 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში, ტაიგერ ვუდსი მსოფლიოს ყველაზე ანაზღაურებადი სპორტსმენის ტიტულს ათი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *