ერთმანერთზედ მიყრილი სახლების ქალაქი

ერთმანერთზედ მიყრილი სახლების ქალაქი

„გაეცალე მეტი სახელი იყო ერთი კალატოზისა, რომლის აშენებული კედელიც აშენებისთანავე ინგრეოდა. როცა კედელს აშენებდა, მის გვერდით მიმავალ ხალხს თვით ეუბნებოდა: „გაეცალე!“, – იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“.

პირველ ხანად ძველ თბილისში სახლებათ იყო შუაცეცხლის მაღალ სანათურიანი დარბაზები. ამგვარი დარბაზები მე ჩემის თვალით მინახავს ოქრომჭედლების უბანში… ეს დარბაზები ოთხ ბოძზე იყო აშენებული. ქალაქის დარბაზიანი სახლები 1860 წლიდან ნელ-ნელა ელფერს იცვლიან და მერე ცალ სართულიანი სწორე ბანიანი სახლები შემოდის ხმარებაში… სახლების ბანები ისეთი სუფთა და დატკეპნილი იყო, რომ ცემენტი გეგონებოდათ, რადგანაც მუდმივათ ზედ რგვალ ქვას აგორავებდნენ და მიწას ამაგრებდნენ. საღამოობით ბანებზე ხალიჩებს გაშლიდნენ და იქ მღერა ცეკვაში დროს ატარებდნენ…“ – ასე აღწერდა ჩვენი ქალაქის სახლებს თბილისელი მხატვარი კარაპეტ გრიგორიანცი.

თბილისის ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებსა და ერთმანეთს მიკრულ, ბანიან სახლებზე, ერთი შენობიდან მეორეზე თავისუფლად გადასვლის საშუალებას რომ იძლეოდა, ყურადღებას ხშირად ამახვილებდნენ უცხოელი მოგზაურებიც. საკუთარ მოგონებებში ისინი წერდნენ მჭიდრო თბილისურ დასახლებებზე, ქვითა და აგურით ნაშენ, თიხით შელესილ შენობებზე.

„მამადავითს მივყვებით აღმა, ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს გარშემო ბაქნებივით ერთიმეორეზე აგებულ ქოხებს, პატარა, შეუხედავ, უხეში ქვისაგან აგებულ სახლებს. მათი უფანჯრობითა და უბრალოებით გაოცებულნი ვკითხულობთ: ეს ის ნიჟარები ხომ არაა, რომლებშიც ქართველთა შვილნი თავიანთ მშვენიერ მარგალიტებს ინახავენ?!

ასეთ სახლებში შუქი ჩადის მაღლიდან, საგანგებო ჭრილში, რაც სახურავში საკვამურად აქვს გაკეთებული, და ცუდ ამინდში, როცა ეს ჭრილი უნდა დაიხუროს, სახლში წყვდიადი ისადგურებს.

ერთ ასეთ სახლში რომ ჩავედი, ძაღლების ყეფაში საფეხურებს ჩავყევი და ვიწრო ქუჩით ისევ პატარა მოედანზე გავედი, სადაც ჩემს წინ გიმნაზიის შენობა აღიმართა. მაშინ მომაგონდა, რომ ამ საოცარ სახლებს შორის ევროპული ყაიდის ცხოვრებაც არის“, – ასე აღწერს თბილისის სურათებს გერმანელი მწერალი და მეცნიერი ფრიდრიხ ბოდენშტედტი.

„ევროპული ყაიდის ცხოვრების“ გამოჩენა, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს თუ არა, პირდაპირ უკავშირდება თბილისის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ, კავკასიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას.

„იმ მხარიდან, საიდანაც ტფილისში შედიხარ, მას მთლად ევროპული იერი აქვს. ქალაქის ეს ნაწილი რუსების მიერაა აგებული; სწორი ქუჩები, თანამედროვე სახლების მწკრივები, ელეგანტური მაღაზიები, აფთიაქები, კაფეები, საჯარო დაწესებულებები, გუბერნატორის სასახლე… ქუჩებში – მრავალფეროვანი სამხედრო ფორმები, ფრანგული კოსტიუმები, ფრაკები და ა. შ. ყოველივე ამას ევროპაში გავყავართ, მაგრამ ამ ევროპული ქალაქის ბოლოს იწყება ნამდვილი აზიური ნაწილი…“ – აღნიშნავდა კიდევ ერთი გერმანელი მეცნიერი, ბარონი აუგუსტ ფონ ჰაქსტჰაუზენი, რომელიც კავკასიაში 1843 წელს იმყოფებოდა.

თბილისი. უსპენსკის ჩიხი. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

თუმცა, ვინმემ რუსეთის იმპერიის მეხოტბეობა რომ არ დაგვწამოს, აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ იმასაც, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციული, სამოქალაქო თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რომლებიც თბილისში იმპერიის სახსრებით შენდებოდა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სწორედ იმპერიის ინტერესებს ემსახურებოდა.

ადმინისტრაციული შენობების კვალდაკვალ, ქალაქში უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა შეძლებული თბილისელების ერთიმეორეზე გამორჩეული და ლამაზი სახლები, რომელთა მშენებლობა ახლა უკვე რუსეთის იმპერიაში მიღებულ ნორმებს ექვემდებარებოდა. იკრძალებოდა შენობების უგეგმოდ აგება.

თბილისის გაევროპულებასთან ერთად, ახლად აგებულ სახლებსა თუ სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა ფასადებზე ეტაპობრივად ქანდაკებებიც ჩნდებოდა. როგორც ცნობილია, სკულპტურებისთვის ხშირად მზა მოდელებს იყენებდნენ, ამიტომაც, ერთი და იმავე მოდელით დამზადებულ საფასადო ქანდაკებებს ქალაქის სხვადასხვა უბანშიც შეიძლება შეხვედროდით.

ასეა თუ ისე, როგორც ამბობენ, თბილისი ორსახოვან იანუსს ჰგავდა. ერთი მხრივ, ქალაქის ძველი, აზიური ნაწილი ვიწრო ქუჩებით, შუკებითა და ბანიანი სახლებით, მეორე მხრივ კი ახალი, ევროპული ტფილისი, ფართო ქუჩებითა და ლამაზი სახლებით:

„ჩუენი თბილისის ქალაქი პატარა პარიჟი შეიქნა. მე ამას მოგახსენებ, ჩემო მკითხველო, შესახებ ქუჩების გამშუენიერებისა, სახლების ევროპიულ ხელოვნებით გაკეთებისა. ახლა საითაც მიიხედო, სამი და ოთხი ეტაჟა ჩინებული მაღაზიებია…“ – წერდა ქართველი პუბლიცისტი ივანე კერესელიძე 1870 წელს ჟურნალ „ცისკარში“.

თუმცა, როგორც არ უნდა გამშვენიერებულიყო და ახალი შენობებით შევსებულიყო, დღევანდლისა არ იყოს, ძველი თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – „ძველი, დამპალი და საშიშო“ სახლები იყო.

პრესის ფურცლებზე ხშირად ჩნდებოდა ტფილისელების ჩივილი იმის შესახებ, რომ ძველი ნაწილი ქალაქისა სავსე იყო ისეთი შენობებით, რომელთაც შიშით შეჰყურებდა მოსახლეობა, რადგან მათი დანგრევა დღედღეზე იყო მოსალოდნელი:

„კარგი იქნებოდა, რომ მეტეხის აღმართზედ აშენებულ სახლებისთვის მიექციათ ყურადღება. ისეა ეს სახლები დაძველებული, რომ შიგ კაცს არ დაედგომებაო. ყოველ წუთს იმისი ფიქრი უნდა ჰქონდეს, სახლები არ დაიქცეს და ქვეშ არ მოვყვეო. მართლაც და, ერთი დიდი წვიმა რომ მოვიდეს და ქარმა დაუბეროს, სულ პირქვე დაამხობს ამ სახლებსაო“.

ამგვარ სახიფათო და ამორტიზებულ ნაგებობათა ნგრევას არაერთი უბედური შემთხვევაც მოჰყოლია. მაგალითად, 1885 წელს, მეტეხის აღმართზე ერთ-ერთი სახლის კედელი გადმონგრეულა, ნანგრევებში კი ორი ადამიანი მოყოლილა;

1887 წელს, სიძველის გამო, ზუბალოვის ქარვასლის სამი დუქანი მორღვეულა და მტკვარში ჩავარდნილა. „უბედურება არა მომხდარა რა“, რადგან პოლიციის ბოქაულის თანაშემწეს ამ ძველი დუქნების მდგმურები წინდაწინ გაუყვანია შენობებიდან;

1897 წელს, „ვეტცელის ქუჩაზედ, კუკიაში, ყულიჯანოვის ახლად აშენებულის სახლის კედელი ჩამოინგრა და ხუთი მუშა მოიტანა ქვეშ. ოთხი მუშა იქვე მოკვდა, მეხუთე მიხეილის სამკურნალოში წაიყვანეს. ისიც ძალიან არის დაშავებული და საეჭვოა, რომ მორჩეს. აი, ასეთის საქებურის სიმკვიდრით შენდება ტფილისში სახლები. პატარა ქარი დაჰბერავს და სართულები ყირაზედ გადადიან“, – აუწყებდა მკითხველს გაზეთი „ცნობის ფურცელი“.

ქარის რა გითხრათ, მაგრამ წყალდიდობები, უფრო ხშირად კი მიწისძვრები ძველი თბილისის შენობებს დიდი გამოცდის წინაშე აყენებდა. სხვადასხვა ნაგებობით გადაჭედილი მოკლე შუკები, ერთმანეთს მიკრული სახლები, ამაოდ რომ ელოდნენ განახლებას, მიწისძვრების შედეგად ან საბოლოოდ ინგრეოდა, ან კიდევ უფრო მეტად ზიანდებოდა. ეგ კი არადა, მიწისძვრის დროს მრავალი სახლი, „თითქმის ახალი და დიდიც-კი“, შესამჩნევად ზიანდებოდა: „ბევრგან სახლის კედლები გასკდა… შეშინებული მცხოვრებნი სახლებიდგან ქუჩებში გამორბოდნენ…“.

აბანოთუბანი და ბოტანიკური ბაღის ასასვლელი. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ამ „ერთმანერთზედ მიყრილი“ სახლების ბედი კი ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ქალაქში განახლების სიო ქროდა და უკვე ლამის მთელი ტფილისი ადგა მშენებლობისა და გაფართოების გზას.

„ამ უკანასკნელ წლებში როგორც ყველაფერს ფასი მოემატა, სახლებსაც ქირა მოემატა. ამის გამო ჩვენს ქალაქში ყველგან რომელ ქუჩაშიაც არ უნდა გაიაროთ, ან ახალ სახლებს აშენებენ, ან ძველის გადაკეთებას შესდგომიან. ყველგან დიდ გასაქირავებელ სახლს აკეთებენ, სულ უკანასკნელს ორ ოთახიანზე [თავის სამზარეულოთი] ნაკლებს ვერა ნახავთ…“;

„კუკიაში ამ ბოლოს დროს ყოველ წელს მრავალი ახალი სახლი შენდება და ეს ნაწილი ქალაქისა საგრძნობელის სისწრაფით იზრდება. ხოლო ამ ზაფხულმა-კი გაცილებით აჯობა წარსულ წლებს. მიხეილის ქუჩა ხომ თვით მუშტაიდამდე აივსო ახალის შენობებით. აქა-იქ თუ შეგხვდებათ-ღა მცირეოდენი ცარიელი ნაჭერი მიწისა ქუჩის პირას, თორემ ერთობ გაბმული შენობებია. სიკეკლუცით და სიბარაქით ეს ახალი შენობები არ ჩამოუვარდება საუკეთესო სახლებს ტფილისისას. აგრეთვე სხვა ქუჩები კუკიისა შესამჩნევად იზრდება და ლამაზდება. მეტადრე გამოფენის სიახლოვეს სწრაფად აკეთებენ ხისა, თუ ქვითკირის შენობებს“;

„დიდუბელები სჩივიან, პატიოსანი განაპირა ქალაქი გაშენდა აქეთ და ისეთი მშვენიერი ქუჩები და სახლები გაკეთდა სულ ამ ორის წლის განმავლობაში, რომ ფიქრადაც არავის მოუვიდოდა ამ სამი-ოთხის წლის წინად და ყურადღებას-კი არ გვაქცევს ქალაქის გამგეობაო“;

„ახალშენს „ღრმა-ღელეს“ თანდათან წარმატება ეტყობა: რამდენიმე მშვენიერი სახლი ააგეს, გამართეს ორი დუქანი…“;

განახლების სიო განსაკუთრებით ძლიერად მაშინ ქროდა, როდესაც ტფილისი რომელიმე საპატიო სტუმარს ელოდა, მაგალითად, როგორც 1888 წელს:

„ამ ზაფხულს ტფილისში დიდი მუშაობა იყო დიდ ქუჩების სახლების გალამაზებისა და შეკეთებისათვის. ამ გვარად ირთვება გოლოვინის პროსპექტი, შუა-ბაზარი, კუკიის მიხაილოვის, ანუ კოლონიის ქუჩა. ეხლა რომ გაიაროთ, სახლებს სულ ფერად-ფერადად შეღებილს ნახავთ, მოწითალოდ, მწვანედ, ლურჯად, ფუსტუღის ფრად, ცის ფრად, რუხად და ყვითლადაც-კი. ზოგიერთი დიდი შენობა აქამომდე ისე იდგა, რომ თუ არა ხელმწიფე იმპერატორის მობრძანება, რჩებოდა გაულესავი და შეუღებავი. მაგალითად, თამამშოვის ქარვასლა გალესეს ამ ჩვიდმეტის წლის წინად“.

მშენებლობებს თან ახლდა რიგი პრობლემებიც, რომლებიც მავანთა დაუდევრობისა თუ უპასუხისმგებლობის შედეგი იყო. მაგალითად, სახლის პატრონები სახლების გადაკეთების ან აშენების დროს აზიანებდნენ ხეებს და „შემდეგ აღარა ჰფიქრობენ იმათ ხელ ახლა მოშენებაზედ და ამ გვარად ქუჩებსაც ამახინჯებენ“.

აბანოს კართან დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

მეტიც, ზოგიერთი სახლის პატრონები იქამდეც კი გათამამებულან, რომ ქალაქის მებაღეს მათი სახლების წინ ხეების დარგვის უფლებას არ აძლევდნენ. თურმე ამბობდნენ, ხეები ოთახებს გვიბნელებს და სახლს გვიუშნოვებსო…

წლების განმავლობაში ტფილისში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა სახლების დანომვრის საკითხი. XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში ქართული პრესა ამ საკითხზე აქტიურად ამახვილებდა ყურადღებას. აღნიშნავდნენ, რომ ტფილისის სახლებს ახირებული ნუმერაცია ჰქონდათ – „ერთს სახლს რომ N20 აწერია, მეორეს N39 აზის და ამას გარდა ისე ალთა-ბალთას არის გადაკრული ეს ნომრები, რომ ადამიანმა ერთი საათი მაინც უნდა ათვალიეროს კედლები თავიდგან-ბოლომდე, ვიდრე სადმე კუნჭულში არ მოჰკრავს თვალს გაშავებულსა და წამალ-გადარეცხილს თუნუქის ხელისგულისოდენა ფიცარს ნომრისას“.

პრობლემის აღმოსაფხვრელად ვინმე ბატონ ტაუგლიხს ქალაქის გამგეობისთვის სახლებზე მისაკრავი ნომრების ნიმუშიც კი წარუდგენია – „ლითონის ფიცარზედ შუაში წითელის ფერისა ნომერი იქნება, ზემოდ ქალაქის უბანი და ქვემოდ სახლის პატრონის გვარი გამოცხადებული. ბატონი ტაუგლიხი სთხოვს გამგეობას, შემიკვეთეთ ამ ნომრების გაკეთება ბლომად და თითოს თითო მანეთად გავაკეთებო“.

ამ ამბებიდან ათი წლის შემდეგ უკვე ტფილისის ერთ-ერთი საპოლიციო ნაწილის ბოქაულს შეუტანია თხოვნა გამგეობაში, როგორმე სახლის პატრონებისთვის დაევალებინათ, რომ საკუთარი ხარჯით გაეკრათ პატარა დაფები, რომლებზეც, სახლის ნომერთან ერთად, პატრონის სახელი და გვარი იქნებოდა მითითებული.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ ყოფილა ერთადერთი ვალდებულება, რომლის დაკისრებაც ქალაქის გამგეობას სახლების მეპატრონეებისთვის სურდა. იყო დრო, როდესაც სახლის პატრონებსა თუ „დიდრონ ქუჩის მოსახლკარეებს“ ქვაფენილების თოვლისა და ყინულისგან გაწმენდა, ასევე, სახლების წინ ქვიშისა თუ ნახერხის დაყრა ევალებოდათ, რათა გამვლელ- -გამომვლელთ ფეხი არ დასცურებოდათ; ასევე, რიგ შემთხვევებში, სწორედ მათ ევალებოდათ სახლის წინ ტროტუარების კეთილმოწყობა, თუმცა, რა გასაკვირია, რომ გამგეობის ამ და სხვა მოთხოვნებს ასში ერთი მოსახლე თუ შეისმენდა. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევას თუ მივიღებთ მხედველობაში, „ერთი ბეწო ჟინჟღლი“ საკმარისი იყო, რომ გამვლელები მუხლებამდე ჩაფლულიყვნენ გუბეებში თვით ტროტუარებზეც კი – „ჩვენს კურთხეულს ტფილისშიაც არის აგრეთ წოდებული სავალდებულო წესები, მაგრამ იმათი მასრულებელი კი არსადა სჩანს“.

დასასრულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოებასაც უნდა შევეხოთ. მაშინ, როდესაც ქალაქში სახლების, კედლებისა თუ სახურავების განახლება აქტიურად დაიწყებოდა და ისეთი ფაცაფუცი ატყდებოდა, თითქოს „ტფილისი საქორწილოდ ემზადებაო“, უსაფრთხოების ნორმებს ყურადღებას თითქმის არავინ აქცევდა:

„ხარაჩოები ისეა გამართული, რომ კაცს უშიშრად არ გაევლება იმათ ახლო. გუშინ სასტუმრო „პარიჟის“ პირდაპირ ერთს კაცს ისე დაეცა აგური, რომ იქვე ჩააკეცინა ფეხები. საბრალოს ქუდი რომ არა ჰხურებოდა, ვგონებთ იქავე სულს განუტევებდა. ზოგიერთს ადგილას ისე გულ- -მოდგინედ და გაუფრთხილებლად ჰღებავენ კედლებს, რომ გამვლელ-გამომვლელს წინწკლები ესხმის“.

ამგვარ მოვლენებს ძველი პრესა კარიკატურებითაც ეხმაურებოდა. მაგალითად, 1902 წლის ერთ-ერთ კარიკატურაზე – „ტფილისის შენობების მომავალი“ ასახულია ჩამონგრეული კედელი, ნანგრევებში მოყოლილი კაცი და კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც თავის გადარჩენას ცდილობს და გარბის. კარიკატურის სათაური, როგორც ერთგვარი წინასწარმეტყველება, სამწუხაროდ, მომავალშიც არაერთხელ დაატყდება თბილისს თავს.

ძველი თბილისის სახლები მდინარე მტკვარზე. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

მშენებლობის დროს თუ შემდგომ, კედლების ჩამოქცევა იშვიათი მოვლენა რომ არ იყო, ამას ტფილისში მომხდარი ერთი გახმაურებული, ტრაგიკული შემთხვევაც მოწმობს.

საქმე 1886 წელს, ლაბორატორიის ქუჩაზე „დატრიალებულ ყოვლად საზარელ საცოდაობას“ ეხება. როდესაც მუშებს ახალი სახლისთვის გაუჭრიათ საძირკველი, იქვე მდებარე ერთ-ერთი ძველი შენობის კედელს „დაუქუხნია“, ნანგრევებში კი ორი მუშა მოყოლილა – „ტირილი და ვაება ცოცხლად დამარხულთა ნათესავებისა, რომელნიც იმავ საძირკვლის გათხრაზე მუშაობდნენ, გულს უწუხებდა გარშემო შეგროვილს ხალხს“.

„ნანგრევებიდან მუშების ამოსაყვანად ადგილზე ცეცხლის-მქრობელთა რაზმის ჯარის- -კაცნიც მისულან. დიდი ხნის წვალების შემდეგ, „დაიძახეს წყალი! მოიტანეს ნიშადურის სპირტიცა და მოასულიერეს მუშა. ექიმი-ქალიც გზაში ეპოვნა პოლიციელს და, თუმცა ცოტა დააგვიანდა, მაგრამ მაინც დროზედ მოასწრო და შველა მისცა“.

მეორე მუშა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე გარდაცვლილი უპოვიათ ნანგრევებში.

მშენებლობებზე არასათანადოდ დაცული უსაფრთხოების ნორმების გამო ამ ამბებიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც არაერთი დასაქმებული დაღუპულა, თუმცა 1886 წელს, გაზეთ „ივერიაში“ მოყვანილი ეს შემთხვევა იმით არის გამორჩეული, რომ მომხდარის გამო ახალი შენობის პატრონი პასუხისგებაში მიუციათ, ისევე როგორც მშენებლობის მოიჯარე და ინჟინერი.

საქმე სასამართლოსთვის გადაუციათ განსახილველად. „მცოდნე კაცების თანადასწრებით“ მოსამართლეს თავად დაუთვალიერებია შემთხვევის ადგილი. საბოლოო ჯამში კი სახლის პატრონი პასუხისმგებლობისგან გაუთავისუფლებია, ინჟინრისთვის ორთვიანი, მოიჯარისთვის კი ორკვირიანი პატიმრობა მიუსჯია.

მიუხედავად ამისა, რთულად სავარაუდოა, რომ ზემოხსენებულ უბედურ შემთხვევას თუ მოსამართლის გადაწყვეტილებას ქალაქში მიმდინარე მშენებლობების ხარისხსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე დიდი ზეგავლენა მოეხდინა.

სულ ბოლოს კი ერთ საინტერესო მოვლენასაც შევეხოთ. იმ სახელდახელოდ ნაგებ, ძველ სახლებთან ერთად, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო თანდათან იქცეოდა, დროის სვლასთან ერთად, განსაკუთრებით კი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ლამის მთელ ძველ ქალაქს დაემუქრა გაქრობის საფრთხე. XX საუკუნის 20- 30-იან წლებში, მაშინდელი ხელისუფლების მიერ წამოწყებულ აქტიურ და მასშტაბურ მშენებლობებს არაერთი შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც კი შეეწირა.

ამ საფრთხის საპასუხოდ, თბილისის ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელობის ორგანიზებით, მაკეტების ოსტატებს, ადამიანებს, რომლებიც კარგად იცნობდნენ ძველი თბილისის არქიტექტურას, ხის, მუყაოს თუ სხვა უბრალო მასალისგან თბილისურ შენობათა პატარა მაკეტები შეუქმნიათ. დღეს ეს უნიკალური კოლექცია თბილისის ისტორიის მუზეუმის ხის ფონდშია დაცული და მათი საშუალებით დაინტერესებულ ადამიანს საკუთარი თვალით შეუძლია იხილოს ძველი ქალაქის ეს მომცრო მოწმეები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ამ შენობათა დიდი ნაწილი ხომ უბრალოდ განადგურდა, რადგან ეს ის დროა, როდესაც „ყოველდღე გვემშვიდობებიან ჩვენი ტფილისის ნაშთები და იქცევიან ან პოეტურ მოგონებად ან ინთქმებიან დავიწყებაში“…

P.S. ამ ამბებიდან წლების შემდეგაც კი, ოცდამეერთე საუკუნის თბილისში, ამორტიზებული შენობები, საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თუ უბრალოდ ძველი ნაგებობები, მშენებლობების ხარისხი, სახლებისა თუ მრავალსართულიანი კორპუსების სეისმომედეგობის საკითხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, კვლავაც ამ სფეროს უმთავრეს გამოწვევებად გვევლინება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *