ერდოღანი: შვედეთი ნატოში გასაწევრიანებლად მზად არ არის

ერდოღანი: შვედეთი ნატოში გასაწევრიანებლად მზად არ არის

მომდევნო კვირაში ჩანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, თურქეთის მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ექსკლუზიური ინტერვიუ CNN-მა ჩაწერა. ინტერვიუს მსვლელობისას ერდოღანმა ყურადღება რამდენიმე ძირითად საკითხზე გაამახვილა, მათ შორის იყო არჩევნების შედეგები, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა და ნატოში შვედეთის გაწევრიანება.

ნატოში შემავალ სახელმწიფოებს შორის შეიარაღებული ძალების სიდიდით მეორე ქვეყანა სამხედრო ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას განაცხადის წარდგენის დღიდან აქტიურად ეწინააღმდეგება. თურქეთის ხელისუფლება სტოკჰოლმს ოფიციალური ანკარას მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს. ერდოღანის განცხადებით, იმ დრომდე, სანამ მათი ქვეყნისთვის საშიში ტერორისტები სტოკჰოლმის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდებიან, თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს დადებითად ვერ შეხვდება.

„ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვართ მზად შვედეთის მისაღებად, რადგან ნატოს წევრ სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მტკიცე პოზიცია, როდესაც საქმე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, შვედეთმა თურქეთის მოთხოვნა ანკარას მიერ ტერორისტებად დასახელებული პირების ექსტრადირებაზე არაერთგზის უარყო. შვედეთის ხელისუფლების პოზიციით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ შვედეთის სასამართლოებს აქვთ.

საინტერესოა, რომ CNN-თან გამოცემასთან ინტერვიუში ერდოღანმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებიც მიმოიხილა. „თურქეთს განსაკუთრებული და მზარდი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთი ყველა სფეროში სჭირდებათ“, – განაცხადა ერდოღანმა ინტერვიუსას და დასძინა, რომ არსებული ზეწოლის მიუხედავად, თურქეთი დასავლელი პარტნიორების მსგავსად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს და არც მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება აქვს.

შეგახსენებთ, თურქეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისსაა ჩანიშნული. მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩთაროღლუს დაუპირისპირდება.