„ტრაგედია უგმიროთ“

„ტრაგედია უგმიროთ“

„ნუ ქმნით ტრაგედიას“ – მიმართავს მედიის ნაწილს (ალბათ) პრემიერ მინისტრი, ევროკავშირის დახმარების მორიგ ტრანშზე (75 მლნ ევრო).

ვიდრე BMG თავის ვიდეო ეთერებსაც აღადგენს ანალიტიკით, მინდა ავხსნა რასთან გვაქვს საქმე:

ეს და სხვა დახმარებების უმრავლესობა, რაც საერთაშორისო საფინანსო თუ სხვა ორგანიზაციებიდან მოდის, არის სესხი, ანუ ქვეყნის ვალი. ვალს, როგორც ყველა დადასტურებულ ვალდებულებას, სჭირდება გადახდა. ამ ვალს არ იხდის საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი, ისინი არიან ე.წ. „გამტარები“, ვინაიდან აღებული ვალების გადასახდელი თანხა ბიუჯეტში (ძირითადად) შეაქვს 350-400 შედარებით მსხვილ გადამხდელს და საქართველოს მოსახლეობას. აი ვინ იხდის აღებულ ვალებს სხვადასხვა მთავრობისა და პარლამენტის გავლით.

არის თუ არა ვალის აღება ტრაგედია? — არა, ცხადია არ არის, როდესაც ქვეყანა სწორად და სწრაფად ვითარდება. მითუმეტეს, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სესხები განსაკუთრებულად კარგი პირობებით გაიცემა.

არის თუ არა ევროპის კავშირის მორიგი ტრანში ვალი? — დიახ, ეს დამატებით ვალდებულებაა.

არის თუ არა მის მიღებაზე უარი კავშირში პოლიტიკასთან? — დიახ, არის. აღნიშნულ 75 მილიონ ევროს მივიღებდით იმ შემთხვევაში, თუ შევასრულებდით ვალდებულების, ე.წ. „მატრიცას“ ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც „სასამართლო რეფორმასა და მოსამართლეების არჩევის წესს“ ეხება.

არის თუ არა სესხზე უარი და მატრიცას ამ პუნქტის შეუსრულებლობა კავშირში პოლიტიკასთან და „შარლ მიშელის დოკუმენტთან“? — დიახ, არის. სასამართლო რეფორმა და მოსამართლეების არჩევის წესი არის ამ დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი, და ზოგადად, მთავარი საჯილდაო ქვა საქართველოს ხელისუფლებასა და დონორებს შორის. ხელისუფლება არ თმობს სასამართლოს. ამიტომაც, არ მივიღებთ ამ ტრანშს.

არის თუ არა ეს სასამართლო რეფორმის ამ პუნქტის შეუსრულებლობის გამო დაკისრებული სანქციებია? — არა. ეს სანქცია არ არის. სანქციები წესდება სრულიად სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებებში. წაიკითხეთ პრეცედენტები, ბევრია.

არის თუ არა 75 მილიონი ევროს ტრანშზე უარი, სასამართლო რეფორმის ჩატარებაზე უარის თქმის გამო, ჩვენთვის ფინანსური (ფისკალური) პრობლემა? — არა, არ არის. 75 მილიონი ევრო არის დაახლოებით 280 მილიონი ლარი. ეს თანხა არც წელს და არც გაისად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

მაშ, სად არის პრობლემა და რატომ არის ეს ვითარება „ტრაგედია უგმიროდ“?

ევროპის კავშირის მიერ გამოყოფილი 75 მილიონი ევროს მიუღებლობა ნიშნავს:

  • შეუსრულებელ ვალდებულებას ჩვენი პარტნიორების წინაშე;
  • შეუსრულებელი ვალდებულება ნიშნავს უარს სასამართლო რეფორმაზე;
  • ეს ნიშნავს შემდგომ შესაძლო გართულებებს სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებისას;
  • შესაძლო გართულებებს სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ტრანშის (სესხები, გრანტები და ა.შ.) მიღებისას, ნებისმიერი ორგანიზაციისგან, ვისთვისაც სასამართლოს რეფორმა და ევროპის კავშირთან შეუსრულებელი ვალდებულება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

რეზიუმე: ეს არ არის ტრაგედია ფინანსური თვალსაზრისით, ეს არის სასამართლოს გამო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში მორიგი ჩავარდნა, რომელიც გადაჰყვა „ხელშეუხებელ თემას“ საქართველოში.

საქართველოში ასეთი თემა რამდენიმეა (ამაზე სხვა დროს), მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ყველაფერი „ეწირება“ სასამართლო რეფორმას და მოსამართლეთა არჩევის წესს. ანუ, ხელისუფლების ხელშეუხებელი კომფორტის ზონას.

საბოლოოდ, ჩვენ გაცილებით მეტს ვაგებთ, ვიდრე 300 მილიონი ლარია – ნებისმიერი შეუსრულებელი ვალდებულება არის დიდი რეპუტაციული ზიანი, მითუმეტეს, როცა ვერ და არ ასაბუთებ მის შესრულებას.

ვინ წააგებს? ასეთ ვითარებაში ისტორიულად, გნებავთ ტრადიციულად, აგებს საქართველო და მისი საზოგადოება. გადასახადის გადამხდელები.

რატომ აგებს? მიზეზების ჩამონათვალი იხილეთ ზევით.

ჯანმრთელობას გისურვებთ! #აიცერი!

PS: აქ რაც წერია, ესეც პოლიტიკაა და ხელშეუხებელი კომფორტის ზონის „გაპრავება“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *