არაერთხელ და ორჯერ თქმულა, ჩვენებური ვაჭრობა – ვაჭრობა არ არის, ჩვენი ვაჭრები მხოლოდ იმას ფიქრობენ, საქონელი რაც შეიძლება იაფად იყიდონ და ძვირად გაასაღონო. თუმცა, ერთია რა ფასად, მაგრამ არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ის, თუ რა მანქანებითა და ხრიკებითა ახერხებდნენ „ჩვენებური“ ვაჭრები – გლეხების „გაფცქვნას“ და სოფლის მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქციის ჩალის ფასად ხელში ჩაგდებას.
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედისთვის, ტფილისში სავაჭროდ წამოსული გლეხების უმეტესობა, ძირითადად, ყაჩაღების, ან ჩარჩ-ვაჭრების მსხვერპლი ხდებოდა. „ქალაქის პირში“ დადარაჯებული გადამყიდველები სხვადასხვა, მათ შორის, უკანონო მეთოდებით, გლეხებს წარმოუდგენლად იაფად სცინცლავდნენ სავაჭროს. (თუ გლეხს გაუმართლებდა და ქალაქში დანაკარგის გარეშე შემოაღწევდა, ახლა უკვე აქ შეავიწროებდნენ ტფილისელი ჩარჩ-ვაჭრები).
ცნობილია ისიც, რომ სარფიანი გარიგების, უფრო სწორად კი გლეხების გაბითურების შემდეგ, სოფლის ნობათით ხელ და ურემდამშვენებული ჩარჩ-ვაჭრები თავად ასაღებდნენ თავს გლეხებად, კაპიკებად შეძენილ პროდუქტს „მამა-სისხლად“ ყიდდნენ და ამგვარად, უკვე ქალაქის მოსახლეობას ჯიბის დაცარიელებით იღებდნენ დიდ სარგებელს.
მართალია, შესაბამისი სამსახურები გადამყიდველებისთვის მკაცრი აკრძალვების დაწესებას არ ერიდებოდნენ, თუმცა აღსრულების ნაწილში არაერთი გამოწვევა არსებობდა, შესაბამისად, ჩარჩ-ვაჭრები მაინც ახერხებდნენ პოლიციის მოხელეთა გვერდის ავლას და იოლას გასვლას.
„გულის სიგრილე, შეუბრალებლობა, ტყვილი ფიცი და ხშირად სინიდისზე ხელის აღება“, – როგორც ძველი ქართული პრესა წერდა, ეს თვისებები ყველაზე უკეთ ეხმარებოდა ტფილისელ ვაჭრებს სისრულეში მოეყვანათ თავიანთი წადილი, შედეგად კი, „უცბათ“ მდიდრდებოდნენ და იმდენს შოულობდნენ, რომ „თავიანთს შინაურულს ხარჯსაც ჰფარვენო, სხვადასხვა ალაგებშიაც სწირვენო, მამულებსაც იძენენო და საშვილის-შვილოთაც ნაღდს საკმაოდა სტოვებენო“.
თუმცა, მოგების ეშხში შესული ვაჭრები ქალაქში ჩამოსული გლეხების გაყვლეფით აღარ კმაყოფილდებოდნენ და პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, უფრო შორსაც – უშუალოდ სოფლებში მიდიოდნენ და უკვე ადგილზე ცდილობდნენ გლეხებისთვის წლიური სარჩოს მოტყუებითა და გაბითურებით დაცინცვლას. ამ გზას არა მხოლოდ გამოცდილი, არამედ დამწყები ვაჭრებით მიმართავდნენ.
საგულისხმოა, რომ სქემებზე, რომელთა მეშვეობითაც ვაჭრებს სიმდიდრე და სიხარული „ემატებოდათ“, გლეხებს კი სიღარიბე და ოხვრა-მწუხარება, ზოგჯერ თავად ვაჭრები საუბრობდნენ ხმამაღლა, ყოველ შემთხვევაში მათი ის ნაწილი, ვისთვისაც ამგვარი „აღებ-მიცემობა“ მიუღებელი უნდა ყოფილიყო.
1875 წლის გაზეთ „დროების“ ერთ-ერთ ნომერში სწორედ ვაჭრის მიერ აღწერილი, ვაჭრების მხრიდან გლეხების მოტყუების და იოლად გამდიდრების რამდენიმე სქემაა აღწერილი.
სქემა #1
„პირველად არაფრის მქონე“ ვაჭარი რის ვაი-ვაგლახით იშოვის, ან „ნისიად“ აიღებს იაფ, ჭრელა-ჭრულა, სოფელში მარტივად გასასაღებელ ნივთებს.
„დაატარებენ სოფლებში კარის-კარ, მივლენ გლეხთან, გაიცნობენ, გაუხარხარ-გამოუხარხარებენ, პირში ქებას შეასხამენ, თავს მოიკატუნებენ, გაუგორდ-გამოუგორდებიან, დაასვინდისებენ და მიაკრამენ ერთ-ორ ფასად რამდენსამე ყალბს ფართალს (საფეიქრო ნაწარმი, ქსოვილები / წვრილმანი სავაჭრო) კალოობამდისინ“. ამ დრომდე, როგორც წესი, ვაჭარი ამავე გლეხის ოჯახში რჩება სტუმრად…
(კალოობა, ისევე როგორც რთველი, გლეხთა ცხოვრებაში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან სწორედ ამ დროს უნდა მოუყარონ თავი მთელი წლის სარჩოს, „ამ დროს უნდა ისარგებლონ მთელი წლის დაღვრილის ოფლით“.)
სქემის მიხედვით, ქალაქიდან ჩამოსული ვაჭარები მხოლოდ „კალოობამდისინ ნისიათ გაცემული“ საქონლის იმედად არა არიან. „რაკი სოფელს გაიცნობენ“, პოტენციურ, შედარებით მსხვილ მსხვერპლს დაუწყებენ ძებნას და როგორც კი „რომელიმე გლეხის ოჯახს პატარა სუქნად დაინახამენ, იქ ნათლიად მოეკიდებიან, აქ მეგობრად ან ქომაგად გაუხდებიან და ამ ნაირის ოსტატობით ზოგისაგან ქათმებ ნაფეშქაშებნი, ზოგისაგან კარაქ, მაწონ, კვერცხ ნაფეშქაშებნი, დაბარგულის ცხენებით დაბრუნდებიან თავიანთს სახლებში. ამეებს გაანაღდებენ და კიდევ ამნაირის ოსტატობით მიხვეტ-მოხვეტენ სადმე რასმეს, მოიფოჟოლაებენ ცოტაოდენ ფულებს და ცოტა ხნის შემდეგ გააღებენ ჯერ პაწაწა დუქანს და დაიწყებენ ვაჭრობას ბინადრად“.
ამ გზით ჯერ კიდევ გუშინ უქონელი ვაჭარი, დღეს უკვე პატარა შეძლების მქონეა, თუმცა, იოლად გამდიდრების გზას შემდგარს, აბა რა გააჩერებს?!
თუკი ვაჭრობის მარიფათი აღმოაჩნდება და სიფლიდით, გლეხების მოტყუებით და მათი შეწევნით შეძენილ ქონებას არათუ დაკარგავს, არამედ გაზრდის, გაამრავლებს და აღებ-მიცემობას არ შეწყვეტს, ის დროც დადგება, როდესაც გლეხს დიდი ხარჯი მოუწევს და დახმარებისთვის ამ თავის ქალაქელ, შეძლებულ ნათლიას/მეგობარს/ქომაგს მიადგება დუქანში შემწეობის სათხოვნელად და მომდევნო „კალოობამდისინ“ ფულის სასესხებლად.
სწორედ ამ დროს დგება ამგვარ ვაჭართა „დიდების მომენტი“. ბევრი „ღიჯინისა“ და ოსტატური ხრიკების შემდეგ, ვაჭარი თანხას სესხად მისცემს, ოღონდ იმ პირობით, რომ ფულის სანაცვლოდ კალოობაზე „წმინდა პურს“ გამოართმევს სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, ამ დათქმის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ „წმინდა პურის“ ის ოდენობა, რასაც ვაჭრი ითხოვს, ბევრად მეტი ღირს, ვიდრე თანხა, რასაც გლეხს სესხად აძლევს, თუმცა, თავს ზემოთ ძალა არ არის და გლეხიც თანხმდება…
ასეთ შემთხვევაში, მოსავლის აღებას ახლა არა მხოლოდ გლეხი, არამედ ვაჭარიც სულმოუთქმელად ელის, რომელიც იმით არ კმაყოფილდება, რომ ერთს-ორად და სამად უგებს „ნათესავს“, იმასაც კადრულობს, რომ კუთვნილი წილის მისაღებად „ყალბი“, „მუცელში გაგანიერებული“ საწყაოთი მიდის, რომელშიც იმაზე მეტი ხორბალი ჩადის, ვიდრე განსაზღვრულია. ასე და ამგვარად, ვაჭარს დათქმულ რაოდენობაზე ბევრად, ბევრად მეტი ხორბალი მიაქვს და ცარიელ-ტარიელს ტოვებს გლეხს, რომელიც საკრალური რიტუალით, თუ მეგობრობით დაკავშირებულ ვაჭარს „სულით და გულით“ ენდობა და ვერაფრით იფიქრებს, რომ მწარედ ატყუებენ. რამე რომც იეჭვოს, „ჯერ ნათლიობით ეხათრება და მერე იმისიც ეშინიან, რომ გავამხილო, ვაი თუ ეწყინოსო და საკვლავოთ აღარ გამიმართოს ხელიო“.
ამ და სხვა მიზეზების გამო, გლეხი ვაჭრის „სვინდისს, იმის ნათელ-მირონობას და ან იმის დიდს მეგობრობას“ ენდობა, თუმცა სულ ტყუილად…
ამგვარად, ახლობელი ვაჭრისაგან გაბითურებული გლეხი ისეთ მდგომარეობაში ვარდება, რომ სხვა მევალეების გასტუმრება უჭირს და დღეს თუ ხვალ ისევ ამ ვაჭრის დუქანს მიადგება და ზემოაღწერილი პროცესი თავიდან დაიწყება, იქამდე, სანამ გლეხი უკიდურეს სიღარიბეში არ ჩავარდება ან/და ყველაფერს არ დაკარგავს.
არდა, თითქოს კარგი მოსავალი ჰქონდა, ვალებიც უნდა გაესტუმრებინა და წელშიც გამართულიყო, მაგრამ…
„რავიცი, რავქნა, ნათლიმამამ ხომ სათვალავში არ შემაცდინა?“, – ფიქრობს გლეხი, თუმცა ამგვარ აზრებს მალევე უკუაგდებს – „მე რათ მიზამდა, შვილის მომნათლავია, ჩემი ოჯახი ისე უყვარს, ჩემს ცოლს თავშლებიც უფეშქაშა… არა, არა, არ მიზამდა!
იმას კი ვერ მიმხვდარა ეს უბედური, ვაჭარი შვილს იმიტომ უნათლავს, რომ ბინა იქ ჰქონდეს ხოლმე იქ ყოფნის დროს. სამშაურიანი ბამბის თავშალი იმიტომ მიართვა და თითონ ამასაც ტკბილის სიტყვებით იმიტომ ემუსაიფა, რომ ჭირნახულის არწყვაში ნდობოდნენ და ჩინჩი არ დაეწყოთ“, – აღნიშნავს „დროებაში“ გამოქვეყნებული ტექსტის ავტორი ვაჭარი.
სქემა #2
მსგავსი მეთოდებით მოქმედებენ ვაჭრები ვენახის პატრონებთან მიმართებაშიც. „რომელი გლეხის ვენახიც მოეწონება, იმას შეუჩნდება, თავს გააცნობს, კარგად გაუმეგობრდება, სადილათ დაჰპატიჟებს, ქებას შეასხამს, მოუცურდება, ქომაგად გაუხდება სადმე რამე საქმეში“.
ამის შემდეგ, როცა გლეხს დასჭირდება, ეს „კეთილისმსურველი“ თანხასაც ასესხებს, სანაცვლოდ კი ვენახს ჩაიდებს გირაოში.
თუ გლეხმა შეძლო და ვალის გასასტუმრებელ ფულს თავი მოუყარა, რომ ვენახი გამოიხსნას, ვაჭარი ყველაფერს იზამს, გლეხმა არათუ დაგირავებული ვენახი ვერ გამოიხსნას, პირიქით, მეტი თანხა დაივალოს, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებლით, ანუ პროცენტით იმდენი გამოვა, გლეხი ვეღარაფრით გადაიხდის.
ასე და ამგვარად, ვაჭარი გლეხის ვალებისგან დახსნას შესთავაზებს, ფულსაც დაჰპირდება, სანაცვლოდ კი მისგან მთლიან ვენახს შეიძენს, თან დაამშვიდებს:
„ვენახი ხომ ისევ შენ ხელში იქნება, მაშ აბა მე დუქანს ხომ თავს არ დავანებებ და მაგაში არ ჩავდგები? ეხლაც მაინც მოსავლის ნახევარს მე მაძლევ სარგებელში; მაშინაც ხომ მებაღეთ ისევ შენ იქნები და ნახევარი კიდევ შენი იქნება და ნახევარი ჩემი. მებრალები, ვალი კისერზე გატყდება, თორემ განა მე მოგებაში ვარ?“
ასე, მარტივად ჩაიგდებს ვაჭარი ქონებას ხელში, 1-2 წლის შემდეგ კი ამ თავის მეგობარ/ნათესავ გლეხს „ამოაპანღურებს“ და ვენახის მოსავლელად იაფ მუშა-ხელს დაიქირავებს:
„დაიარება საწყალი, მამულისაგან ხელ აღებული გლეხი; იდებს კიდევ წვრიმალ ვალებს, მაგრამ რადგან მამული აღარა აქვს, თავის ვადაზედ ვეღარც ამას გადაიხდის, გაუყიდიან მოვალეები უკანასკნელს ხარ-კამბეჩს და დარჩება ესრეთ გულ-ხელ-დაკრეფილი, ცოლ-შვილთან პირშავად და მტერ-მოყვარესთან უღონოდ“.
სქემა #3
მსგავსი ხრიკების შესახებ, სხვადასხვა პერიოდში, გაზეთ „დროებაში“ კიდევ არაერთი ცნობაა გამოქვეყნებული.
სიმარტივისა და პრაქტიკულობის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ამგვარი ხრიკები ვაჭრებში განსაკუთრებით პოპულარული უნდა ყოფილიყო.
გაზეთის ცნობით, დაიწყებოდა თუ არა მკა, ან რთველი, „დამპალის და დავარდნილის საქონლით“ ხელდამშვენებული ქალაქის ვაჭრები სოფლებისკენ მიეშურებოდნენ. ადგილზე ჩასულები მიადგებოდნენ რომელიმე გლეხის სახლ-კარს და გადმოალაგებდნენ ზიზილ-პიპილოებს, რითაც გლეხის ოჯახის წევრებს თავბრუს ახვევდნენ.
გლეხიც იძულებული ხდებოდა, რომ ეს „დავარდნილი“ საქონელი თვითღირებულებაზე გაცილებით ძვირად ეყიდა, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ „ფული ისე არ ეხერხება ხელად, როგორც ჭირნახული“, ვაჭარი ფულის ნაცვლად „გლეხის ოფლითა და სიმწრით მოწეულ პურს“ იღებდა, თანაც გაცილებით მეტს, ვიდრე მისი უვარგისი, ისედაც არნახულად გაძვირებული საქონელი ღირდა.
როგორც კი ვაჭარი ამა თუ იმ სოფელში ასეთ სქემას ააწყობდა და სოფელს „გემოს გაუცნობდა“, აღარც შორდება, ეზიდება და ეზიდება „სხვა-და-სხვა სავაჭროებს“:
„გუშინწინ მეწვრილმანე მოვიდა და იმან იძღო გული, გუშინ ფართლები მოიტანეს და იმათ მიირწყეს თავისი გაუმაძღარი საწყაოთი მშვენიერი პური, დღეს მეჭურჭლემ და ხარაზებმა იჯერეს გული, ხვალ კიდევ სხვები მოიტანენ რამეებსა და ისინიც საკმაოთ წაიღებენ. ერთი სიტყვით, დღე არ გავა, რომ სოფელს მგლეჯელი მოაკლდეს და ხუთი-ექვსი კოდი პური არ გაიტანონ. ქათამს, ბატს, ინდოურს და სხვა შინაურ პირუტყვს ხომ რიცხვიც არა აქვს, იმდენი მიჰყავსთ ორ-ორ, სამ-სამ შაურის ანგარიშით….“.
მთელი ეს საქონელი და სავაჭრო, როგორც წესი, შემდეგ უკვე ქალაქში ხვდებოდა და აქ უკვე ტფილისელთა მოტყუებისა და გაბითურების ციკლი იწყებოდა, რაც, საბოლოო ჯამში, არნახულად ზრდიდა კაპიკებად ხელში ჩაგდებული პროდუქციით მოტანილ მოგებას.
ვაჭართა ეს სქემები, ისევე, როგორც მათი სიხარბე, იყო კიდეც იმის მიზეზი, გლეხები რომ ამბობდნენ „ჩვენი მოსავალი ეშმაკისააო“. რთულია არ დაეთანხმო, რადგან, ფაქტია, ქალაქელ ვაჭრებს ეშმაკობაში და გლეხებისა თუ ქალაქელების გაყვლეფაში თვით შაითანიც კი ვერ დაუდებდა ტოლს.