საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით, 9%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნაბიჯი, დიდწილად, ინფლაციის მაჩვენებლის კლებას უკავშირდება.
“საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა. დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.9% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია.
ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა”, – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
სებ-ის თანახმად, მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაც დაემატა, შემცირდა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი – 2024 წლის დასაწყისში ის მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბალი იქნება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად, საყურადღებოა ინფლაციური რისკებიც. კერძოდ, ის, რომ მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლისთვის ეროვნული ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით კი, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა.
“აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს.
შესაბამისად, მიუხედავად პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, სხვა თანაბარ პირობებში, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს”, – წერია სებ-ის ანგარიშში.
ეროვნული ბანკი არ გამორიცხავს, რომ თუ ინფლაციის ზრდის მოლოდინი იქნება, მონეტარული პოლიტიკა შესაძლოა მეტად გამკაცრდეს ან ახლანდელი განაკვეთის შენარჩუნება ხანგრძლივი პერიოდით გახდეს საჭირო.