ერდოღანმა ცენტრალური ბანკის მმართველი გადააყენა

ერდოღანმა ცენტრალური ბანკის მმართველი გადააყენა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის მმართველი ნაჯი აგბალი თანამდებობიდან გადააყენა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის ზრდის შესაჩერებლად გაზარდა. ნაჯი აგბალის შემცვლელი უკვე ცნობილია, ამ პოზიციას მმართველი პარტიის წევრი და ყოფილი პარლამენტარი დაიკავებს. საუბარია შაჰაპ კავჯიოღლუზე.

ცნობისთვის, ეს 2019 წლის ივლისის შემდეგ მესამე შემთხვევაა, როდესაც ერდოღანმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი შეცვალა. თურქეთის პრეზიდენტი აქტიურად მოუწოდებს ინსტიტუტს დაბალი საპროცენტო განაკვეთების დაწესებისკენ.

ნაჯი აგბალი ცენტრალური ბანკის მმართველად დაახლოებით ხუთი თვის წინ დაინიშნა. მან საპროცენტო განაკვეთი 19%-მდე გაზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ნებისმიერი მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის. ეს ნაბიჯი ანალიტიკოსებმა მოიწონეს და განაცხადეს, რომ აგბალმა ცენტრალური ბანკის საიმედოობა გაზარდა.

როგორც თურქული მედია წერს, აგბალის შემცველი კავჯიოღლუ ეკონომისტია, რომელსაც რამდენიმე ბანკში მაღალ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის Halkbank-სა და Vakifbank-ში.

„მაშინ როდესაც საპროცენტო განაკვეთები მსოფლიოში ნულთან ახლოსაა, ჩვენი განაკვეთების ზრდა ეკონომიკურ პრობლემებს ვერ მოგვიგვარებს“, – აღნიშნა მან გასულ თვეს ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში. მისივე მოსაზრებით, განაკვეთების გაზრდა არაპირდაპირ გამოიწვევს ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას.

აგბალი კი ამბობდა, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მოკლევადიანი არ უნდა ყოფილიყო და რომ თურქეთი ამგვარად ინფლაციას 2023 წლამდე 5%-მდე შეამცირებდა, ამჟამად ინფლაცია 15%-ზე მეტია.

„თუ ჩვენ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას არ შევინარჩუნებთ, წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა გასულ თვეს აგბალმა „როიტერსთან“ ინტერვიუში.

ცნობისთვის, მას შედეგ რაც ერდოღანმა ნაჯი აგბალი გადააყენა, თურქული ლირა დაახლოებით 14%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *