#ერთიამბავი სვეტიცხოვლობას მიმავალი ტფილისელებისა

#ერთიამბავი სვეტიცხოვლობას მიმავალი ტფილისელებისა

ტფილისელები არცერთ დღეობას რომ არ დააკლდებოდნენ და, როგორც ამბობდნენ, სულ „ობების“ გატარებაში იყვნენ, მამადავითობა იქნებოდა, სიონობა, ანჩისხატობა თუ რომელიმე სხვა „ობა“, ერთ დღესასწაულს ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდნენ და აღნიშნავდნენ.

30 სექტემბერს, ღამით, სვეტიცხოვლის ეკლესიის დიდი გალავანი ქალაქიდან თუ სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული ღამის მთევლებით გაივსებოდა, 1 ოქტომბერს კი მიმდებარე ტერიტორიაზე „ნემსის ყუნწი არ ჩავარდებოდა – ყურთა სმენა აღარ იყო ზურნის ხმისა და არღნის ჭიჭყინისაგან. ყოველ დუქნის ბანზე მოქეიფე ხალხი ისხდა, ჯგუფ-ჯგუფად დაყოფილი. ასე ატარებდნენ დროებას, ხორცსაც იკმაყოფილებდნენ და სულსაც“.

მცხეთა. მომლოცველები. 1 ოქტომბერი / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ამ დროს, ყოველ წელს, სვეტიცხოვლის ტაძართან და ზოგადად მცხეთაში დიდი დღესასწაული იმართებოდა, თუმცა XIX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, ამ პროცესს ერთი დიდი პრობლემა ახლდა თან, თბილისიდან – მცხეთაში და მცხეთიდან უკან, თბილისში „რკინის გზით“ გამგზავრება…

ქალაქში ეს საკითხი ყბადაღებულ თემად იყო ქცეული, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ სადღესასწაულო დღეებში თბილისისა და მცხეთის რკინიგზის სადგურებზე სრული განუკითხაობა სუფევდა.

თუმცა სანამ კონკრეტულად ამ საკითხზე გადავალთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ დღიდან მოყოლებული, როცა 1872 წლის ოქტომბერში „ფოთი-თბილისის რკინის გზა გაიხსნა“, რკინიგზაზე გამეფებული ქაოსის გამო, მოსახლეობის მხრიდან „დაუბოლოებელი საჩივრები“ ისმოდა.

ტფილისელები, და არა მხოლოდ ისინი, უჩიოდნენ იმ „უწესოებას“, რაც ჩვეულ  ამბად იყო ქცეული: ვაგონში უბილეთოდ ასვლა, გათვალისწინებულზე მეტი ბარგის ატანა, უსუფთაობა, ქურდობა, ვაგონებში თამბაქოს წევა და ფრინველისა თუ ცხოველების შეყვანა.

ამასთანავე, მატარებლის მოძრაობის განრიგის არევა, ბილეთების სალაროში მოლარეთა განუკითხაობა, მომსახურე პერსონალის არაპროფესიონალიზმი და გულგრილობა, კონდუქტორთა „გაწუწკებულობის“ მაღალი ხარისხი, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მგზავრს ბილეთის ყიდვას არ აიძულებდნენ, სამაგიეროდ, გარკვეული, მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ მგზავრობის საშუალებას აძლევდნენ, საკუთარ მაქინაციებში კი კონტროლიორები და რევიზორებიც ჰყავდათ ჩართული, ასე რომ, „ვაგონებში ბილეთების სინჯვა არ იყო“.

თბილისის რკინიგზის სადგური / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

და თუკი ამგვარი განუკითხაობა მატარებლით მგზავრობას აუტანელს ხდიდა, წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა სადღესასწაულო დღეებში, განსაკუთრებით კი სვეტიცხოვლობაზე, როდესაც მცხეთაში გამგზავრების სურვილით, თფილისის რკინიგზის სადგურს ათასობით მოქალაქე მიაკითხავდა – 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს სადგურზე არსებული ვითარება მოსახლეობისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.

პასუხისმგებელი პირები ამ დღეებისთვის თადარიგს თავიდანვე იჭერდნენ, ცდილობდნენ, რომ მოვალეობა პირნათლად შეესრულებინათ და წესრიგი ასე თუ ისე დაეცვათ, მაგრამ მათ მიერ გატარებული ღონისძიებები უშედეგო იყო.

ძველ ქართულ გაზეთებში წინდაწინ იბეჭდებოდა „ფოთი-თფილისის რკინის გზის სამმართველოს“ განცხადება, რომელიც საზოგადოებას აუწყებდა, რომ 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, მცხეთაში წამსვლელთა და მცხეთიდან წამომსვლელთათვის 30-მდე საგანგებო რეისი იყო დანიშნული, რაც საქართველოს ძველ დედაქალაქში მრავალრიცხოვან მსურველთა უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობის გარანტია უნდა ყოფილიყო. მაგალითად, 1878 წლის 1 ოქტომბერს მატარებლის პირველი შემადგენლობა თბილისიდან მცხეთის მიმართულებით დილის 7 საათზე გადიოდა, მცხეთიდან დაბრუნება კი ყველაზე გვიან, საღამოს 10 საათსა და 55 წუთზე იყო შესაძლებელი:

„ყველა მატარებელში იქნება ადგილი 48 პასაჟირისათვის I კლასში, 128 II კლასში და 600 პასაჟირისთვის III კლასში.

დღესასწაულ დღეს და წინა დღესაც, თბილისისა და მცხეთის სტანციებში, პასაჟირებისათვის ბილეთები გაიყიდებიან ოთხ კასაში; I და II კლასების ბილეთები სამუდამო სტანციის კასაში და მესამე კლასისა კი სამ დროებით გამართულ კასებში შემდეგი ნომრებით #2, #3 და #4, სტანციის შენობის ახლოს.

ყველა წამსვლელ მატარებლისთვის იმდენი ბილეთები გაიყიდებიან, რამდენიც ვაგონში ადგილებია, შემდეგ კასები დაიკეტებიან და ახლად გაიღებიან ახალი მატარებელის მოსვლამდინ ნახევარ საათის წინად.

იმ პასაჟირებს, რომელნიც მატარებელში უბილეთოთ იქმნებიან, გამოერთმევათ ორჯელ მომეტებული ფასი და მიეცემათ საკუთარი ბილეთები, რომელნიც ექნებათ რკინის გზის აგენტებს.

ათ წელზე ნაკლები ბავშვები, არ წაიყვანებიან მცხეთაში, თუ თან უფროსი არავინა ჰყავთ. დედას შეუძლიან წაიყვანოს ერთი ბავშვი ხუთ წელიწადზე ნაკლები, მაგრამ უნდა დაისვას მუხლზე იმან, ვისაც მიჰყავს, თუ ხუთ წელზე ნაკლები სხვა ბავშვიც ეყოლებათ, მისთვის კი უნდა გადიხადოს ფასი, როგორც ხუთიდამ ერთის წლის ყმაწვილისათვის, ათ წელზე ნაკლები ბავშვები გადაიხდიან ფასს და მეორე კლასში ნახევარ ადგილისას, მესამე კლასში კი მეოთხედის ალაგისას. ათი წელისაზე მეტი ბავშვები გადიხდიან ყოველის ალაგის ფასს. ყველა ბაასი შესახებ წლოვანების გამორკვევისა უნდა გადაწყვეტილი იქმნას სტანციის უფროსისაგან.

1 ოქტომბერს მცხეთაში, მეიდანზე ფოჩტისა და რკინის გზის სტანციების შუა, დაუკრავს სამხედრო მუზიკა, დილის თერთმეტ საათიდამ ღამის თერთმეტ საათამდინ“.

მცხეთა რკინიგზის სადგური / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ეს შაბლონური განცხადება, რომელიც წლიდან წლამდე მინიმალურად თუ იცვლებოდა, თითქოს ამომწურავ ინფორმაციას აძლევდა სვეტიცხოვლობაზე, მცხეთაში წასვლის მსურველებს, თანაც ისე, რომ მათ წინდაწინ შეეძლოთ ყველაფერი დაეგეგმათ, მაგრამ…

დავიწყოთ იმით, რაზეც ქართული გაზეთების მესვეურები მოსახლეობის სამართლიან პრეტენზიებზე დაყრდნობით ჩიოდნენ. თურმე ხშირად ხდებოდა, რომ იმ აურზაურში, რაც აღნიშნულ დღეებში სადგურებზე ხდებოდა, ბილეთის გამყიდველები ხალხს ხურდას არ უბრუნებდნენ და თანხას „ხმა-ამოუღებელად“ ითვისებდნენ.

თავად განსაჯეთ, მოლარეთა ამგვარი თავხედობით რამდენი ადამიანი დარჩებოდა უკმაყოფილო, მაშინ როდესაც, ვთქვათ, 1878 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთ-ოსმალეთის ომი დასრულდა და საქართველოში მოსახლეობამ შედარებით შვებით ამოისუნთქა, სადღესასწაულოდ მცხეთაში უამრავი ტფილისელი მიემგზავრებოდა:

„თითქმის მთელი ქალაქის ვაჭრობა, ქართველობა, ბევრი რუსი და სხვა რჯულის ხალხიც მიაწყდა ამ დღესასწაულზედ. კინტო კი, მგონი ერთიც აღარ დარჩენილა ქალაქში… ომიანობისაგან შესვენებულს ხალხს, ეტყობოდა, ქეიფი, მხიარულობა უნდოდა…“.

მცხეთა. ქართული ოჯახი ტაძრის მოსალოცად მცხეთაში / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

როგორც გაზეთ „დროების“ რედაქტორი, სერგეი მესხი წერდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს, სვეტიცხოვლობაზე, მოსახლეობა რკინიგზის გამგეობის უსაქციელობას და უპასუხისმგებლობას უჩიოდა, ეს უკანასკნელი „ყურსაც არ იბერტყდა, თითქო იმას არ შეეხებაო“.

1878 წლის 1 ოქტომბერს უთავბოლობა თბილისის სადგურზევე დაწყებულა, რადგან სამი სალარო ვერ აუდიოდა შედარებით შეჭირვებული, „უანგარიშო“ ხალხის რაოდენობას, რომელთაც მესამე კლასის ვაგონის ბილეთების შეძენა სურდათ – „იყო ერთი გვერდების მტვრევა და ყვირილი ყველა კასებთან. ბილეთებს ჰგლეჯდნენ ერთმანეთს, ტანისამოსს აფხრეწდნენ, ჩხუბობდნენ თავ-პირს ამტვრევდნენ“.

ნაკლები უწესრიგობა არც პირველი და მეორე კლასის ბილეთების სალაროებთან ყოფილა, სადაც, როგორც აღვნიშნეთ, ხურდას თითქმის არავის უბრუნებდნენ.

უფრო დიდი პრობლემა ყოფილა ვაგონში დასაჯდომი ადგილების დაკავება, რადგან ისეთი „წეწვა-გლეჯვა“ გამართულა, საკვირველია, ჭყლეტის დროს რომ არავინ დაზარალებულა – „რამდენს დაეკარგა ტყუილ-უბრალოთ ფული; ბილეთები ჰქონდათ და ადგილი კი ვეღარ ეშოვნათ ვაგონში. ერთი მოხუცებული ქალი დამდგარიყო კასასთან და გამწარებით ღრიალებდა: „ვაი, ქა, ამისთანა იქნება! ბილეთი მიყიდნია, ოთხი მანეთი ფული მიმიცია და ვაგონში ადგილს კი არ მაძლევენ! ვიჩივლებ! ვიჩივლებ შენმა მზემ!“

ამგვარი საჩივრები არა ერთი და ორი ყოფილა…

გაცილებით უარესი მდგომარეობა სუფევდა მცხეთის სადგურზე, სადაც გამწარებულ მოსახლეობას პირველი და მეორე კლასის ბილეთების სალაროების ფანჯრები დაულეწავს, „მესამე კლასის კასების ბუდკები კინაღამ მთელ-მთლად არ აიღო ხალხმა – ქალები როგორ მიბედავდნენ კასებთან ახლოს მისვლას, კაცებს გულს ეყრებოდათ! დაოფლიანებული და დაგლეჯილ-დაფლეთილები გამოდიოდნენ კასიდამ და ბილეთის შოვნა აქ, რასაკვირველია, უფრო მომეტებულ გმირობად ჩაითვლებოდა, ვინემ ყარსის აღება და მტრის ბაირაღის ხელში ჩაგდება“ [მინიშნება რუსეთ-ოსმალეთის ომზე].

„ამგვარ უწესოებას რომ ხედავდა ხალხი რკინის გზის გამგეობისას, თვითონაც აღარ იქცეოდნენ რიგიანათ: უბილეთოები პირველ კლასის ვაგონში სხდებოდნენ; ვისაც პირველი კლასის ბილეთი ჰქონდა, ისინი ან სულ რჩებოდნენ და ან მესამე კლასში ძლივს რის ვაი-ვაგლახით ადგილს შოულობდნენ, ერთი-ერთმანეთს აჯდნენ, ბავშვები კინაღამ გაჭყლიტეს…

ნუ თუ არ არის საშუალება, რომ წესიერება დაიცვას ჩვენმა რკინის გზის გამგეობამ ამგვარს შემთხვევაში? რასაკვირველია, არის: მომეტებული ვაგონები და მომეტებული კასები ბილეთის გასასყიდლად.

გუშინ, მცხეთას, ქალაქიდამ ბევრი-ბევრი ათი-ხუთმეტი ათასი კაცი თუ იქნებოდა. ჩვენ გვინახავს 40-50 ათასი კაცი და მეტიც მისდგომოდეს რკინის გზის სტანციას, მაგრამ ყველაფერი წესიერად, რიგიანათ ყოფილიყოს.

ჩვენი რკინის გზის გამგეობა კი ყველაზე პირველად მხოლოდ იმას ჰფიქრობს, რომ რაც შეიძლება მომეტებული ხალხი ჩასვას თავის ვაგონებში, რაც შეიძლება მომეტებული ფულები მოაგროვონ ბილეთებისა და განსაკუთრებით შტრაფები იმათგან, ვინც უბილეთოდ ჩამჯდარა, და თუ ხალხი წვალობს, თუ სიამოვნების მაგიერად, ზოგს თავ-პირს ამტვრევენ, ტანის-სამოსს უგლეჯენ და სხვა ამგვარები მოხდება, ყველა ეს ჩალათაც იმას არ მიაჩნია…“ – წერდა გაზეთი „დროება“.

მცხეთობა. მცხეთიდან მომავალი მატარებელი / ოსკარ შმერლინგი / გაზეთი „ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1902 წ.

და ეს ყველაფერი ხდებოდა რკინიგზაზე, რომლის გახსნასაც, თავის დროზე, იმედით შეხვდა ქალაქი. ტფილისელები ფიქრობდნენ, რომ სარკინიგზო მიმოსვლას დიდი გავლენა ექნებოდა მათ ცხოვრებაზე, გაადვილებდა მისვლა-მოსვლას, წაახალისებდა ვაჭრობას, შეამსუბუქებდა საქონლის ტრანსპორტირების სირთულეს და ა.შ.

ამგვარი დაბრკოლებების მიუხედავად, რაც ყოველი წლის 1 ოქტომბრისთვის ლამის უკვე ტრადიციად იყო ქცეული რკინიგზაზე, ტფილისელები, რომელთაც გაუმართლებდათ და მცხეთამდე ჩააღწევდნენ, სვეტიცხოვლობას მაინც შესაბამისად აღნიშნავდნენ, მაგრამ, ასევე ტრადიციულად, იყო წუხილიც იმასთან დაკავშირებით, რომ „ნამდვილი, ძველებური, ქართული ქეიფი და დროის გატარება აღარ არისო“:

„ყველა თავისთვის მოკუნჭულა ტაძრის გალავანში, ან გალავნის გარეთ სადმე, გაუშლია წინ სუფრა და მხოლოთ რამდენიმე კაცი ერთად შეექცევა. აღარ არის ერთად მხიარულება, ერთად დროის გატარება“.

ლაზათიანი იყო თუ ულაზათო, ამგვარი „დროსტარებაც“ არ ჩაივლიდა ხოლმე ზოგჯერ მშვიდობიანად, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც საქართველოში „ერთი საშიშო და სახიფათო რაიმე“, ანუ რკინიგზა გამოჩნდა, როგორც მავანნი თავის დროზე უწოდებდნენ.

ერთი უბედური შემთხვევა ჩვენ მიერ ნახსენებ 1878 წელსაც მომხდარა – „ერთი ქართველი გაუჭყლეტია მატარებელს. ზოგი ამბობდა მთვრალი იყოვო, დაეცა და გორგოლებს ქვეშ ჩავარდაო; ზოგი კი ამტკიცებდა, ვითომც ვიღაცას ეკრას უცაბედად ხელიო“.

ეს ამბავი 1 ოქტომბერს, ღამის მეათე საათზე მომხდარა, მაშინ როდესაც რკინიგზის სადგურთან ახლოს, სვეტიცხოვლობაზე ჩამოსულთათვის, „ფოთი-თფილისის რკინის გზის სამმართველოს“ დაპირებული „სამხედრო მუზიკა“ ჯერ კიდევ უკრავდა…

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *