ლაშა ბექაური დღეს, 31 ივლისს, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს უკვე მეორედ წარადგენს.
თუმცა, სანამ ქართველი ოლიმპიელის საგულშემატკივროდ ვემზადებით, გადავხედოთ მის ისტორიას.
ლაშამ ძიუდოში ვარჯიში 7 წლის ასაკში დაიწყო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს სკოლის პატარა ოთახში. იმისათვის, რომ დარბაზში მისულიყო, 13 კილომეტრის გავლა ფეხით უწევდა. თუმცა, მისი თავდადება ძიუდოს მიმართ სულ უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა. შედეგად, 13 წლის ასაკში ის კახეთში, გურჯაანში გამართულ შეჯიბრზე მესამე ადგილზე გავიდა და მედალი მოიპოვა.
16 წლის ასაკში კი მან ვარჯიში თბილისში განაგრძო. ლაშა ბექაურმა ქვეყნის მასშტაბით, ასაკობრივ კატეგორიაში რამდენჯერმე მოიპოვა პირველობა. მალევე, ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მიღების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შეუერთდა.
2016 წელს ევროპის თასზე მან პირველი, ბრინჯაოს მედალი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიიღო. 2017 წელს 90 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ჭაბუკთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის მფლობელი გახდა. 2018 და 2019 წელს კი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა ახალგაზრდებში (2018 წელს – 90კგ; ნასაუ, ბაჰამის კუნძულები; 2019 წელს – 90კგ; მარაქეში, მაროკო).
ამასთან, 2019 წელს გახდა საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (90კგ; უსტერი, შვეიცარია და 90კგ; კლუჟი, რუმინეთი). ამავე წელს პლანეტის უძლიერეს სპორტსმენებთან ასპარეზობაში ოქროს მედალი მიიღო და უფრო მეტიც, მასტერსის ღონისძიებაზე მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ის 2019 წლის აღმოჩენად დაასახელა.
ლაშა ბექაური 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული 90კგ წონით კატეგორიაში გახდა. ამ გამარჯვებას განსაკუთრებულად კი ის ფაქტი აქცევს, რომ ლაშა ოლიმპიადაზე მხრის ტრავმით ასპარეზობდა.
შემდეგ, 2021 წელს იყო პირველი ევროპის ჩემპიონობა (90კგ; ლისაბონი, პორტუგალია); 2022 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ბრინჯაოს მედლის მოპოვება (90კგ; ტაშკენტი, უზბეკეთი).
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ლაშა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის, არის გრანდ სლემისა და გრანპრის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, ასევე, ის ორჯერ გახდა მასტერსის გამარჯვებული 2019 (90კგ; ცინდაო, ჩინეთი) და 2023 (90კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი) წლებში, 2021 წელს კი მსოფლიო მასტერსის ფარგლებში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (90კგ; დოჰა, კატარი). თუმცა, ეს მისი მიღწევების მხოლოდ ნაწილია.
ახლა ლაშა ბექაური 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე განაგრძობს ასპარეზობას, მოქმედი ჩემპიონის სტატუსით.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ერთად ვუგულშემატკივროთ ლაშა ბექაურს.
საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
S