მექსიკის უმდიდრესი ადამიანი კარლოს სლიმი, რომლის ქონებაც $59.9 მილიარდს შეადგენს, კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კარლოს სლიმი კლინიკაში მივიდა პროფილაქტიკური კვლევებისთვის და ანალიზები აიღო. “ის კარგადაა, ერთკვირიანი მსუბუქი სიმპტომების შემდეგ, მისი მდგომარეობა უმჯობესდება“, – დაწერა “ტვიტერის“გვერდზე მისმა ვაჟმა.
კარლოს სლიმი რამდენიმე დღეში 81 წლის ხდება. ის და მისი ოჯახი ლათინურ ამერიკაში უმსხვილესი მობილური ოპერატორი კომპანიის, America Movil-ის მფლობელები არიან. ბიზნესმენი ასევე ფლობს აქციებს მექსიკის სამშენებლო, სამთო-მომპოვებელ და სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებში.
კარლოს სლიმი პირველად Forbes-ის მილიარდერთა სიაში 1991 წელს გამოჩნდა $1,7 მილიარდიანი ქონებით. 2010 წელს მისი ქონება შეფასებული იყო $53.5 მილიარდად. მაშინ ის პირველად მილიარდერთა რეიტინგის სათავეში მოექცა. მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ტიტული კარლოს სლიმს 2013 წლამდე ეკავა, შემდეგ კი მას ბილ გეითსმა გადაუსწრო.