#ერთიამბავი ბატონ რობის განზრახვისა

#ერთიამბავი ბატონ რობის განზრახვისა

„პატარა ბავშვი აივანზე ვიდექი და თვალს ვადევნებდი ფუნიკულიორის ტრამვაის პაწაწინა ვაგონების თითქმის შეუმჩნეველ მოძრაობას. განსაკუთრებით ვიძაბებოდი მაშინ, როდესაც ვაგონები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ. ყური მქონდა მოკრული, ოდესღაც, დიდი ხნის წინ, ვაგონები ერთმანეთს შეეჯახნენო. ცხადია, ეს ჭორი იყო. მაგრამ მე მაინც ველოდებოდი ასეთი შემთხვევის განმეორებას.“

არჩილ სულაკაური, „მთაწმინდა“

„ფუნიკულორის მშენებლობამ თავის დროზე ცხარე კამათი გამოიწვია ქალაქის თვითმმართველობაში. ერთ-ერთმა ხმოსანმა თვითმმართველობის სხდომაზე განაცხადა, რომ ფუნიკულორი – „ეს განცხრომის საგანია, რომ ქალაქს შეუძლია ფუნიკულორის გაკეთება მაშინ, როდესაც იგი მიაღწევს ქალაქის მთელ კეთილმოწყობას, ეს კი, ალბათ, შეიძლება 1000 წლის შემდეგო“, – ვკითხულობთ ყოველთვიური საბჭოთა ჟურნალ „მეცნიერება და ტექნიკის“ 1953 წლის ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც ძველი თუ იმდროინდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაა მიმოხილული.

ეს ის დროა, როდესაც ფუნიკულიორი უკვე რამდენიმე ათეული წლის აშენებულია, ხოლო როგორც ძველი თბილისის განახლების შესახებ მომზადებულ საბჭოთა დოკუმენტურ ფილმში ჩანს, მთაწმინდაზე გამართულ რესტორანში თავს იწონებენ „თბილისელი ლამაზმანები, რომლებმაც სწრაფად აუღეს ალღო იმდროინდელ სტილს და კავალრები, რომელთაც არც არასდროს ჰკლებიათ პეწიანი მიხვრა-მოხვრა და დარბაისლური-სიტყვა პასუხი“…

მთაწმინდაზე ფუნიკულიორის – სამთო-საბაგირო რკინიგზის გაყვანას არა ათასი, როგორც ამას ტფილისის გამგეობის ერთ-ერთი ხმოსანი ვარაუდობდა, არამედ სულ რამდენიმე წელი დასჭირდა.

ყველაფერი კი XIX საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო, როდესაც ბელგიის უსახელო საზოგადოებამ, რომელიც თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის – ცხენის რკინის გზის,  ე.წ. „კონკის“ მმართველი ორგანო იყო, ქალაქის ხელმძღვანელ პირებს მთაწმინდაზე ფუნიკულიორის გაყვანის იდეა შესთავაზა.

ფუნიკულიორი მამადავითის მთაზე / ეროვნული ფოტომატიანე

იდეის გაჟღერებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე 1900 წლის თებერვლის ბოლოს, ქალაქის გამგეობას „მოუწონებია“ ბელგიის უსახელო საზოგადოების წარმომადგენელ, ინჟინერ ალფონს რობისთან დასადები ხელშეკრულების პროექტი „მთა წმიდის გორაზედ ფუნიკულერის გამართვის“ შესახებ.

რიგი მიზეზების, თუ გეგმების, მათ შორის „ზემო ქალაქის“ განვითარების თვალსაზრისით, სამთო-საბაგირო რკინიგზის, თბილისისთვის ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მით უმეტეს – მთაწმინდაზე, ქალაქისთვის ერთ-ერთი გამორჩეულ ადგილას, რომელსაც საკუთარ მოგონებებში არაერთი მოგზაური ახსენებს:

„მთაწმინდა არა მხოლოდ მშვენიერებაა თბილისისა, არამედ მისი ისტორიული ძეგლიც. მამადავითის ეკლესია ქალაქს ზევიდან დაჰყურებს. გზა მთის თავქვე მეტად დაქანებულია, მაგრამ საამოა, ყოველ მოსახვევზე სანახაობა თანდათან იშლება და ფართოვდება.

ეს მთა ჩვეულებრივი როდია, მას „წმინდა“ განა ტყუილად უწოდეს! მისი ტაძარი, მისი სასაფლაო, მისი სანახაობა სერიდან ან მისი ზედა მოედნიდან – ყოველივე ერთად შეადგენს რაღაც საერთო მშვენებას, რომელიც მნახველს ხიბლავს და გულს სასოებით უვსებს. მთაწმინდის ბუნება ღარიბია, მის ქედებზე თითო-ოროლა ბუჩქი და ხე თუ ხარობს, მათ შორის მხოლოდ ერთ ადგილას, ეკლესიის აღმოსავლეთით რამდენიმე კვიპაროსი მოჩანს“, – აღნიშნავდა გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი არტურ ლაისტი1.

მთაწმინდა დიდად მოსწონებია „ახალგაზრდა ინგლისელ“ ოლივერ უორდროპსაც, რომელსაც 1887 წელს პირველად უმოგზაურია საქართველოში და, როგორც გაზეთი „ივერია“ აუწყებდა მკითხველებს, საკუთარ წიგნში – „საქართველოს სამეფო“ აღუნიშნავს, რომ „მთაწმინდა, რომელიც შავად აღმართულია საკმაოდ მაღლა, ცისაკენ და შემკულია თეთრის ეკლესიით, ტფილისისათვის იგივეა, რაც ციხის მთა ახალ ათინისათვის“2.

სულაც მთაწმინდის ძირას ჰქონია „ბინა დაჭერილი“ გერმანელ მწერალსა და მეცნიერს ფრიდრიხ ბოდენშტედტს, რომელიც მამადავითის ეკლესიასთან დაკავშირებულ ცნობილ თბილისურ ტრადიციასაც აღწერს:

„ქალს, რომელიც ეკლესიას გარშემო სამჯერ შემოუვლის და მერე გარეთა კედელზე ქვას გააჩერებს ისე, რომ არც დაჰკიდებს და არც მიაკრავს, გულის საწადელი შეუსრულდებაო. ასე, თუ ქალიშვილს რომელიმე კაცის მიმართ გული სპეტაკი გრძნობით უძგერს ან თუ ქალი შვილის გაჩენაზე ოცნებობს, წმინდა დავითი მათს თხოვნას უსათუოდ შეიწყნარებს, თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არა აქვს, რომ ღვთის წინაშე მათ ზურგი აქციოს.

მეტადრე ხუთშაბათობით, დიდი წმინდანის დაბადების ან გასვენების დღეს იჩენს ხოლმე თავს მისი სასწაული მთელი სიცხადით. ეს იქიდან ჩანს, რომ ამ დღეებში კედელზე ყველაზე მეტი რაოდენობით ნახავთ ქვებს, ისე გაჩერებულს, რომ არც საზოგავია გამოყენებული და არც სხვა რამ სამაგრი. ეს ქვები რომ უწმინდურთა ხელში არ მოხვდეს, ეკლესიის მსახურნი გულმოდგინედ აგროვებენ და აძლევენ მორწმუნეებს, თან სანაცვლოდ იღებენ მცირე გასამრჯელოს, რაც ერთობ უმნიშვნელო ჩანს წმიდა დავითის ლოცვა-კურთხევასთან შედარებით. ამრიგად, ხუთშაბათობით კოხტად გამოწყობილი ქალები მამადავითისაკენ სალოცავად მიემართებოდნენ ხოლმე“3.

თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური / ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია / ციფრული ფოტომატიანე

ამასთანავე, არ არის გასაკვირი, რომ ქალაქში, სადაც საერო თუ საეკლესიო დღესასწაულები ძლიერ უყვარდათ, მთაწმინდობას/მამადავითობასაც განსაკუთრებით აღნიშნავდნენ:

„ყოველ კუთხიდგან დილით საღამომდე ხალხი მიდი-მოდიოდა. მლოცავებიც ბევრნი იყვნენ, უმეტესი ნაწილი კი ისე სასეირნოდ გამოსული ხალხი ეტანებოდა ეკლესიას. განსაკუთრებით ბევრი გამოეყვანათ დედებს თავიანთი გასათხოვარი ქალები, ბედის საპოვნელად. ყოველ მხრიდამ ზურნის ხმა და არღნის ჭიჭყინი ისმოდა. მშვენიერი სანახავი იყო მთა-წმინდის ქვემო მოედანი, სადაც პეპელასავით აჭრელებული ხალხი დილით-საღამომდინ ზღვასავითა ღელავდა. ყოველ-დუქნის წინ ლხინი და ქეიფი იყო ქალაქის ხალხისა. მთა-წმინდის არა-მერე საზოგადოდ ვერაფერი სასეირნო ალაგია და ამიტომაც ხალხი ერთი-ერთმანერთს აწყდებოდა, ჭყლეტდა, გინება და ლანძღვა ხშირი იყო“.

იმ მოსაზრების მიუხედავად, რომ „მთა-წმინდის არა-მერე საზოგადოდ ვერაფერი სასეირნო ალაგი“ იყო, 1894 წელს, მთაწმინდის მწვერვალზე, ივანე ქაჯაიას სასტუმრო-რესტორანი „განდეგილი“ გაუხსნია. გახსნიდან ერთი წლის შემდეგ მეპატრონეს დიდი ხარჯი გაუწევია, რათა რესტორანი, ანუ ბუფეტი ბევრად გაუმჯობესებულიყო, უსაფრთხოების დასაცავად კი ქალაქს ადგილზე დარაჯი დაუყენებია.

აი, როგორც აღწერს იმდროინდელი საგაზეთო რეკლამა რესტორან-ბუფეტ „განდეგილის“ სერვისსა და რაც მთავარია, ლოკაციას:

– ოჰ, ჩემო ბარძიმ, როდის ჩამობრძანებულხართ სოფლიდამ?

– ეს ორი დღეა აქა ვარ, ლამის მშიერი მოვკვდე, კაცო; წავიდეთ, სად გეგულება ისეთი ადგილი, რომ გრილოდეს და ერთი მადლიანი, მამა-პაპური პური ვჭამოთ.

– აგერ წავიდეთ მამა-დავითის მთაზე, „განდეგილში“. გრილი და წმინდა ჰაერი, ქალაქს დასცქერი არწივივით ზემოდამ, სუკის მწვადები, ცივი ღვინო. ერთის სიტყვით, რა გინდა სულო და გულო, რომ იქ არ იყოს! ფასები ზომიერი, მსახურები ზრდილობიანი“.

თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგურის სალარო / ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია / ციფრული ფოტომატიანე

ამის შემდეგ, უკვე 1896 წელს, მანამ, სანამ ფუნიკულიორის გამართვაზე მსჯელობა აქტიურ ფაზაში გადავიდოდა, ქალაქის შესაბამის სამსახურებს საგანგებო განკარგულება გაუციათ, რომ შეესწორებინათ მამადავითის ეკლესიიდან ივანე ქაჯაიას პატარა სასტუმრომდე მიმავალი გზა, რადგან ეს ადგილი საუკეთესო გასასეირნებელ კუთხედ უცნიათ მოსახლეობისთვის, „მეტადრე საზაფხულოდ და ამის გამო არათუ გზას აფართოებენ, არამედ განუზრახავთ გზის პირებზე ჩაჰყარონ სხვა-და-სხვა ხეები და დათესონ ყვავილები“.

მთაწმინდაზე რომ გამწვანების პრობლემა იყო, ეს თბილისის ძველ ფოტოებზეც კარგად ჩანს. ალბათ ამიტომაც იყო, სხვადასხვა პერიოდულობით, მთაწმინდის „კლდეებზედ ხეების გაზრდას“ რომ ცდილობდნენ, რათა, ყველაფერთან ერთად, ზაფხულობით ტფილისს „სიგრილე, კარგი ჰავა და მრთელი“ ჰაერი ჰქონოდა, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად შედეგიანი იყო ეს მცდელობები…

ამას გარდა, მთაწმინდის მიდამოებში მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად პრობლემებზე ჩიოდა – „გზა გასწორებული არ არის, ფანრები თავის ალაგას არ არიან; ისეთი აღმართია, რომ ფაეტონი ვერ მიდის; ავათ გახდება ვინმე – ექიმი ვერ მიჰყავთ; შეშას იყიდის, ურემი ვერ აუყვანიათ. ხშირად მეთულუხეებს წყალიც არ მოაქვთ, განსაკუთრებით ზამთარში, რადგანაც საშინლად ჰყინამს და ცხენს ვერ უვლია“.

ამ უბნის მცხოვრებთ ათასი სხვა გასაჭირიც მიეწეოდათ აღმართში, იქნებოდა ეს „შკოლა“, სადაც გაზეთ „დროების“ ცნობით, „შაგირდებს“ ქურდობის ხელობას ასწავლიდნენ, დუქნები, სადაც სავაჭროდ კი არა საყომარბაზოდ დადიოდნენ და ათას ურიგობასა და უწესოებას სჩადიოდნენ, თუ მგლები, რომლებიც ხანდახან, ზამთრობით, „მთაწმინდის მთიდგან ჩამოირბენდნენ“ ხოლმე…

თბილისის ფუნიკულიორის შუა სადგური / ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია / ციფრული ფოტომატიანე

დაახლოებით ასეთი იყო საერთო სურათი მაშინ, როდესაც ქალაქის გამგეობამ ალფონს რობისთან ტფილისში ფუნიკულიორის გამართვის შესახებ დასადები ხელშეკრულების პროექტი მოიწონა და თან დაადგინა, რომ: მამადავითის ეკლესიიდან ზემო სადგურამდე ასვლა, ან ქვემო სადგურამდე ჩამოსვლა ეღირებოდა 10 კაპიკი; ზედადან – ქვემო სადგურამდე ჩასვლა – 15 კაპიკი; ქვემოდან – ზედა სადგურამდე ასვლა – 20 კაპიკი, ასვლა და ჩამოსვლა – 30 კაპიკი; 5 წლამდე ბავშვებს კი „უსასყიდლოდ წაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ ადგილს არ დაიჭერენ“.

ალფონს რობი მამადავითის გორაზე გასამართი ფუნიკულიორის კონცესიის ვადად 45 წლის განსაზღვრას ითხოვდა, სანაცვლოდ კი სხვადასხვა ვალდებულებას იღებდა საკუთარ თავზე. ხელშეკრულების თანახმად, 45-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ფუნიკულიორი ქალაქის საკუთრებაში უნდა გადასულიყო.

ზოგადად, ფუნიკულიორი კარგად ჯდებოდა ერთი მხრივ „ქვედა და ზედა“ თბილისის დაკავშირების გეგმაში, მეორე მხრივ კი ე.წ. „ზედა ქალაქის“ განვითარების საშუალებას იძლეოდა, რაც ახალ პერსპექტივას აჩენდა.

როგორც ჩანს, ეს პერსპექტივა, მინიმუმ კი ის, რომ ამ ტერიტორიაზე უძრავ ქონებაზე ფასი გაიზრდებოდა, ნათლად დაინახეს „ალღოსა და თანამდებობის“ მქონე თბილისელებმა, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს მიწის ნაკვეთების შეძენა მთაწმინდაზე:

„მამა დავითის მთაზე დიდი სწორი ადგილი ნაჭერ-ნაჭერად დაუყვიათ და ისე ჰყიდიან სააგარაკოებად; ბევრი კიდეც უყიდნიათ. მსყიდველები უმეტეს ნაწილად მოხელენი არიან“, – წერდა „ივერია“ 1900 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც ქალაქმა ფუნიკულიორის გაყვანის პროექტი დაამტკიცა.

ჩალის ფასად შეძენილი და გვარიანად გაძვირებული უძრავი ქონებით ხელის მოთბობის მსურველთა სიხარბეს საგაზეთო კარიკატურებით დასცინოდნენ, მაშინაც, როდესაც ფუნიკულიორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გარკვეული სკეფსისი გაჩნდა და მაშინაც, როდესაც რთული საინჟინრო გადაწყვეტილებები – მიღებული, მშენებლობა კი პრაქტიკულად დასრულებული იყო.

გაზეთი „ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება

ტფილისის ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაწყებულა. 4 სექტემბერს შემდგარა „შეერთებული კრება ტფილისის ქალაქის გამგეობისა და ტეხნიკოს ხმოსნებისა, რომელთაც განიხილეს ფუნიკულერის გამყვან სააქციონერო საზოგადოების მოხსენება. საზოგადოების გამგეობა თხოულობდა, ნება დართოს ქალაქის გამგეობამ ფუნიკულერის ქვედა სადგური წინად დანიშნულ ადგილიდან იქ გადაიტანოს, სადაც ქალაქის წყლის აუზია. აუზის გადატანას საზოგადოება კისრულობს.

საშუალო სადგური მამა-დავითის ეკლესიის პირდაპირ უნდა გაკეთდეს. მაღლა სადგურთან განზრახულია დიდის გვირაბის გამოთხრა; აქ გაიმართება დარბაზი, სადაც მგზავრები ფუნიკულერის ვაგონების მოსვლას მოუცდიან.

შეერთებულმა სხდომამ შეიწყნარა სააქციონერო საზოგადოების მოხსენება“.

ამას გარდა, იმდროინდელი პრესა, სხვადასხვა პერიოდულობით, მოსახლეობას პროექტის განხორციელების ეტაპებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას:

„ბელგიის უსახელო საზოგადოების წარმომადგენელი ბატონი რობი საზღვარ-გარედ წავიდა. ბატონ რობის საზღვარ-გარედ წასვლას, სხვათა შორის, ის აზრი აქვს, რომ ფუნიკულერის გაყვანის შესახებ თავისს მრწმუნებელს საზოგადოებას ადგილობრივ მოელაპარაკოს და ზოგიერთი ჯერ გამოურკვეველი მხარე ამ საგნისა გარდასწყვიტოს“;

„მკითხველებმა უკვე უწყიან, რომ ცხენის რკინის გზის უსახელო საზოგადოების წარმომადგენელს ბატონ რობის განზრახვა აქვს მთაწმინდის გორაზედ ფუნიკულერი გამართოს. ჯერ-ჯერობით ბატონი რობი წყლის გაყვანის საქმეს შესდგომია. ამ აზრით, როგორც შევიტყეთ, რობის ჭების მთხრელ სპარსელებისთვის მიუნდვია ადგილების გამოკვლევა და იმის გაგება, აღმოჩნდება თუ არა იქ საკმაო წყალი. სპარსელებს გამოკვლევა უკვე დაუსრულებიათ და გამოუცხადებიათ, რომ წყალი საკმაოაო. აზრადა აქვთ ჭები გამართონ, ეს ჭები გვირაბებით შეუერთონ და წყალს ერთ აუზში მოუყარონ თავი“;

„ბელგიის უსახელო საზოგადოების წარმომადგენელის ბატონი რობის რწმუნებულს ინჟინერ ბლანშს ფოსტა-ტელეგრაფის ოლქში თხოვნა წარუდგენია, რომ მამა დავითის მთაზედ, „განდეგილზედ“, ქალაქიდგან იქ მომუშავეებთან მოსალაპარაკებლად, რომელნიც ფუნიკულერის გაყვანასა და თეატრის აშენებას უკვე შეუდგნენ, ტელეფონი იქმნას გაყვანილი“.

თბილისის ფუნიკულიორის ზედა სადგური / ეროვნული ფოტომატიანე

პროექტის მასშტაბებისა და არაერთი სხვა, ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ამ ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობას არაერთი სირთულეც დაერთვებოდა თან და მთაწმინდის მწვერვალისკენ მიმავალი გზაც არ იქნებოდა ია-ვარდით მოფენილი. თუმცა, როგორც ჩანს, ალფონს რობი და კომპანია: პროექტის ავტორი ფრანგი ინჟინერი – ა. ბლანში, გზის მშენებლობის ხელმძღვანელები ბელგიელი ინჟინერი – ი. რაგოლერი და იტალიელი ა. ფონტანა-როსი, ფუნიკულიორის ქვედა სადგურის პროექტის ავტორი, პოლონელი არქიტექტორი – ალექსანდრ შიმკევიჩი და სხვები მაინც ახერხებდნენ ფონს გასვლას… [ალექსანდრ შიმკევიჩის პროექტის მიხედვით აშენებული სადგური XX საუკუნის 30-იან წლებში დაანგრიეს და მის ნაცვლადა ახალი ნაგებობა აშენდა.]4

ამ ამბებიდან ორი წლის შემდეგ, 1905 წლის თებერვალში, მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებული იყო. ამიტომაც, 19 თებერვალს, ფუნიკულიორის საზოგადოებამ ქალაქის გამგეობას ლიანდაგის „ტეხნიკურის მხრით“ შემოწმების თხოვნით მიმართა.

დაანონსდა ისიც, რომ 1905 წლის ზაფხულამდე მთაწმინდაზე თეატრის, რესტორნისა და სხვა ტიპის გასართობი/დროის გასატარებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმებოდა, ჩაფიქრებული იყო სასტუმროს აშენებაც.

საბოლოო ჯამში, სამთო-საბაგირო რკინიგზის შემოწმების შემდეგ, ქალაქის „სატეხნიკო კომისიას“ და ინჟინრებს ფუნიკულიორის 501 მეტრის სიგრძის „ასაყვანი გზა და მისი მოწყობილობა“ მოსწონებიათ და მუშაობის ნებართვაც გაუციათ:

„როგორც კომისია მოწმობს, ვაგონს ასვლა-ჩამოსვლაში ექვს-ექვსი წუთი დასჭირდა. გზაში ვაგონის შესაჩერებელი მანქანაც – ტორმოზები მოსწონებია კომისიას; დაქანებული ვაგონი საჟენ-ნახევარზე [დაახლოებით 3.2 მ. რედ.] შეუჩერებიათ უცბად. ვაგონში მოთავსდება 50 კაცი. ფასი ასვლა-ჩამოსვლისა 20 კაპიკი დაუწესებიათ“.

პრესის ცნობით, მამადავითის გორაზე ვაგონების მიმოსვლა 1 მარტს დაუწყიათ, თუმცა ფუნიკულიორის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 1905 წლის 27 მარტს ყოფილა დაგეგმილი:

„27 მარტს დაიწყო მოქმედება ფუნიკულერმა. როგორც სადგურები, ისე მთელი გზა მორთული იყო ბაირაღებით. პარაკლისის შემდეგ, რომელსაც დაესწრნენ ფუნიკულერის გამგეობა, ქალაქის მოურავი და გამგეობის წევრნი, ქალაქის მოურავმა გასჭრა ლენტი და გამოაცხადა ფუნიკულერის წესიერი მიმოსვლა დაწყებულად.

შემდეგ ამისა სამღვდელოება და წარმომადგენელნი, რომელნიც პარაკლისს დაესწრნენ, ჩასხდნენ ვაგონში და ავიდნენ მთაზე. იქ მათ ორკესტრი დაჰხვდათ. სამანქანო განყოფილების დათვალიერების შემდეგ სტუმრებს ფუნიკულერის გამგეობა გაუმასპინძლდა საუზმით.

მთელ გზაზე 2 ვაგონი მუშაობს. თითოში 60 კაცი ეტევა და 5 წუთის განმავლობაში აჰყავს სადგურამდის. ასვლა-ჩამოსვლა აბაზად ღირს“, – წერდა გაზეთი „ცნობის ფურცელი“ 1905 წლის 29 მარტს.

თბილისის ფუნიკულიორის ზედა სადგური / ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია / ციფრული ფოტომატიანე

ფუნიკულიორის სახით ქალაქმა რომ უნიკალური პროექტი და ინფრასტრუქტურა შეიძინა, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება, რადგან მის მნიშვნელობას არათუ XIX საუკუნეში, არამედ დღესაც კარგად ვხედავთ, თუმცა დღეს რთულია იმის ზუსტად განსაზღვრა, თავის დროზე რამდენად შეასრულა ფუნიკულიორმა ტფილისისთვის ის ფუნქცია, რისთვისაც მოიაზრებდნენ.

ასე თუ ისე, ფუნიკულიორი და მთაწმინდა ქალაქის ერთ-ერთი მთავარ ლენდმარკად იქცა, მთაზე მოწყობილ რესტორანში კი, განსაკუთრებით საბჭოთა საქართველოში, არაერთ საპატიო სტუმარს უმასპინძლეს, მათ შორის, ლიტერატურაში ნობელის პრემიის მომავალ ლაურეატ ჯონ სტაინბეკსაც, რომელიც თბილისში პირველად 1947 წელს მოხვდა.

სტაინბეკი, რომელსაც მასპინძლებმა დიდი წვეულება გაუმართეს, წერდა: „ფუნიკულიორის რკინიგზით აგვიყვანეს მთის წვერზე, საიდანაც უზარმაზარი რესტორანი მთელ ხეობას გადაჰყურებდა. იქ რომ ავედით, უკვე მოსაღამოვებულიყო და ჩვენ ქვემოთ ქალაქი ციმციმებდა. საღამოს ცა კავკასიონის შავი მწვერვალების უკან ოქროსფრად მოჩანდა“5.

თუმცა, ქალაქის სტუმრებისგან და საბჭოთა თბილისის მოსახლეობისგან განსხვავებით, შესაძლოა, რომ ეს ადგილები, თავის დროზე, დიდად არ ხიბლავდათ ტფილისელებს:

„აშკარაა, რომ ტფილისს უჭირს რიგიანი გასართობი ადგილები. ცნობილმა რობიმ ასეთ ადგილად ამოარჩია მთაწმინდის მწვერვალი, სადაც ფუნიკულერით უნდა ვეზიდნეთ საქეიფოდ, წარმოდგენების საყურებლად, მუსიკისა და სიმღერების მოსასმენად. მისი განზრახვა რთული და ძნელად შესასრულებელი გამოდგა. გვიკვირს, რად გამოეკიდა ამისთანა სახიფათო საქმეს, როდესაც მისი რკინის გზა ეზიდება ამოდენა მგზავრს მუშტაიდში, რომელიც ჯერ-ჯერობით საუკეთესო ბაღია დროის გასატარებლად, თანაც ქალაქს ზედ აკრავს.

იმას რომ მაღლა ვარსკვლავები არ ეთვალა და დედამიწაზედ დაეხედნა, უნდა მაგრა ჩაეჭიდნა მუშტაიდისთვის ხელი და შესდგომოდა მისს მოწეს-რიგებას. ეს უშველებელი ბაღი, გაშენებული მტკვრის პირად, სწორე ვაკეზედ, საუცხოვო თავ-შესაფარი შეიქმნებოდა დაღლილ-გალახულ მოქალაქისთვის, უკეთუ აქ გაჰმართავდნენ შესაფერ გასართობებს…“.

P.S. როგორც 1909 წლის გაზეთ „მომავლის“ ერთ-ერთი ნომრიდან ჩანს, სამთო-საბაგირო რკინიგზა სეზონურად წყვეტდა მუშაობას:

„რადგან 15 ნოემბრიდან ფუნიკულერის მოძრაობა საზოგადოთ შეჩერებულია და ზამთრობით კი საჭიროა ხანდახან ფუნიკულიორზე ასვლა, ამიტომ საზოგადოებას თხოვნით მიუმართავს ფუნიკულიორის გამგეობისათვის, რომ ზამთრობით კვირაში ერთი დღე მოძრაობა სწარმოებდეს“.

 

 

სქოლიო:

  1. „საქართველოს გული“, არტურ ლაისტი, გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1963 წ.
  2. გაზეთი „ივერია“, #261, 1888 წ.
  3. ფრიდრიხ ბოდენშტედტი, „ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“, „საბჭოთა საქართველო“, 1965 წ.
  4. გიორგი კაკაბაძე, „ალექსანდრ შიმკევიჩი თბილისის არქიტექტორი“, გამომცემლობა „პეგასი“, 2021 წ.
  5. ჯონ სტაინბეკი, „რუსული დღიური“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015 წ.