Top Gun: Maverick-ის პროდიუსერულმა კომპანიამ $400 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

Top Gun: Maverick-ის პროდიუსერულმა კომპანიამ $400 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმის, „Top Gun: Maverick“-ის კოლოსალური წარმატების შემდეგ, კინოსურათის პროდიუსერმა კომპანიამ, Skydance Media-მ, $400 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, გარიგების შედეგად კომპანია $4 მილიარდად შეფასდა. როგორც ირკვევა, მოზიდული ინვესტიციით, Skydance-ი ანიმაციების, ვიდეოთამაშებისა და სპორტთან დაკავშირებული კონტენტის წარმოების მიმართულებით გაფართოებას გეგმავს.

აღნიშნულ საინვესტიციო რაუნდში მონაწილეობა მიიღეს, როგორც კომპანიის არსებულმა ინვესტორებმა, მათ შორის ელისონების ოჯახმა, საინვესტიციო კომპანიამ, RedBird Capital Partners-მა და ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Tencent Holdings-მა, ასევე კერძო კაპიტალის კომპანიამ, KKR-მა. ისე კი, დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის ფონზე, Skydance Media-ს საკონტროლო პაკეტს ჯერ კიდევ ელისონების ოჯახი ინარჩუნებს.

ბოლო წლებში, Skydance Media არაერთი მაღალბიუჯეტიანი ფილმის პროდიუსირებაში იყო ჩართული, მათ შორის Star Trek-ისა და Terminator-ის სიქველებში, მაგრამ კომპანიის ყველაზე წარმატებული პროექტი მაინც წელს გამოსული „Top Gun: Maverick“-ი აღმოჩნდა, რომლის პროდიუსირებაში დევიდ ელისონის კომპანიასთან ერთად Paramount Pictures-იც იყო ჩართული – გლობალურად, ამ ფილმმა, თითქმის $1.5 მილიარდის შემოსავალი მოაგროვა.

ბოლო პროექტის წარმატების ფონზე, როგორც ჩანს, Skydance Media-მ მოგებაზე გასვლაც მოახერხა, რაც კომპანიას ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობას მისცემს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი დევიდ ელისონი ამბობს, ამ მიმართულებით Skydance-ი Disney-ის შვილობილ Marvel Entertainment-თან აპირებს თანამშრომლობას – პროექტის ფარგლებში, კომპანიები მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ვიდეოთამაშს შექმნიან, სუპერგმირების თემატიკაზე. Disney-ის გარდა, Skydance Media მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიასთან, Apple-თანაც თანამშრომლობს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Skydance Media კალიფორნიაში დაფუძნებული პროდიუსერული კომპანია, რომელსაც Oracle-ის დამფუძნებლისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ლარი ელისონის შვილი, დევიდ ელისონი ფლობს. ლარი ელისონის ქონებას ამერიკული Forbes-ი $89.7 მილიარდად აფასებს, რითაც ის სიის მეშვიდე ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *