ერდოღანს საუდის არაბეთთან ურთიერთობების აღდგენა სურს

ერდოღანს საუდის არაბეთთან ურთიერთობების აღდგენა სურს

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს საუდის არაბეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა სურს, რისთვისაც ის საუდის არაბეთის დე-ფაქტო მმართველს, პრინც მუჰამედ ბინ სალმას შეხვდება, – შეხვედრის შესახებ Bloomberg-ი წერს. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 2018 წელს, საუდის არაბეთის კრიტიკოსი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის სტამბულში მომხდარი მკვლელობის შემდეგ დაიძაბა.

როგორც ჩანს, ერდოღანს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავება და საუდის არაბეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სურს, რათა ნიადაგი მოამზადოს მომავალ წელს ჩანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. „თურქეთი და საუდის არაბეთი შეეცდებიან, რომ ვიზიტის დროს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ყველა ასპექტი განავითარონ და გაცვალონ აზრები რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე“, – ვკითხულობთ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტების შეხვედრამდე, ამავე კვირას, ერთმანეთს ესაუბრნენ თურქეთისა და საუდის არაბეთის ფინანასთა მინისტრები: „ვისაუბრეთ ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააღრმავებენ“, – დაწერა თურქეთის ფინანსთა მინისტრმა, ნურედინ ნებატიმ ტვიტერზე.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა განსაკუთრებით 2020 წლის მიწურულს შემცირდა, როცა საუდის არაბეთმა თურქეთს არაოფიციალური ბოიკოტი გამოუცხადა – ისე კი, საუდის არაბეთის ბაზარი თურქეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. გასულ წელს, საუდის არაბეთში თურქეთმა $200 მილიონის საქონელი გაყიდა, 2019 წელს, ეს მაჩვენებელი $3.2 მილიარდის მოცულობის გახლდათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *