#ერთიამბავი ტფილისელ ასოთ-ამწყობთა დეპეშისა

#ერთიამბავი ტფილისელ ასოთ-ამწყობთა დეპეშისა

გაზეთ „ივერიის“ სტამბა, 1902 წ. / ეროვნული ფოტომატიანე

„რადგანაც ქართველთ ასოთ ამწყობთ ჩვეულებათ ჰქონიათ ახალ-წლის მეორე დღე იდღესასწაულონ და ჩვენ ვერა გზით ვერ მოვაშლევინეთ, გუშინდლისათვის დანიშნული ნომერი დღეს გამოვიდა“, – წერდა გაზეთი „ივერია“ 1886 წლის 4 იანვარს.

არადა, სხვადასხვა დროის, სხვადასხვა საგაზეთო, მათ შორის, იმავე „ივერიის“ ცნობების მიხედვით, სწორედ ტფილისელი ასოთამწყობები, დასაბეჭდად განსაზღვრული მასალის „კოხტა პატარძალივით მორთვაზე“ რომ აგებდნენ პასუხს, ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და პასუხისმგებლობიანი მუშაკები იყვნენ.

ძველ თბილისს, ვაჭრობის, ხელოსნებისა და ხელოსნობის ქალაქს, სხვადასხვა სფეროს არაერთი გამორჩეული წარმომადგენელი ახსოვს. ალბათ მათ შორის უნდა მოვიაზროთ თბილისელი ასოთამწყობები, რომლებიც მრავალი სირთულისა თუ წინააღმდეგობის მიუხედავად, საკუთარ საქმეს ერთგულად ემსახურებოდნენ და ქალაქის „ბეჭდურ ცხოვრებაში“ თავით ფეხებამდე იყვნენ ჩაფლული.

ნოტიო, უჰაერო, ცუდად განათებულ სარდაფებში, სადაც აუტანელი სუნი, მტვერი და „სტამბაში სახმარებელი წამლის“ ჭვარტლი იყო დაბუდებული, ასოთამწყობები, ამ კეთილშობილური საქმის მსახურები, „ვით კატორგაში“, მთელი თორმეტი საათი და ხშირად მეტიც, ფეხზე იდგნენ და ძალას ატანდნენ თვალებს ხშირად სრულიად გაურკვეველი ნაწერების გასარჩევად:

„ასოებს, ვითარცა მარცვლებს იღებენ პატარ-პატარა ყუთებიდგან. ყუთები, ანუ „კასები“, დაყოფილია იმდენ პატარ-პატარა უჯრებად, რამდენი ასოცაა ხოლმე ანბანში. ასოთ-ამწყობი დგას ამ კასასთან და მარჯვენა ხელის სამის თითით იღებს უჯრებიდან ასოებს. ერთი-მეორეს აკოწიწებენ და ამ რიგად აწყობენ სიტყვებს და წინადადებებს, რომელნიც მერე თავის-თავად ელაპარაკებიან მკითხველებს და ზრდიან ხალხს გონებით და ზნეობითაც“.

მიუხედავად ამისა, ამ პროფესიის წარმომადგენლები გვარიანად იჩაგრებოდნენ, ერთი მხრივ, დამსაქმებელთა მხრიდან, მეორე მხრივ კი სხვადასხვა, ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ასოთამწყობები არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილების, ან ტექნიკური უნარების, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის ფასადაც მუშაობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, სამუშაო სპეციფიკის და არცთუ სახარბიელო სამუშაო პირობების მიუხედავად, მათი შრომა ჯეროვნად არ ფასდებოდა.

საგაზეთო ცნობებს თუ დავუჯერებთ, კარგად მოწყობილ, შედარებით მაღალი რეპუტაციის სტამბებშიც კი  ასოთამწყობებს ცუდად უხდიდნენ.

1895 წლისთვის, ტფილისში, ათასი ასოს „ამოწყობაში“ ასოთამწყობთა სარგო მხოლოდ 10-12 კაპიკს შეადგენდა, რაც თვეში დაახლოებით 30-40 მანეთის შემოსავალი უნდა ყოფილიყო.

[მეტი თვალსაჩინოებისთვის, დაახლოებით ამავე პერიოდში, ქალაქის ცენტრში, გოლოვინის პროსპექტზე მდებარე საშუალო დონის სასტუმროს ე.წ. „მოწყობილი ოთახების“ ერთი ნომრის დღიური ფასი 60 კაპიკიდან იწყებოდა; ბოთლი ღვინო 20 კაპიკიდან – მანეთამდე და უფრო მეტი ღირდა; 20-დან 40 კაპიკამდე დაგიჯდებოდათ მუზეუმებში შესასვლელი და წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთების შეძენა; კილოგრამი ძროხის ხორცი კი, საშუალოდ, 20 კაპიკამდე ღირდა.]

ყველაფერთან ერთად, როგორც ტფილისელ ასოთამწყობთა გულშემატკივრები ამტკიცებდნენ, ამ პროფესიის ხალხს ქალაქში ყველაზე მარტივად ჩაგრავდნენ, რადგან 1880-იანი წლების ბოლოსთვის ასოთამწყობებს არც საკუთარი ამქარი ჰყავდათ და არც „ერთმანეთის დასახმარებელი საზოგადოება“, ამიტომაც  ისინი „ღვთის ანაბრობაზე“ ყოფილან მიტოვებულნი:

„ვინც უნდა დასჩაგროს, ვინც უნდა მოექცეს უსამართლოდ, თუ მესტამბენი, თუ წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების მბეჭდავნი და რედაქტორები, იმათი დამფარველი და დამხსნელი არავინ არის“.

აკი ჩაგრავდნენ კიდეც!

საკუთარი სიმართლის დამტკიცების ერთადერთ გზად ამ დაჩაგრულებს სასამართლო რჩებოდათ, რომელიც, ერთი მხრივ, ნელი იყო, მეორე მხრივ კი ძვირი და მოკლედ რომ ვთქვათ, ამ საქმიდან არაფერი გამოდიოდა…

„ვსთქვათ, მუშაობს ასოთ-ამწყობი მესტამბესთან რამდენიმე ხანი გადაკვეთილის ჯამაგირით. ბოლოს მიეცა რაიმე მიზეზი და ანებებს თავს სტამბას, ასოთ-ამწყობი ითხოვს ჯამაგირს და მესტამბე არ აძლევს.

მესტამბე, ჩვეულებრივ, ამ სიტყვებით ისტუმრებს: „თუ გავლა გინდა, წადი, ხელს ვინ გიჭერს; თუ იმუშავებ ჩემთან, მიიღებ დარჩენილს ფულებსაცა, თუ არა და, წადი სადაც გინდაო“.

რა უნდა ჰქნას საწყალმა ასოთ-ამწყობმა! როგორ უნდა გამოართვას ის ოფლით და შრომით შეძენილი ლუკმა-პურის ფული, რომელიც სტამბის პატრონის ხელშია? რა უნდა ჰქნას საბრალომ? ვის უნდა მიჰმართოს? იჩივლოს? რით უნდა იჩივლოს? რა საბუთი აქვს ხელში? ასოთ-ამწყობს ზოგჯერ იმდენი რჩება ჯამაგირი, რომ ჩივილში და მოცდენაში არ აუთავდება ის ფული; მეტი ღონე არ არის, ასოთ-ამწყობი თავს ანებებს თავის საკუთრებას…“.

ყველა სიკეთესთან ერთად, ტფილისელი ასოთამწყობნი ცრუ დაპირებების მსხვერპლიც ხშირად ხდებოდნენ. მაგალითად, დააპირებდა რომელიმე ჯგუფი გაზეთის ან ჟურნალის გამოცემას და კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ მოიწვევდა ასოთამწყობებს – „ფულის დახარბებით“ ძველ ადგილს დააკარგვინებდა. მას შემდეგ, რაც საქმე სასურველ შედეგს ვერ გამოიღებდა, უფროსები ამ წამოწყებასაც მიატოვებდნენ და სხვადასხვა სტამბიდან წამოყვანილ ასოთამწყობებსაც… „არ უსწორდებიან მუშებს ან და, თუ უსწორდებიან, მერე უშვებენ ღვთის ანაბრობაზე“.

აქვე კიდევ ერთხელ შევეხოთ იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ასოთამწყობნი მოვალეობას საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ასრულებდნენ!

დატვირთული სამუშაო გრაფიკი, არასათანადო გარემო, დროთა განმავლობაში განაპირობებდა, რომ ასოთამწყობთ თანდათან სხეულში უჯდებოდათ ტკივილი, ესა თუ ის სენი:

„თავდაპირველად ეღლებათ ფეხები და კუნთები, შემდეგ სტკივდებათ თვალები – სახელოსნოში, ხშირად, ურიგო სინათლისა გამო, ასოთ-ამწყობი მალე ჰკარგავს თვალთა-ხედვას. რა თქმა უნდა, არა ნაკლები სატკივრები უჩნდება ხელებს… თითები ნება-უნებლიედ კარგავენ მოძრაობას და თითქოს შეშდებიან. ზოგჯერ ასოთ-ამწყობს არც გაუჩერდება ხელში ასოები“.

ალბათ ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით იყო, ამ დარგის სპეციალისტები სტამბების ანტისანიტარიული მდგომარეობისა და ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესებაზე, ასოთამწყობთათვის სამუშაო დროის შემცირებასა და, რაც მთავარია, სტამბების ნესტიანი სარდაფებიდან „ამოტანაზე“ რომ ამახვილებდნენ ყურადღებას, თუმცა ეს სულაც არ იყო „ხაზეინების“ ინტერესში.

მართალია, 1899 წლისთვის დღის წესრიგში დამდგარა საკითხი იმის შესახებ, რომ შრომა შემსუბუქებოდათ იმ პირთ, ვინც ყოველდღიურ, ბეჭდურ გამოცემებზე მუშაობდნენ, მათ შორის ასოთამწყობებსაც, თუმცა ამ თვალსაზრისით რეალური ცვლილებები მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა, როდესაც 1905 წლის მოვლენების გათვალისწინებით, ქალაქში გაფიცვები გახშირდა…

მაგალითად, „ივერიის“ 1905 წლის ერთ-ერთ ნომერში ვკითხულობთ გაზეთის ასოთამწყობთა მოთხოვნებს, რომლებითაც მათ შესაბამისი სამსახურისთვის მიუმართავთ. გაზეთის ასოთამწყობები მოითხოვდნენ ანაზღაურების მომატებას, კვირა დღეს სრულ თავისუფლებას, დანარჩენ უქმე დღეებში კი დასვენებას, რედაქციის შეხედულების შესაბამისად; მოთხოვნებს შორის ვკითხულობთ: „უკანასკნელი დედანი ასაწყობად რედაქციამ სტამბას ნაშუადღევის სამ საათამდე უნდა ჩააბაროს; ძნელად გასარჩევი ხელთნაწერი რედაქციიდან ასაწყობად არ უნდა გამოიგზავნოს და ა.შ. თუ ყველა ამ მუხლებს არ დააკმაყოფილებენ, ჩვენ ყველანი, გაზეთის ასოთ-ამწყობნი, მბეჭდავნი, ასოთ-ჩამომსხმელნი და მემანქანენი მუშაობას თავს ვანებებთ…“

თუმცა, სანამ ეს ამბები მოხდებოდა, როგორც ჩანს, ასოთამწყობნი შესაშური პატიოსნებითა და რუდუნებით ემსახურებოდნენ საკუთარ საქმესა და პროფესიას. რის ერთ-ერთ დასტურადაც უცვლელად გთავაზობთ გამორჩეულ ამბავს იმ მისალოცი დეპეშის შესახებ, რომელიც პირველი ევროპელი მესტამბის ხუთასი წლის იუბილეზე, ჩვენებურმა ასოთამწყობებმა და მბეჭდავებმა იოჰან გუტენბერგის მშობლიური ქალაქის – მაინცის მოურავს გაუგზავნეს:

„ტფილისის ოთხასი ასოთ-ამწყობი და მბეჭდავი ვდღესასწაულობთ ხუთასი წლის დაბადების დღეს უდიდესი გამომგონის გუტენბერგისას და ვულოცავთ ქალაქ მაინცს, რომელმაც კაცობრიობას ასეთი შესანიშნავი პირი აჩუქა.

პირველი სტამბა აქ დააარსა საქართველოს მეფემ 1709 წელს. ამ ჟამად არის 18 სტამბა და თითქმის ამდენივე პროვინციის დაბა ქალაქებში.

გერმანელის მოგონების წყალობით, ცოდნა და განათლება გადემოკრატდა, ხალხისათვისაც ხელმისაწვდენი შეიქმნა, რის გამოც, ჩვენ, აზიელ მუშებსაც, შეძლება მოგვეცა დღეს თქვენ, ევროპიელთ, გამოგელაპარაკოთ და ჩვენი აზრები გაცნობოთ.

გაუმარჯოს მაინცს, გაუმარჯოს გერმანიის ხალხს!“