ერდოღანი: თურქული ბანკები რუსულ საგადასახადო სისტემა Mir-ში გაერთიანდებიან

ერდოღანი: თურქული ბანკები რუსულ საგადასახადო სისტემა Mir-ში გაერთიანდებიან

ხუთი თურქული ბანკი რუსულ საგადასახადო სისტემა Mir-ში გაერთიანდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ქალაქ სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც თურქული სახელმწიფო სააგენტო, Anadolu წერს, თურქეთის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ ამ საკითხის გარშემო დიდი პროგრესი შეინიშნება, რაც დიდი შვებაა, როგორც რუსი ტურისტებისა, ისე თურქეთისთვის. შეგახსენებთ, რომ რუსი ტურისტებისთვის თურქეთი ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დანიშნულების ადგილია.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო სისტემაში გაწევრიანების გარდა, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის გადასახადის რუსულ რუბლში დაფარვის თაობაზეც შეთანხმდნენ. საინტერესოა, რომ სახელმწიფო მეთაურების შეხვედრის პარალელურად, ერთმანეთს ორი სახელმწიფოს ეროვნული ბანკების პრეზიდენტებიც შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება არაერთგზის დაგმო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული სახელმწიფოების მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. ამასთანავე, თურქეთს რუსეთიდან არც ენერგორესურსის იმპორტი შეუჩერებია. ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, თურქეთის მიერ განხორციელებული ნავთობის საერთო იმპორტის მეოთხედი, ხოლო ბუნებრივი აირის დაახლოებით 45%, სწორედ რუსულ წიაღისეულზე მოვიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *