Facebook-ის მომხმარებლების ზრდის ფონზე, Meta-ს აქციათა ფასმა 19%-ით იმატა

Facebook-ის მომხმარებლების ზრდის ფონზე, Meta-ს აქციათა ფასმა 19%-ით იმატა

Meta-მ 2022 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა მოსალოდნელზე უფრო მკვეთრად გაიზარდა – ამ დადებითი სიახლის ფონზე, წინასაბაზრო ვაჭრობაში Meta-ს აქციების ფასმა 19%-ით იმატა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ წლის პირველ კვარტალში, Facebook-ს 1.96 მილიარდი ყოველდღიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, რაც მოსალოდნელზე ორი მილიონით მეტია.

Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელულად გაიზარდა Meta-ს შემოსავლებიც – 6.6%-იანი ზრდის შედეგად, ამ მაჩვენებელმა $27.9 მილიარდი შეადგინა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ შემოსავალი უფრო მაღალი იქნებოდა, ევროპაში რუსეთ-უკრაინის ომი რომ არ დაწყებულიყო. ისე კი, ომის გარდა, Meta-ს შემოსავალზე Apple-ის მოწყობილობებზე მონაცემების შეგროვების პოლიტიკის ცვლილებამაც იმოქმედა – ამ ზარალს, კომპანია $10 მილიარდად აფასებს.

წელს Meta-ს აქციათა ფასი თითქმის 50%-ითაა შემცირებული, რადგან რეკლამებზე დაფუძნებული ბიზნესმოდელი ინვესტორებს კითხვებს უჩენს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს, ინვესტორების ეს მღელვარება ოდნავ მინელდა, რადგან უკანასკნელ კვარტალში Facebook-მა 31 მილიონი ახალი ყოველდღიურად აქტიური მომხმარებელი დაიმატა. ეს შედეგი მართლაც შთამბეჭდავია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდა მომხმარებლების სეგმენტში TikTok-ი Facebook-ს სერიოზულ კონკურენციას უწევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *