XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლო თფილისელთათვის მძიმე აღმოჩნდა – ჯერ იყო და ქალაქის მოსახლეობა რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგებს იმკიდა, რაც, ძირითადად, მანამდე გაუგონარ სიძვირეში გამოვლინდა, ასე მძიმედ რომ დააწვა ქალაქის მცხოვრებთ, მერე კიდევ, ამ სიძვირეს „კოტრობის“ ტალღა მოჰყვა. 1879-1880 წლებში კი ტფილისს დაუპატიჟებელი სტუმარი – კალია „ეწვია“, რასაც, ყველაფერთან ერთად, ისედაც გაძვირებული, პირველადი მოხმარების პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირება მოჰყვა.
„კალია შემოგვესია! კუკიაში, რკინის გზისაკენ, ზოგიერთი უბნები, ქუჩები, ეზოები სულ მოდებულია კალიითა. რკინის გზის ვაგზალიდამ-კუკიამდინ კი იმდენია, რომ კაცი ფეხს ვერ გადაადგამს ისე, რომ რამდენიმე არ გაიჭყლიტოს…
კალონიის ნემეცები დიდ ამბავში და ფაცა-ფუცში არიან: დიდი და პატარა ჯოხებით და ნიჩბებით არიან გამოსულნი, ჟლეტენ და ორმოებში ჰყრიან; მაგრამ რას გაუვლენ? აქ მთელი ქალაქის დახმარებაა საჭირო. ურიგო არ იქნება აგრეთვე, რომ ყაზარმებში უსაქმოდ მყოფი სალდათები გამოიყვანონ.
ახლა ამ კალიების თავიდამ აშორება უფრო ადვილია, რადგან ფრთები გამოისხეს და გუშინ და გუშინწინ რამდენიმე წყება გადაფრინდა ნავთლუღისაკენ; გზაზე ზოგიერთები ცვინდებოდნენ სახლების ეზოებში და ქათმები, ინდაურები და პატარა ბიჭები ხოცავდნენ…
საჭიროა მსწრაფლი მოქმედება, სანამ ეს კალიები აქვე დაყრიდნენ კვერცხებს“.
ასეთი იყო პირველი შემაშფოთებელი ცნობა „ამ საძაგელი სტუმრის“ შესახებ, თუმცა „მსწრაფლი მოქმედებისა“ რა მოგახსენოთ – სულ მალე კალიამ მთელ ქალაქში მოიკიდა ფეხი და სოლოლაკი იქნებოდა, ავლაბარი თუ სხვა უბნები, ქუჩები და ეზოები სულ კალიით იყო მოფენილი – „ჰაერში როგორც ხშირი თოვლი გინახავთ, ისე დახვანხვალობდნენ.
რკინის გზის სტანციისაკენ იმდენი კალია არის კიდევაო, რომ ამასწინათ ვაგონები გააჩერა და ხალხი ჩამოხდა და ორი ვერსი ფეხით იარა სტანციამდინაო. ქვიშას აყრიან თურმე რელსებზე, თორემ უამისოთ ვაგონების გორგოლები ვერ დაიარებიან“.
ეს ამბები საკუთარ წიგნში აღწერილი აქვს თბილისელ მხატვარს, კარაპეტ გრიგორიანცსაც:
„შუა ზაფხული იქნებოდა, როდესაც მე ჩემის თვალით დავაკვირდი ადამიანის გამანადგურებელ საშიშარ მტერს. მაგრამ მე გადაჭრით ვიტყვი, რომ ვისაც თვალით არ უხილავს, იმისთვის ძნელი დასაჯერებელი საქმეა. ამ წყეული მწერის გადაფრენის გამოთ სამი დღე მზეს ვერავინ დაინახავდა. როგორათაც ზამთარში სხვილი თოვლი მოდიოდეს, სწორეთ იმ გვარად მაღლიდან ცვივოდნენ. ადამიანს ქუჩებში გავლა უჭირდებოდა, სახეზედ ისე მედგრად ხვდებოდნენ, თითქოს ქვის კენჭებიაო. რკინის გზის მოხელეები ფიცულობდნენ, რომ კალიის ზეთისაგან ვაგონის თვლებს ტრიალი უჭირდებათო და მრავალჯერაც შეჩერებულიყო“.
თანდათან კალია თფილისის არემარესაც მოედო და თითქმის სრულიად „არაფერი გაუშვია შეუჭმელი – მთელს თბილისის ოლქში არც ერთი ფოთოლი, არც ერთი ყვავილი და არც ერთი ბალახი, ანუ წვანილი არ დაუტოვნიათ შეუჭმელი; მცხეთიდამ-თფილისამდინ, თფილისიდამ კოჯრისაკენ წავიდა და სოფელ კიკეთს მოსდებია. ოქროყანის ახლო-მახლო სულყველაფერი მოტიტვლებულია – საცა ბაღი და მცენარეული რამ შეხვდათ, ხელის-გულივით მოატიტვლა თურმე“.
ეს კი ქალაქისთვის სერიოზული პრობლემა იყო, რადგან კალიის შემოსევის შემდეგ, რასაც „ყოველ გვარი მცენარეულობის“ განადგურება მოჰყვა, გარკვეული ტიპის პროდუქტზე დეფიციტი შეიქმნა და ფასებიც გაიზარდა:
„თავის დღეში ისეთი სიძვირე ხილეულობისა და ბოსტნეულობისა არა ყოფილა, როგორც წრეულ არის. ჩვენში ამ დროს ხილს ხორაგეულობაში დიდი ადგილი უჭირავს, რადგანაც ღარიბი ხალხი თითქმის მარტო ხილზე და პურზე ატარებს“.
თქვენ წარმოიდგინეთ, ამ პერიოდში თფილისში ნავთიც კი ორჯერ გაძვირებულა, რადგან კალიის და მათი კვერცხის გასაწყვეტად დიდი ოდენობით ნავთი იხარჯებოდა.
როგორც ქართველი ფელეტონისტები წერდნენ, ყველა წოდების ხალხი, თავადი, აზნაური, დიდი და პატარა ებრძოდა კალიას:
„ყველა, დიდი და პატარა ერთის ნაღველიანის ფიქრით დაიარება, ღვიძავს კალია აგონდება, სძინავს და სიზმარში ხედავს. გაზეთები, საზოგადოება, მთელი ხალხი, მმართებლობა და ადმინისტრაცია სულ კალიის ფიქრშია. ყველანი იმას ლაპარაკობენ, სად გამოსულა კიდევ და კიდევ, როგორ მუშაობს ხალხი, სად მოუხერხებიათ გაწყვეტა, რა წაახდინა, რამდენი წაახდინა და სხვა და სხვა“.
ბუნებრივია, ამ საკითხის თავის ნებაზე მიშვება არაფრით გამოვიდოდა და კალიის წინააღმდეგ აქტიური ზომების გატარება იყო საჭირო, თორემ დაუპატიჟებელ სტუმარს ვერც „ქუჩის ბიჭები“ დააკლებდნენ რამეს, ჯოხზე წამოცმული ჩოხა-ახალუხით რომ ხოცავდნენ და ვერც ის ხალხი, თითო-ოროლა წნელის ბალახზე ცემით რომ ფიქრობდნენ მავნებლის გაწყვეტას – „ასე წკეპლების ცემით ათასში ერთიც ძლივს იხოცებაო“.
არც კალიის სახოცად, ქალაქის ახლომახლო ადგილებში, ამქრების წევრების, დაახლოებით ოთხი ათასამდე კაცის, გაყვანას უშველია ამ საქმისთვის. როგორც თვითმხილველები აღნიშნავდნენ, „ერთის მხრით იმიტომ, რომ საკმაოდ ცოცხები და სხვა იარაღები არა ჰქონიათ და მეორეც იმიტომ, რომ დიდი ბალახები არისო, ცოცხი არ ეკიდება წვრილ კალიასაო და ამისა გამო ძნელად იხოცებაო“.
1880 წლის მაისში, „ერევნის მოედანი“ ამჯერად არა დაუპატიჟებელი, არამედ საგანგებოდ მოწვეული „სტუმრებით“ გავსებულა – ქალაქს 1500-მდე სპარსელი დაუქირავებია კალიის გასაწყვეტად:
„თითქმის მუდამ დღე რამდენიმე ასი კაცი აისორები და ახლად სპარსეთიდამ ჩამოსული ხალხი იგზავნება ხოლმე ქალაქის ახლო-მახლო ადგილებში კალიის გასაწყვეტად. თითო მუშას დღეში ექვსი-შვიდი შაური ეძლევა; ქირას ზოგი ქალაქს აძლევს და ზოგს კი მთავრობა. არა გვგონია, რომ ამათ ბევრი რამ გაარიგონ, რადგან ცოცხები არა აქვთ და არც რიგიანი ზედამხედველი, მუშაობის წინამძღოლი ჰყავთ“.
ამდენი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სასწაულის იმედად დარჩენილ თფილისელებს დღევანდელი გადმოსახედიდან ერთი უჩვეულო ხერხისთვის მიუმართავთ. აი, რას წერდა გაზეთი „დროება“ 1880 წლის 9 მაისს:
„დიდი ამბავია დღეს ქალაქში! თითქმის ყველა დუქნები დაკეტილია, ქუჩებში არა – ჩვეულებრივი მოძრაობა და ფაცა-ფუცია! ვანქის მონასტრის ახლო-მახლო ქუჩებში და თვითონ მონასტრის გალავანში უანგარიშო ხალხი დატრიალებს და ირევა. მიზეზი ყველა ამისა – პარაკლისის გადახდაა ვანქში და წმინდა იაკობის წყლის გამოტანა.
გუშინ-წინ საღამოს მეექვსე საათზე მოიტანეს ქალაქში ეს წმინდა იაკობის წყალი ერთი ამბითა და დიდებით. სამი ხელოსანი კაცი იყო ამისათვის ეჩმიაძინისაკენ გაგზავნილი და როცა ორის ლიტრით სავსე წყალი მოიტანეს, ამქარი და სამღვდელოება ქალაქს გარეთ მიეგებნენ. მას აქეთ წყალი ვანქშია და დღეს გამოიტანეს ერევნის მეიდანზე ერთხელ კიდევ აკურთხეს, წყალი ქალაქის უმთავრეს ქუჩებში გაატარეს ამავე ცერემონიითა და ვაი-ვაგლახითა.
ხალხის რწმენით, წმინდა იაკობის წყალს მოჰყვება ტარბი [ბეღურასნაირთა რიგის ფრინველი. რედ.], რომელიც უწყალოთ და უანგარიშოთ ხოცავს კალიას… ამ შემთხვევაში კი ამ შრომამ სულ ტყუილ-უბრალოთ ჩაიარა, რადგან ტარბი ეს ორი კვირა იქნება, რაც ჩვენში, თფილისის უეზდში გაჩნდა. მაგრამ უბედურება ეს არის, რომ რაც უნდა ბევრი ტარბი იყოს, იმ უანგარიშო კალიას, რომელიც ამ ჟამად ჩვენში არის, მაინც ბევრს ვერას დააკლებს…
ჩვენი თავის იმედი გვქონდეს, ისა სჯობიან…“.
„ტარბთა ხროვაც ანაზდათ გაჩნდა და უწყალოთ ხოცვა დაუწყო კალიას, მაგრამ კოვზით თუ ზღვა მოილევა, ისრეთაც ტარბების ხოცვით კალიას ვერაფერი აკლდებოდა“, – ვკითხულობთ კარაპეტ გრიგორიანცის წიგნში.
ტარბის „მოწვევას“ თფილისის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მყისიერი განკარგულებაც მოჰყოლია. როგორც გაზეთი „კავკაზი“ იუწყებოდა, „თფილისის ღუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებელი სთხოვს ყველა თოფით მონადირეებს ნუ ისვრიან თოფს იმ ადგილების მახლობლად, სადაც კალია იმყოფება, რადგან თოფის ხმა აშინებს ტარბს, რომელიც ხოცავს ამ მავნე ბუზანკალას“.
ამ განკარგულების შესახებ ქალაქში ფიქრობდნენ, უფრო უპრიანი იქნებოდა, განკარგულებას – „ფიცხელი ბრძანების და აღკრძალვის“ ფორმა ჰქონოდა, ხოლო თუ საჭირო იქნებოდა, არც იმათ დაჯარიმებას მორიდებოდნენ, ვინც აღნიშნულ განკარგულებას არ შეასრულებდა, მით უფრო, რომ 1-ელ აგვისტომდე კანონით ისედაც აკრძალული ყოფილა ტყის ფრინველზე ნადირობა:
„არათუ მარტო ტარბი, სხვა ფრინველებიც ბლომად სჭამენ კალიას და ამიტომ ამ შემთხვევაში ამ გვარ აღკრძალვას უფრო მომეტებული მნიშვნელობა აქვს და უფრო სასტიკად უნდა ასრულებდნენ“.
ტარბებთან ერთად, შაშვები, ბეღურები და სხვა წვრილი ფრინველები, მერცხლებიც კი, „რაც ღონე ჰქონდათ“, დასდევდნენ და ჭამდნენ კალიას, მაგრამ ქალაქის მესვეურები მთლად ფრთოსნების იმედად არ უნად ყოფილიყვნენ. თფილისის სხვადასხვა უბანში, გარკვეული ინტენსივობით, კალიის გასაწყვეტად მუშებს გზავნიდნენ, მაგალითად:
„ამას წინათ ორმოციოდე მუშა იყო სოლოლაკის გორაზე გაგზავნილი კალიის გასაწყვეტად. დილიდამ შუადღემდინ იმუშავეს, რამდენიმე ალაგას ორმოები გათხარეს და შიგ ჩაჰყარეს; მაგრამ ამ გორაზე ახლაც ბლომად არის კალია“.
პარალელურად, ვრცელდებოდა ცნობები, რომ თფილისის „ახლო-მახლო ადგილებში, მაგალითად: შინდისში, ოქროყანაში და სხვაგან, კალია სულ გაწყვეტილი არისო“.
მაგრამ, თფილისს არა და არ დაადგა საშველი:
„20 მაისს, მუშტაიდს იქითა მინდვრებიდამ დიდ-ძალი კალია ნემეცების კალონიის ბაღებში გადასულა და შეუჭამია ამ ბაღების ხეების ფოთლები და წვანილეული; შემდეგ ბაღებიდამ მტკვარში ჩავიდნენ და ქვემოთ მიცურავენო!“, – წერდა გაზეთი „კავკაზი“, „დროება“ კი იმავე დღეებში იუწყებოდა:
„კუკიის ხიდის ქვეშ, „ლონდონის“ სასტუმროს პირ-და-პირ და რამდენსამე სხვა ალაგას ეს რამდენიმე დღეა მოგროვილია დიდ-ძალი კალია, რომელიც შავათ არის წყალზე მოფენილი. აუარებელი ჩიტები დასევია ამ კალიას და სჭამენ. ეს კალია, უეჭველია, გასულ პარასკევს რომ დიდი წვიმები იყო იმისაგან არის ხევებიდამ ჩამოლეკილი.
რადგან წყალში კალია დიდ-ხანს არ კვდება [სამი დღეა ხალხი დასჩერებია ხიდიდამ ამ კალიას, რომელიც ამოხტება წყლიდამ და ისევ შიგ ვარდება], რადგან, ვამბობთ, კალია წყალში დიდ-ხანს არ კვდება და შეიძლება აქედამ წაიღოს მდინარემ და სადმე ნაპირზე გამოჰყაროს ცოცხლები, ამის გამო ურიგო არ იქნება, რომ რამდენიმე მუშა გაგზავნონ და დაახოცვინონ როგორმე ეს წყალში და ხიდის ბურჯებზე მოგროვილი კალია“.
ბოლოს და ბოლოს, როცა კალიის შემოსევა და მოტანილი ზიანი გაუსაძლისი გამხდარა, პასუხისმგებელ პირებს გადამჭრელი ნაბიჯები გადაუდგამთ – „ხაზინის გადადებულის ფულით დაიქირავეს უთვალავი მუშები და თბილისიდან დაწყობილი-განჯამდისინ სულ ორმოები ათხრევინეს და ნიჩბებით კალია დაახვეტინეს, ნავთი და კუპრი დაასხმევინეს და ერთიანად გადააწვევინეს. კახეთის მხარესაც გლეხობას დაავალეს, რომ კალიის თესლი შეექუჩებინათ და მთავრობისათვის ფასით მიეყიდნათ. ასე და ამ გვარად, გულმოდგინედ და მხნეთ მუშაობით შეიძლება მთები გასწორდეს, ესრეთაც, ათას გვარი ცდილობით მოსპეს და გაანადგურეს ეს ბუნების მოვლენილი ულმობელი ხალხის მოურევარი მტერი“.
მართალია, როგორც იყო ეს საშინელი, „მოურევარი მტერი“ მოუშორებიათ, მაგრამ თფილისელებს კალიამ მძიმე „მემკვიდრეობა“ დაუტოვა – ქალაქში გამეფებული სიძვირისგან ისედაც გაძვირებულ პროდუქციაზე მომატებული ფასები და ის გაჭირვებული სპარსი დაქირავებული მუშები, რომლებიც კალიის გაწყვეტის შემდეგ თფილისში დარჩენილან:
„არასოდეს არ ყოფილა თფილისში ისე იაფად მუშა, როგორც ამ ჟამად არის: დღეში რამდენიც გინდათ, იმდენს იშოვით. ამ სიაფის მიზეზი ერთის ხმით ის გარემოება არის, რომ საშინელი სიძვირეა ამ ჟამად ქალაქში და გაჭირვებული ხალხი იძულებულია იაფად იმუშაოს, ოღონდ კი შიმშილით არ მოკვდეს.
მეორეს მხრით, მუშების სიიაფე იმას მიეწერება, რომ ამ უკანასკნელ დროს ქალაქში დიდ-ძალი გაჭირებული მუშა ხალხი ჩამოვიდა სპარსეთიდამ, რომლებიც ძალიან იაფად დგებიან ყველა გვარ სამუშაოზედ.
თფილისის პოლიც-მეისტერი აცხადებს, რომ ამ სპარსელ მუშებს სხვა-და-სხვა ავათმყოფობა და, სხვათა შორის, საოფლე [ტიფი] დაერიაო…“.